ოთარ შამუგია - ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა

ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის: 1. საბურავების, 2. ზეთების, 3. ბატარეებისა და აკუმულატორების, 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებით. ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და დამუშავებას. ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი.

„დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი; მგვ-ის ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა და გაფართოვდეს სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დარიშხანის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიების სისტემური მართვის ღონისძიებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სრულად მოწესრიგების მიზნით, მომზადდა საცავის მშენებლობის პროექტი. 2024 წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება.

ამასთან, შამუგიამ აღნიშნა რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობენ დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის.

სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.

„ვახორციელებთ მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას, რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიმ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ისაუბრა.

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული სამუშაოს ანგარიში და მიღწეული შედეგები ოთარ შამუგიამ წარუდგინა.

მინისტრმა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის ხედვებზე ისაუბრა.

ოთარ შამუგია სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამინისტრო, ერთი მხრივ, გააგრძელებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ფერმერებისა და მეწარმეების საჭიროებების გათვალისწინებით, მოამზადებს და აამოქმედებს ახალ პროგრამებს.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, სამინისტროს ცნობით, გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამინისტრო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას. დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება; აქცენტი გაკეთდება ტყის აღდგენის სამუშაოებზე, განსაკუთრებით ჭალის ტყეებისა და უნიკალური ეკოსისტემების მოვლა-აღდგენაზე; დამტკიცდება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები, რომელთა მიზანია საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა და შესრულება; გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება; გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა; გაფართოვდება სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას; მეტად დაჩქარდება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მრავლობითი საფრთხეების პროგნოზირების სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს დამატებით 16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

ამასთან, შამუგიამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა მთავრობის გუნდს, საქართველოს პარლამენტს, მათ შორის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს, აქტიური თანამშრომლობისთვის.

„მადლობა მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მადლობა დარგობრივ ასოციაციებს, ფერმერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ შედეგების მიღწევაში რომელზეც 2023 წლის ანგარიშის წარმოდგენის დროს ვისაუბრე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო