„საქართველოს ბანკი“ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, რათა განათლება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე მრავალი წელია ფინანსური ინსტიტუტი ქუთაისის N12 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს, რომელიც საუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა:
სკოლის ამბავი 1892 წლიდან იწყება: გაბრიელ ეპისკოპოსის დახმარებით დღევანდელი სკოლის ადგილას „იმერეთის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელი“ დაარსდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ დროინდელ სასულიერო სასწავლებელს მეცნიერი და ფილოლოგი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართულ ენაზე სწავლების დაწყება, რაც მაშინ ენისა და კულტურის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ქუთაისის ეს გამორჩეული საგანმანათლებლო კერა დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მემკვიდრეობას, ამავდროულად კი უახლეს ტენდენციებსაც უწყობს ფეხს.
2011 წლიდან სკოლას ნათია სულავა ხელმძღვანელობს, რომელსაც განათლებისა და კულტურის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი დირექტორობის პერიოდში წარმატებით დაინერგა ინკლუზიური განათლება და ციფრული ტექნოლოგიები. სკოლას ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, სხვადასხვა კონკურსის თუ ოლიმპიადის გამარჯვებულები.
როგორც ნათია გვეუბნება, უძველესი სკოლა არაჩვეულებრივად ახერხებს აითვისოს და გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, მისცეს ახალ თაობებს ცოდნა, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო მოთხოვნებს.
,,სწორედ იმიტომ, რომ სკოლას აქვს დიდი ისტორიული წარსული, ვცდილობთ პატივი ვცეთ და შევინარჩუნოთ ძველი, თუმცა, ამავდროულად, ავითვისოთ ახალი და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე გამოწვევებს. შესაბამისად, ჩვენი სკოლა სრულად აღჭურვილია ინტერნეტით, გვაქვს მატერიალური და ადამიანური რესურსი, რათა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო საინტერესო გავხადოთ გაკვეთილები, მოსწავლეები კი სრულად აღიჭურვონ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევებით”, - განაცხადა ნათია სულავამ.
"საქართველოს ბანკისა" და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პარტნიორობა
„საქართველოს ბანკისა“ და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის თანამშრომლობაც სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების წახალისებას ისახავს მიზნად.
გასულ წლებში „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით სკოლის ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ჩატარდა არაერთი შეხვედრა მოსწავლეებთან საბანკო სისტემის მუშაობის შესახებ, სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ „საქართველოს ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში, ჩართული არიან „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლაში. როგორც ნათია გვეუბნება, მომავალში სკოლა გეგმავს რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოს STEM განათლებას, ფიზიკისა და ტექნოლოგიების სწავლებას, ამისათვის კი STEM სკოლა მოსწავლეებს კარგ საფუძველს უქმნის.
,,ჩვენი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სკოლაში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა. ამიტომ კერძო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანესია. ვგეგმავთ სკოლაში კონფერენციების მოწყობას და დაინტერესებული მოსწავლეების სტაჟირებისა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას. ვფიქრობთ, ასე ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე მიიღებენ ცოდნას, რომელიც თანამედროვე შრომით ბაზარზე სჭირდებათ“, - აღნიშნავს ნათია სულავა.
„საქართველოს ბანკი“ სკოლებისა და უნივერსიტეტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის. შედეგად კი, საქართველოს ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნას განათლების შესაძლებლობა. მათ შორისაა „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, ამასთან, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკები უკვე 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს.
„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge