„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია „საქართველოს კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გადის

შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად აკადემიის პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

კერძოდ, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

სააქციო საზოგადოების მხრიდან მემორანდუმისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიის“ პარტნიორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა ხელშეკრულებიდან გასვლის შუამდგომლობით, სადაც ნათქვამია: „იმის გამო, რომ შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი) მიერ არ შესრულდა 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია გადის 2019 წლის 30 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.

აკადემიის წილის 70%-ის მფლობელს დღეს, 29 მაისს, სურდა პარტნიორთა კრების გამართვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად სკოლის დამფუძნებელი პარტნიორის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის დანიშვნა განიხილებოდა.

სასამართლოს განჩინების გამო პარტნიორთა კრებაზე „საქართველოს კაპიტალი“ მის მიერ ინიციირებულ ამ ან სხვა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.

„სკოლის განვითარებას, ბავშვების ინტერესების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრადიციულად მაღალ ხარისხში გავაგრძელებთ. რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, სკოლა მინიმუმ დაკარგავდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, რომლის საფუძველზეც სკოლა მართვის კომპონენტში სამაგალითოდ არის აღიარებული. მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, გავაგრძელებ წარმატებულ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რაც სკოლას აქვს დასახული. სკოლის დაფუძნების დღიდან არ დამითმია და არც მომავალში დავთმობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – მივცეთ სრულყოფილი განათლება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას!“ – აცხადებს შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია.

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024