ონის მერია - ფონდმა „ფეა თრიიზი“ გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას გულისხმობდა - პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს, ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება

ონის მერია სპეკულაციურსა და არასწორს უწოდებს ფონდ „ფეა თრიიზის“ მიერ უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაა დასახელებული.

როგორც ონის მერიაში განმარტავენ, ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა. უწყების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურადაა მოტივირებული“.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ. გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა.

ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გასაჯაროვება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.

სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება“, - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზ“ გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო