საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი - „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო ნორმის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

მათივე ცნობით, მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციური იყო გასაჩივრებული რეგულაციის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასათანადოების საფუძვლით, მაუწყებლებს უკრძალავს ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არა წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არ აკმაყოფილებს წინასაარჩევნო რეკლამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

„მოსარჩელე ერთმანეთისგან მიჯნავდა პოლიტიკურ და წინასაარჩევნო რეკლამას, ხოლო ნებისმიერი სახის პოლიტიკური გზავნილის წინასაარჩევნო რეკლამად კლასიფიცირებას და სამაუწყებლო მედიის საშუალებით მისი არა წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელების აკრძალულობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებებთან მიმართებით. მისი პოზიციით, საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ პუნქტის რეგულირების სფერო, რომელიც ადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ცნების დეფინიციას არ მიემართებოდა ყოველგვარ პოლიტიკურ რეკლამას და საერთოდ არ არეგულირებდა არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამირების საკითხს. მეორე მხრივ, თუ ასეთი აკრძალვა სადავო ნორმაში მაინც ამოკითხვადი იქნებოდა, მაშინ იგი ბუნდოვნად უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს განჭვრეტადობის თვალსაზრისით.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა გამართლებული იყო საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფის, ამომრჩევლის პოლიტიკური ნების თავისუფალ პირობებში ფორმირების ხელშეწყობის (მათი დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისგან), ისევე როგორც, მედიის ნეიტრალიტეტის დაცვის ლეგიტიმური მიზნებით და წარმოადგენდა მათი მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და ვიწროდ პროპორციულ საშუალებას. ამავდროულად, მოპასუხე მხარის განმარტებით, საერთო საკანონმდებლო სურათის მხედველობაში მიღების, ისევე როგორც, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების რელევანტური პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იყო განჭვრეტადი, რაც საფუძველს აცლიდა მოსარჩელის მტკიცებას გასაჩივრებული რეგულაციის არაკონსტიტუციურობის თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში, უწინარეს ყოვლისა, განმარტა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლად მიღების/გავრცელების უფლების არსი, მისი მნიშვნელობა ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

„სადავო ნორმების შინაარსის, საქმეზე შესაფასებელი მოცემულობისა და პოლიტიკური რეკლამის რეგულირებასთან დაკავშირებული ევროპული მიდგომების იდენტიფიცირების/გაანალიზების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასა, ერთი მხრივ, სადავო ნორმატიული შინაარსის განჭვრეტადობა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო რეგულაციით დაწესებული შეზღუდვის პროპორციულობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან (გამოხატვის თავისუფლება) და მე-2 პუნქტთან (ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება) მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმატიული შინაარსის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიტიკური რეკლამის ცნების ფართოდ განმარტების დამკვიდრებულ მიდგომებს, რომელსაც სრულად მიესადაგებოდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა. ამავდროულად, სასამართლომ საერთო საკანონმდებლო სურათის სისტემური ანალიზის, ისევე როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების ცხადად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ არა წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელზე პოლიტიკური რეკლამის, რომელიც იმავდროულად, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ყოველთვის წინასაარჩევნო რეკლამას გულისხმობს, განთავსება საკმარისი სიცხადით წარმოადგენდა არასათანადო რეკლამას სადავო ნორმის გაგებით, რაც აკრძალულია და ქმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებდა შემზღუდველი კანონის განჭვრეტადობისთვის დაწესებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

რაც შეეხება, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებას თანაზომიერების ჭრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები და მიუთითა, რომ სადავო რეგულაციით დადგენილი წესი ემსახურებოდა საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის, ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისაგან დაცვისა და მედიის ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზნებს. სადავო რეგულაციების საფუძველზე მისაღწევი საჯარო ლეგიტიმური ინტერესების იდენტიფიცირების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შემზღუდველი ღონისძიება წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ადგენდა გონივრულ ბალანსს პოლიტიკური სუბიექტების/მედიის გამოხატვის თავისუფლებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ საჯარო/კერძო ინტერესებს შორის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაწესებული შეზღუდვა არ იყო ბლანკეტური და ნაკლებად ინტენსიურად მიემართებოდა მკაფიოდ იდენტიფიცირებულ პერიოდს (არა წინასაარჩევნო), სუბიექტს (სამაუწყებლო მედია) და გამოხატვის მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს (პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა). დამატებით, ვიწრო პროპორციულობის კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს რჩებოდათ შესაძლებლობა, მიემართათ პოლიტიკური გამოხატვის ალტერნატიული ფორმებისთვის, რომლებიც შეუზღუდავად აგრძელებდნენ მოქმედებას, და რაც საფუძველს ქმნიდა დაპირისპირებული ინტერესების თანარეალიზაციისთვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ