შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენი ჯგუფის მიმართ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სახელით მედიაში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებას.

„საქართველოს განათლების ჯგუფი“ 2019 წლიდან ახორციელებს განათლების სექტორში ინვესტიციებს და მის პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას. დაფუძნების დღიდან ჯგუფმა განახორციელა 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია და დღეის მდგომარეობით, მასში შემავალ 8 სკოლაში 6,000-მდე მოსწავლე და 700-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული.

შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“, რომელიც მაღალი საფასო სეგმენტის სკოლებში ოპერირებს, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ერთ-ერთი პარტნიორი გახდა 2019 წელს, როდესაც ქ-ნ ნათია ჯანაშიამ 29 მილიონ ლარად გაასხვისა სკოლის 70%. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ გაცხადებული იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის 3 ივნისს. ქ-ნ ნათია ჯანაშიასთან მიღწეული იქნა შეთანხმება ერთობლივად გვემუშავა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელებაზე. იმავე შეთანხმებით, კომპანიის დირექტორის პოზიციაზე ქ-ნ ნათია ჯანაშიას ყოფნის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 1 ივნისამდე.

ჩვენი სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორი, ქ-ნი ჯანაშია, მნიშვნელოვნად ჩამორჩა ინვესტიციების დაგეგმილი და შეთანხმებული განხორციელების ტემპს. აღნიშნულის და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მასთან კომუნიკაციას. პარტნიორებს შორის უთანხმოების გაღრმავების თავიდან არიდების მიზნით, ქ-ნ ჯანაშიას შევთავაზეთ, მისი დანიშვნის ვადის ამოწურვის შემდგომ, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მართვა გადასცემოდა გარე კომპეტენტურ პირს, რომელიც ფლობს ძალიან ფართო საერთაშორისო გამოცდილებას ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში. ვწუხვართ, რომ პასუხად მივიღეთ სკოლისთვის საზიანო და შეცდომაში შემყვანი საჯარო განცხადებები, რომელთა გავრცელება წარმოადგენს ქ-ნ ნათია ჯანაშიას მიერ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებისკენ მიმართულ მცდელობას.

აქვე, გვინდა დავაზუსტოთ, რომ მცდარია განცხადებები იმის შესახებ, რომ სკოლა, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული დირექტორის ცვლილებით, დაკარგავს ან რაიმე რისკის ქვეშ დააყენებს ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS-ის) აკრედიტაციას. ეს, პირველ რიგში, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ინტერესში არ შედის. ჩვენი ჯგუფის ინტერესია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განვითარება და ამ მიზნით უახლოეს პერიოდში 20 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ინვესტიცია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ და მასთან დაკავშირებული მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის - მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის, მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ზომა, რომლითაც შეფერხდა დირექტორის ცვლილება და კომპანიაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება, სამწუხარო ფაქტია და ჩვენი პირველადი შეფასებით საკუთრების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას წარმოადგენს. გვჯერა, რომ ჩვენი არგუმენტაციის წარდგენისა და მოსმენის შემდეგ, სასამართლო გააუქმებს აღნიშნულ დროებით ღონისძიებას და ჩვენ მოგვეცემა როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ შემდგომ განვითარებაში ინვესტირების, ისე კომპანიის დირექტორის ცვლილების წარმატებით რეგისტრაციის საშუალება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო