შალვა პაპუაშვილი - კომიტეტზე დღევანდელ განხილვას სიტყვა „იმიტომ“ გასდევს - ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე  - ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული

კომიტეტზე დღევანდელ განხილვას სიტყვა „იმიტომ“ გასდევს - ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე - ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ვიხილეთ, იყო ვიზუალიზაცია იმისა, რაც ბოლო 2 თვეზე მეტი ხდება, მათ შორის დახურულ კარს მიღმა.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვნახეთ განხილვა. ალბათ სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა და ამბობდა კიდეც, რომ არ აპირებდა შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლას და კითხვებზე, რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი და პრინციპი, არ ჰქონდა პასუხი. რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვიხილეთ, იყო ვიზუალიზაცია იმისა, რაც ბოლო 2 თვეზე მეტია ხდებოდა, მათ შორის დახურულ კარს მიღმა. როდესაც ჩვენ, მათ შორის, უცხოელ აქტორებსაც ვხვდებოდით, ზუსტად ასეთი საუბრები გვქონდა. როდესაც შევდიოდით და შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს, ბოლოს აღარაა არგუმენტები და არის ბრტყელი ფრაზებით საუბარი, თითქოს რაღაც ეწინააღმდეგება რაღაცა ღირებულებებს, პრინციპებს ისე, რომ , როდესაც დაკონკრეტებას ვითხოვთ, კონკრეტიკაში შესვლა ყველას უჭირს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები არიან შიდა და გარე აქტორები, არის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებით იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა ამ საკითხთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ვხედავთ და ეს დღეს ყველამ დაინახა, რომ დღეს ფაქტობრივად, პირველი შესაძლებლობა იყო, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელს შეეძლო ეს არგუმენტები წარმოედგინა და ნახეთ, რომ ის გაექცა შინაარსზე მსჯელობას. ხაზსაც უსვამდა, რომ თურმე შინაარსზე სამსჯელოდ მანდატი არ ჰქონია. ერთადერთი მანდატი ის აღმოჩნდა, რომ ამ კანონის სტიგმატიზება მოახდინოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანო 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტებს მიიღებს მესამე მოსმენით და ამით ევრორეკომენდაციების ნაწილში საკუთარ წვლილს შეასრულებს.

„იცით, რომ ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული.. მიმდინარე კვირას ჩვენ გვექნება საგადასახადო კოდექსში ცვლილებაზე მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მსჯელობა და ასევე, 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა მესამე მოსმენით, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურს და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურს და ეს ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით იქნება მიღებული მიმდინარე კვირას და ამით პარლამენტი თავის წვლილს 9 პუნქტის შესრულების მხრივ შეასრულებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხტა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს. როგორც სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში, მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არის კანონპროექტის სათაური ცუდი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შესთავაზა დაეკონკრეტებინა თითოეული მუხლთან დაკავშირებული შენიშვნები, რაზეც მსხილაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს ამ კითხვას უპასუხოს. ანრი ოხანაშვილმა მსხილაძესთან კითხვის დაზუსტება კვლავ სცადა, რატომ არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რასაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა, რომ „იმიტომ!“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო