სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს მოიცავს.
აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწიურ ანგარიშში წერს, რომ თბილისში, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია.
გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, მიზანშეუწონელი გადაწყვეტილების მიღების გამო, 120 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაიკარგა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად წარმოებდა.
“დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის გრძელვადიან განსახლებას არ საჭიროებდნენ“, - ნათქვამია სახელწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ დასკვნაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას დაადასტურებდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წელს, დანამატის სახით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა 196.8 ათასი ლარი, ხოლო 2022 წელს − 196.4 ათასი ლარი.
“სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაევალათ თანამშრომლებს. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ასეთი სახის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდელობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ, შრომითი ხელშეკრულებით 35 პირი დასაქმდა, რომლებზეც ჯამურად, 177.5 ათასი ლარის ოდენობის ანაზღაურება გაიცა.
შპს “სანდასუფთავების“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ კომპანიის მიერ ფაქტობრივად დადგენილ ნორმასთან შეუსაბამოდ ჩამოწერილია 147.8 ათასი ლიტრი საწვავი. კერძოდ, 2021-2022 წლებში, 22 ავტომობილზე 94.7 ათასი ლიტრი საწვავის ნორმის შესაბამის ხარჯვაზე არაა წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები. ასევე, კომპანიას ფიზიკური პირებიდან 43 შემთხვევაში უსასყიდლო სარგებლობაში, თხოვების ფორმით მიღებული აქვს ავტომობილები, რომლებიც მიმაგრებულია თანამშრომლებზე და გამოყოფილია საწვავის ხარჯვის ლიმიტი.
“ავტომანქანების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება არ დასტურდება, თუმცა ჩამოწერილია 52.8 ათასი ლიტრი საწვავი“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.
მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო რესურსის მართვასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური შემდეგ დარღვევებზე წერს: -
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: -
2021 წელს, სოფელ ვეჯინში ტურისტების მომსახურებისთვის მოეწყო ობიექტი, ღირებულებით 38.4 ათასი ლარი. ობიექტი არ ფუნქციონირებს და მისი ექსპლოატაციისთვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება. ასევე, 2022 წელს სოფელ კოლაგში მოეწყო სკვერი - ღირებულებით 19 ათასი ლარი. ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლიდან მოშორებით და მოსახლეობა ვერ იყენებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
ბორჯომის ისტორიულ პარკში ვიზიტორთა შესვლა წარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აწარმოებს სალაროს წიგნს, რაც წარმოშობს ფულადი თანხების არასწორად აღრიცხვის რისკს. ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემის გასაუმჯობესებლად 2015 წლიდან დამონტაჟებულია ტურნიკეტები, რაც არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, 2021-2022 წლებში მოქმედი 66 საიჯარო ხელშეკრულებიდან, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 35 ხელშეკრულების ფარგლებში სრულად არ იქნა გადახდილი საიჯარო თანხა, ჯამურად 107.4 ათასი ლარის მოცულობით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
სასამართლო დავის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები არ გამოცხადდნენ სასამართლოში, რითაც მუნიციპალიტეტმა დაკარგა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მერიას დაეკისრა მიმწოდებლისთვის 19.5 ათასი ლარის გადახდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
სასამართლო დავის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (შესაგებლის წარუდგენლობა), სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც მერიას მიმწოდებლისათვის 520 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს-ებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასწორად წარმართვის შედეგად, ხელფასის სახით ზედმეტად გაცემულია 266 ათასი ლარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021- 2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში 2019-2022 წლებში საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად ზედმეტად გადახდილია 152 ათასი ლარი“, - აცხადებს აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება. კერძოდ, 2023 წელს აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი 13 მუნიციპალიტეტიდან 11-ის შემთხვევაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ 2021-2022 წლებში გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა ჯამურად 1.4 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2023 წელს შესწავლილი 13 მუნიციპალიტეტიდან 9 მუნიციპალიტეტმა, 2021-2022 წლებში საკუთარი ფინანსური რესურსი გამოიყენა დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. შედეგად, მუნიციპალიტეტებმა დამატებით დახარჯეს ჯამურად 1.9 მლნ ლარი, რაც საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეულ ხარჯს წარმოადგენს.