ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის გამოწვევები 21 საუკუნეში“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის გამოწვევები 21 საუკუნეში“ გახსნა, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის პრობლემით დაინტერესებულმა ქართველმა და უნგრელმა მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების გახსნას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, უნგრეთის კულტურული მემკვიდრეობის სახლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, განსაკუთრებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წინაშეა. მან ასევე, ხაზი გაუსვა ამ კუთხით სამეცნიერო დისკუსიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ისტორიკოსების, ეთნოლოგებისა და ანთროპოლოგების მონაწილეობით.

„ძალიან დიდია ინტერესია იმ თანამშრომლობის მიმართ, რომელსაც ვიწყებთ უნგრეთის კულტურული მემკვიდრეობის სახლთან, ვინაიდან შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი საერთო აღმოჩნდეს ქართულ-უნგრულ კულტურებს შორის. არამატერიალური კულტურული ძეგლები არის ის, რითაც შეგვიძლია წარსულის რეკონსტრუირება და ერის ეთნოფსიქოლოგიის დეტალებამდე ჩასვლა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ ქართულ-უნგრული კულტურის, ტრადიციების მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ტრადიციები, საიდან მოვდივართ - ეს არის მთავარი იდეა ამ კონფერენციის. როგორც ელჩმა, შემიძლია ვთქვა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს, სხვადასხვა კულტურებს შორის ხიდის შენებაზე, თუმცა, ამდენი საერთო, რაც საქართველოსთან გვაქვს ტრადიციების, ენის, მუსიკის, ცეკვის, ისტორიის მიმართულებით არცერთ ქვეყანაში მინახავს. ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები ისე ახლოს არის, თითქოს სამშობლოში ვიმყოფები“, - განაცხადა ანა მარია შიკომ.

ელჩმა, ასევე, მულტიკულტურული იდეის საფრთხეებზე და ტრადიციების შენარჩუნების სირთულეებზე ისაუბრა.

„ტრადიცია არის იდენტობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს საიდან მივდივართ. ჩვენი ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებით ვაჩვენებთ, რომ მსოფლიო არის მდიდარი“,-აღნიშნა ელჩმა.

„ღონისძიებაზე კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე მოხსენებები წაიკითხეს თსუ-ს პროფესორებმა ქეთევან ხუციშვილმა და როზეტა გუჯეჯიანმა. ასევე, მოხსენება წაიკითხა თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა დოქტორმა არპად ელეშმა.

კულტურული მემკვიდრობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და პრობლემური გახდა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესებზე რეაქციამ ლოკალურად გაზარდა ინტერესი ადგილობრივი (მატერიალური და არამატერიალური) კულტურის ძეგლების მიმართ; მეორე მხრივ, კი იგივე პროცესებმა უცხო კულტურების მიმართ ინტერესის ზრდაც გამოიწვია. მობილობის მაღალი ხარისხი, როგორც გლობალური ასევე ლოკალური ტურიზმის მნიშვნელოვანი განვითარება ადგილობრივი ხელისუფლებების წინაშე აყენებს ახალ გამოწვევებს თუ როგორი დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კუთხით. პრობლემურია თავად იმის განსაზღვრაც, თუ რა არის კულტურული მემკვიდრეობა. მისი აღნუსხვა, დაცვა და პოპულარიზება სპეციფიკურ მიდგომებსა და სტრატეგიებს საჭიროებს, არსებობს განსხვავებები საერთაშორისო (მაგ. იუნესკო და სხვ.) და ადგილობრივ სამართლებრივ მიდგომებს შორის. განსხვავებებია ადგილობრივთა აღქმებსა და დამოკიდებულებებშიც. ყოველივე ზემოთქმული საჭიროებს სამეცნიერო დისკუსიასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. კონფერენციის მიზანია შეიქმნას სადისკუსიო ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის პრობლემით დაინტერესებული ქართველი და უნგრელი კოლეგებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით