საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა, პროექტის - „ისწავლე და დასაქმდი“, ელექტრიკოსის პროგრამის პროფესიულ კურსზე, პირველი ნაკადის მომზადების სასწავლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, პროექტი „ისწავლე და დასაქმდი” თბილისის მერიის მიერაა დაფინანსებული და მისი მიზანია მსმემელს, ელექტროობის მიმართულებით, შეასწავლოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მისცეს სპეციალური ცოდნა შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის თქმით, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახანძრო უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; სამუშაოს ორგანიზება; დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობებსა და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე; ქუჩის განათების ქსელის მომსახურება; სამუშაოები მეგაომმეტრით; ხარაჩოებზე, ფიცარნაგებზე, კონსტრუქციებზე და მოწყობილობებზე ასვლასთან დაკავშირებული სამუშაოები; ელექტრომომარაგება და ელექტრული ქსელები; სადიაგნოსტიკო და სამონტაჟო ხელსაწყოების გამოყენება; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების კითხვა; პრინციპიალური ნახაზების შედგენა; საჭირო მასალების შერჩევა; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების მიხედვით განათებისა და გამნათებელი მოწყობილობების (მრიცხველი, გამანაწილებელი ფარი, ელ. ავტომატი, ჩამრთველი, როზეტი, გამანაწილებელი კოლოფი, სანათი საშუალებები, წრედების დაცვის ელემენტები და რევერსული ჩამრთველები), განათებისა და გამნათებელი ქსელის არმატურის მონტაჟი და წრედის აწყობა და წრედის დატვირთვის გამოანგარიშება.
„პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 60-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული. იმდენად, რამდენადაც პროგრამას აფინანსებს თბილისის მერია, მასში ჩართვის მიზნით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო თბილისში რეგისტრაცია. მსურველებმა გაიარეს გასაუბრების ეტაპი. ჯგუფში 25 მსმენელია. სწავლების პროცესი სამი თვით გაგრძელდება. მსმენელები კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო კომპანიაში, როგორიცაა: სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, დარგის მიმართულების ორგანიზაციები, სამრეწველო ობიექტები, ინდივიდუალურ მშენებლობებზე და მუნიციპალური სისტემების მომსახურებაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობების შიდა ელგაყვანილობების ქსელების მონტაჟთან”, - აცხადებს ლენა შატაკიშვილი.
ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი” 2018 წელს ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმება.