ოთარ შამუგია - სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას

სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა კლიმატის ცვლილების ფონზე გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის საკითხებზე ისაუბრა.

„დღევანდელ მსოფლიოში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის 21 სამართლებრივ აქტთან.

მინისტრის განცხადებით, 2023 წელს მიღებულია სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ”.

სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას.

კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ მართვას.

„პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 68 წყალპუნქტზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა დაცულ ტერიტორიებეც, შამუგიას თქმით, დაცული ტერიტორიების ფართობი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 393 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი 912 862 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია.

შამუგიას ინფორმაციით, დღეისათვის, საქართველოში, 100 დაცული ტერიტორიაა.

„ევროპული დირექტივების შესაბამისად არის მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულია მთავრობის მიერ და წარდგენილია პარლამენტში განსახილველად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

მინისტრის განცხადებით, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების განვითარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში 393 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი 912 862 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია. დღეისათვის, საქართველოში, ჯამში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და მიიღო გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი, რომლის ფართობი 15 ათას ჰექტარზე მეტია.

ამჟამად აქტიურ ფაზაშია მუშაობა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით. ასევე, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიების დასაარსებლად საბაზისო კვლევების განხორციელება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი რომელიც ჩვენს უნიკალურ ბუნებას გააჩნია ეკოტურიზმის მიმართულებით. 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 078 112 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ითაა (902 063 ვიზიტორი) გაზრდილი. ყოველწლიურად ველოდებით ვიზიტორების მნიშვნელოვან ზრდას, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას, ათასობით დასაქმებულს და ა.შ. ამისთვის აუცილებელია დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც ჩვენ წლებია აქტიურად ვახორციელებთ. რაც შეეხება სტატისტიკას, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია 19 ვიზიტორთა ცენტრი, 70-მდე ტურისტული თავშესაფარი, 2000 კმ-ზე მეტი სიგრძის 100 ეკოტურისტული ბილიკი. 2023 წელს მოეწყო ღამის განათება (3D) მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რამაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ეს ადგილები ვიზიტორებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინვესტირებას და ამაში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რაც თბილისის მიმდებარედ კიდევ ერთ სარეკრეაციო სივრცეს გააჩენს ჩვენი მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო