დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA- ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, თუბა ოზუთოკი და მოწვეული სტუმრები, გურული ვეტერანების მიერ წარმოებული თაფლის პირველი მოსავლის დაწურვის პროცესს დაესწრნენ და პროდუქციაც დააგემოვნეს.

კობა კობალაძემ სტუმრებს, სამსახურსა და TIKA-ს შორის არსებული, მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ვრცლად ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომასა და მსგავსი პროექტებისთვის, არეალის გაფართოებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში ახალი, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას გულისხმობს.

კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა ალი ქაან ორბაის და თუბა ოზუთოკს საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების, წარმატებული, ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვა.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, რამდენიმე ათეული პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა, ეს პროექტი, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით, გურიის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის განხორციელდა ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მისი მეშვეობით, თურქეთის მხარემ, თანადგომა გამოხატა იმ ადამიანთა მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრი გაიღო. ეს ძალიან გვახარებს. ვიმედოვნებ, რომ TIKA-ს მხარდაჭერით წარმოებული თაფლი თურქეთის ბაზარზეც გავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და TIKA-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ ბევრ სფეროს მოიცავს",-განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

„ჩემთვის საქართველოს ვეტერანების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი, ჩემთვის პიროვნულადაც ძალიან გამორჩეულია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერია. ძალა ერთობაშია",-აღნიშნა თუბა ოზუთოკმა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაცია 2022 წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 155 ომის ვეტერანს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა. მათ შორისაა დღევანდელი წარმატებული პროექტიც, რომლის მიმდინარეობასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, თურქეთის მხარეც უწევდა კოორდინაციასა და მონიტორინგს.

შეგახსენებთ, TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი