საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, „რუსთავის აზოტს“ ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტები, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს - „რუსთავი აზოტი ინდორამას“ ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და საწარმოში მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს გაეცნენ.

მომავალ ქიმიკოსებს პროფესიული დღე Indorama Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და „რუსთავი აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ მიულოცეს.

ლევან ბურდილაძე ახალგაზრდებს საწარმოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა თუ ახალი წამოწყებების შესახებ ესაუბრა, კომპანია Indorama-ს შესახებ კი ინფორმაცია მათ ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ გააცნო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიანა თარგამაძემ. მან ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და „რუსთავის აზოტს“ შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, „რუსთავის აზოტის“ მმართველ გუნდსა და სპეციალისტებს - ჩვენი ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვულოცავთ ქიმიკოსის პროფესიულ დღეს და გვსურს გადავცეთ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულთბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები. „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია - წარმატებებს ვუსურვებთ მათ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაინტერესებული „რუსთავის აზოტთან“ თანამშრომლობის გაფართოებითა და გაღრმავებით. დარწმუნებული ვართ, ეს საწარმოსთვისაც პრიორიტეტულია. გარდა ქიმიური ტექნოლოგიისა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ მათი ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება როგორც უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის, ასევე „რუსთავის აზოტისთვის“ და საერთო ჯამში - ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი სურვილი გვაქვს, მეტად გავააქტიუროთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამები დარგობრივი კუთხით, ავამოქმედოთ ინოვაციური კვლევითი პროექტები ჩვენი სტუდენტების, მკვლევრების და საწარმოს სპეციალისტთა ჩართულობით. ეს ხელს შეუწყობს პროფესიონალთა ახალი თაობის ფორმირებას, რომლებიც უნივერსიტეტიდან წარმოებაში გადაინაცვლებენ და სამომავლოდ, დარგის განვითარებაში თავიანთ სოლიდურ წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა ლიკა თარგამაძემ.

შეხვედრის შემდეგ, სტუდენტები „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე მნიშვნელოვან ქიმიურ პროცესებს ადგილზე გაეცნენ და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც საწარმოს ხელმძღვანელი პირებისა და სპეციალისტებისგან, ასევე უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტები სხვადასხვა საამქროში დააკვირდნენ ამიაკის სინთეზის, ამიაკის წყლის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავისა და გოგირდმჟავის, ასევე, მინერალური სასუქების წარმოების პროცესებს, რომლებიც საწარმოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, „რუსთავის აზოტის“ ისტორიას გაეცნენ და საწარმოს სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო