ოთარ შამუგია - 2023 წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 2023 წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები.

„გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს კვლავ გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

გასულ წელს, ჯამურად, ექსპორტირებულია 455 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 260.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პირველად პანდემიის შემდეგ, 2023 წელს ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა დაფიქსირდა; დაახლოებით 40 ცენტით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სექტორისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა 2023 წლის ყურძნის რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსავალი, 2022 წელთან შედარებით, მცირე იყო, რაც გამოიწვია რთულმა კლიმატურმა პირობებმა. უხვი ნალექის და შემდგომ ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

მისივე თქმით, 2023 წლის რთველი ორგანიზებულად ჩატარდა და მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 220 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის რეალიზაციიდან ფერმერებმა 300 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის რთველი გამოირჩეოდა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით. კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%, რაჭის შემთხვევაში - 4%, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა 2023 წლის სექტემბერში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. მევენახე ფერმერებმა დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, პოლონეთში იყო წარდგენილი.

„ამ მიმართულებით ყოველწლიურად მზარდია, როგორც ბიუჯეტი, ასევე აქტივობები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქართული აგრო სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის 19 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16 მლნ ლარამდე მოხმარდება ღვინის პოპულარიზაციას, ბაზრების დივერსიფიკაციის მაქსიმალურ ხელშეწყობას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, ექსპორტის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები; შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა.

ოთარ შამუგიამ ვენახების კადასტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრი აქვს მეღვინეობის განვითარებული ინდუსტრიის მქონე ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას. პროგრამა უზრუნველყოფს ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას და ამარტივებს როგორც მოსავლის პროგნოზირებას, ასევე რთვლის პროცესს. საქართველოში ვენახების კადასტრის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. მევენახეობის ყველა რეგიონში აღწერილია 48 700 ჰექტარზე მეტი ფართობი.

მისივე თქმით, ოთხ მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება.

„უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩატარებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის და ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების გატარების შედეგად, ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემა და სატუმბი სადგური. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საირიგაციო, ასევე სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასაუმჯობესებლად. შედეგად, ჰიდრომელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 59 000 ჰექტრიდან 210 000 ჰექტრამდე გაიზარდა. დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება 4 მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ერთად, რომლის შედეგად, 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება, რომლის შედეგად, დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება მოსავლიანობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სექტორი გახდა რიგით მეოთხე რეგულირებადი სექტორი, რომელიც მოექცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების ფარგლებში. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც დარგის მდგრადი განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში, მდინარე ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის საკითხზე.

„წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაუმჯობესდეს წყალ უზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 000-ზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად. კვლევა უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგებიდან გამომდინარე დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო