საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკელმა მეცნიერებმა ქართველი და ამერიკელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია-სემინარი გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ამერიკელმა მეცნიერებმა საჯარო ლექცია-სემინარი - „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში” (Exploring AI-Powered Careers: Preparing for Success in the field of Engineering) გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის (იმს) ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტისა და სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან: მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის - კემბრიჯის მობილური ტელემატიკის (Cambridge Mobile Telematics) ინჟინერი, დოქტორი ჩი ჯოზეფ კიაო (Dr. Chi Joseph Qiao), ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ვენგონგ უილიამ ჯინი (Wengong William Jin) და უენტვორთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ჯილ ანეტ მაკო (Jill Annette Macko).

ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარში, რომელსაც ინტერაქციურ ფორმატში მოდერაციას პროფესორი ჯილ ანეტ მაკო უწევდა, ჩართულნი იყვნენ სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT), ბოსტონის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების და ბოსტონის კოლეჯის მაგისტრანტები და დოქტორანტები.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, იმს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და თავისუფალი მსმენელები.

ლექცია-სემინარზე პროფესორებმა ვენგონგ უილიამ ჯინმა და ჯილ ანეტ მაკომ, ასევე, დოქტორმა ჩი იოსეფ კიაომ მიმოიხილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობები და მისი ზეგავლენა ინჟინერიის დარგებსა და მიმართულებებზე, პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით ისაუბრეს ინჟინერიის განვითარებასა და მომავალ პერსპექტივებზე, ასევე, სტუდენტებს გააცნეს წარმატებული კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გარდა ამისა, აღნიშნულ ჭრილში, მენტორებმა, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან ერთად, იმსჯელეს სწრაფად ცვლადი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პირობებში პროფესიული კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნავენ, ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თავიანთ მომავალ პროფესიად ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს მოიაზრებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი, თავისი უსასრულო შესაძლებლობებით, მძლავრად იჭრება საინჟინრო დარგებში და მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ შემდგომ განვითარებას. მათი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ ინჟინრებს ხელოვნური ინტელექტისა და საინჟინრო დარგების ურთიერთადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს.

საჯარო ლექცია-სემინარის დასრულების შემდეგ, აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტები სტუ-ის რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძესა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირინე გოცირიძეს შეხვდნენ, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა კი ამერიკელ თანატოლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტებზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები გააცნეს, მათ შორის: იმს ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური ლაბორატორიული კომპლექსი და საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო ინჟინერიის, ჰიდროინჟინერიისა და მექანიკის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი ლაბორატორიული ბაზა და სხვ. გარდა ამისა, აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემები დაათვალიერეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო