ოთარ შამუგია - წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების სისტემას

საქართველომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის ფორმატში, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციაზე ისაუბრა.

„კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოების და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს თანამედროვე 2 ერთეული მეტეოროლოგიური რადარი. ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 240 ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სადგური, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა სამასამდე გაიზრდება ხოლო 2025 წლისთვის დაემატება კიდევ 40-მდე სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების სისტემას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 18 მეწყრულად აქტიურ უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და 2024 წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 30-ს მიაღწევს.

ამასთან, მინისტრის თქმით, შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ყველა მყინვარულ ხეობაში დაწყებულია არსებული საფრთხეების შეფასება და, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მათი ჩართულობით მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.

ასევე უწყების ცნობით, დასრულების ეტაპზეა საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადებაც.

დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა. შედეგად, შესაძლებელი იქნება ამინდის პროგნოზებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით; მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასდა 8608 ოჯახი და გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 2711 ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი გამოწვევა ამ მიმართულებით არის სამრეწველო სექტორი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 31 საწარმო, კიდევ 11 საწარმო კი, ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია. მიმდინარეობს მსხვილი სამრეწველო ობიექტების კონტროლი და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი. რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა არაერთი საწარმო, ჯამში გამოვლინდა უწყვეტი თვითმონიტორინგისა და ჰაერდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობის 92 ფაქტი და გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები.

„შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს რუსთავსაც. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი 88 მლნ ლარია და სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ რუსთავის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებამ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა, ვინაიდან ქალაქში შემცირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გატარებული არაერთი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს.

„გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე. ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო