ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024

თენგიზ ფხალაძე - “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ”

ევროკომისიის ანგარიში და ახალი სანქციების ალბათობა - ყველაფერი ამ კვირაში გაირკვევა

გიორგი კობერიძე - “ფინანსური სანქციებისთვის საქართველო მზად არ არის, სანქციებს ერთი წელიც ვერ გაუძლებს”

უკრაინელთა პირველი შეტევა კავკასიაზე - მოზდოკთან საბრძოლო დრონების გამოჩენამ დაღესტანსა და აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია

ირაკლი მელაშვილი - “ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ”

“უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ. წარმოუდგენელია, რაც ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ხდება. სავიზო სანქციები შედარებით მსუბუქი ზომაა. თუკი არ შეიცვლება ვითარება - სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულება, შეთქმულების თეორიები, გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკი და ა.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს იმ ურთიერთობების გადახედვას, რაც ამ წლების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა - ეს საგანგაშო რამ არის. “ოცნების” წარმომადგენლები ცინიკური განცხადებებით ცდილობენ ამ გადაწყვეტილებების სიმძიმის შემსუბუქებას - თურმე არ დადიან აშშ-ში, არც შემდეგ წავლენ და ა.შ. სანქციებში მოხვდნენ პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ქვეყნის მართვაში. მათთან ვინღა ილაპარაკებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე? ან რომელი სერიოზული ინვესტორი გადაწყვეტს თანხის ჩადებას ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დასანქცირებული არიან? მთელმა ამ პროცესმა ქვეყანა უკვე ძალიან დააზარალა, ამის ნეგატიური შედეგები უკვე ცხადია”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ”.

“ერთ თვეში გაიმართება ნატოს სამიტი, რომლის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა საერთოდ არ არის ნახსენები; რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, ჩვენი ხსენება კი არსად არის... ეს მხოლოდ მოლაპარაკებები არ არის, ეს არის წვდომა ახალ პროგრამებთან, ახალ დაფინანსებებთან და ა.შ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც უკვე დადგა. წინ კიდევ უარესი გველოდება, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. საქართველოსთან ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებას კი არ განიხილავს, არამედ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ქვეყანა უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია. თუ ამას მოჰყვა ფინანსური სანქციებიც, იმ პროგრამების გადახედვა, რომლებიც შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ., წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყან... რა თქმა უნდა, ქვეყნის ნებაა, რომ მიიღოს ის კანონი, რაც უნდა და ისიც, როგორ სახელმწიფოს ააშენებს, რაც ჩვენს პარტნიორებსაც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ ისიც უთქვამთ, რომ მათი ნებაა უკვე, რა ურთიერთობები ექნებათ ამ ქვეყანასთან. როგორც ჩვენ გვაქვს უფლება მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, ასევე ჩვენს პარტნიორებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორიც მათ სურთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა თენგიზ ფხალაძე.

“ჩვენ აქამდე ვამტკიცებდით, რომ გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვიზიარებთ მათ ღირებულებებს და ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორებიც ამ დამოკიდებულებების გათვალისწინებით ურთიერთობდნენ ჩვენთან. უფრო მეტიც, ჩვენ მათგან ვითხოვდით ფულს, მათ უამრავი რესურსი ჩადეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყანა დღემდე სარგებლობს მათი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით. დღეს კი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს წესები და ღირებულებები, რომლებისკენაც ამდენი ხანია მივდივართ, მისთვის მიუღებელია. ეს იგივეა მიხვიდეთ ბანკში, აიღოთ მიზნობრივი კრედიტი და მერე განაცხადოთ, ამ ფულს როგორც მინდა, ისე დავხარჯავ, ბანკს ვინ ჰკითხავსო - ეს ამდენი რესურსი და მხარდაჭერაც მიზნობრივი ინვესტიციაა... ვიმეორებ, თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ ქვეყანას ავაშენებთ, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რა ურთიერთობა ექნებათ ამ ქვეყანასთან და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მათ თქვეს, რომ ვერ ექნებათ ძველებური დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, რომლის ხელისუფლებაც გამუდმებით ადანაშაულებს მათ შეთქმულების თეორიებში, არ იზიარებს მათ ღირებულებებს, ამიტომაც იწყებენ ურთიერთობების გადახედვას. შეუძლებელია ყოველდღიურად აგინებდე და ლანძღავდე პარტნიორებს და მათგან პარტნიორობას მოითხოვდე, რომ ისევ დაგეხმაროს თავდაცვის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ა.შ. გაძლიერებაში... 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია `აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ~, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ამაყად გამოგვიცხადა, რომ თურმე უპრეცედენტო მაღალი მხარდაჭერა მივიღეთ - რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარიო - ეს ძალიან კარგია, მაგრამ რომ არ ყოფილიყო აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური დახმარება, ჩვენ 103 ხმა გვექნებოდა? ეს დასავლური მხარდაჭერა რომ არა, რამდენ ქვეყანას ექნებოდა უკვე `სამხრეთ ოსეთისა~ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული? მით უფრო, რომ რუსეთი ამისთვის გამალებით მუშაობდა. ეს პროცესი ხომ ჩვენმა პარტნიორებმა გააჩერეს? ამ დროს სად არის ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი, რომელმაც ტრადიციულად მხარი არ დაგვიჭირა და თავი შეიკავა?” - ამბობს ექსპერტი.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ხელისუფლებამ მადლობა ჩინეთს რაში გადაუხადა. მას ეს პოზიცია ჰქონდა აქამდეც და ახლაც იგივე შეინარჩუნა. არც მქონდა მოლოდინი, რომ შეიცვლიდა, რადგან ის განცხადება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, ნამდვილად არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ რეალურად სტრატეგიული პარტნიორები ვართ. სტრატეგიული პარტნიორობა ფორმდება თანასწორუფლებიან სახელმწიფოებს შორის, ეს განცხადება კი თანასწორუფლებიანობის განცდას ნამდვილად არ ტოვებს - ძირითადად, ჩვენ ყველაფერში ვეთანხმებით და ვითვალისწინებთ ჩინურ ინტერესებს, მაგრამ არსად ჩანს, რომ ჩინეთსაც იგივე ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს მიმართ. ამასთანავე, როდესაც ვლაპარაკობთ ანაკლიის პორტზე, კვლავაც ბევრი უპასუხო კითხვაა. ჯერ ერთი, რას წარმოადგენს ის ჩინური კომპანია, რომლისთვისაც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს შეზღუდვები აქვს დაწესებული. ასევე კითხვებია მისი რეპუტაციის შესახებაც. ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს ეს ინვესტიცია, შესაძლებელია თუ არა ჩინური კომპანიის ხელში აღმოჩნდეს საკონტროლო პაკეტი და ა.შ. კითხვა ბევრია, ხელისუფლება კი გვეუბნება მხოლოდ ფრაგმენტებს და არ ამბობს მთავარს. არადა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი”, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე.

“საკითხი ძალიან მარტივად დგას - ან მიდიხარ დასავლეთისკენ, ან შორდები და თუ შორდები, რჩები იმ სივრცეში, რომელიც მოიაზრება რუსეთის უკანა ეზოდ. ხელისუფლებას ეს ესმის თუ არა, გამიჭირდება თქმა. ჩემი აზრით, ნამდვილად არ არიან გულუბრყვილოები, ბოლოს და ბოლოს, 12 წელია ხელისუფლებაში არიან და წესით, კარგად უნდა გარკვეულიყვნენ ამ ყველაფერში. ჩვენს სახელმწიფოებრიობას ერთადერთი მომავალი აქვს _ ეს არის ევროპული ოჯახი. სხვა შემთხვევაში რა გვემუქრება, ამის საპასუხოდ ყველას შეუძლია გადაშალოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, კარგად გადაიკითხოს... ქართული სახელმწიფოებრიობის ადგილი, სამწუხაროდ, იქ არ ჩანს. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად არ შეგვიძლია. მარტო ახლა კი არა, დიდი ხანია ასეა და ამიტომაც გვქონდა საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობა დაკარგული. ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების საშუალებით ეს სახელმწიფოებრიობა დავიცვათ. თუ ამ პარტნიორებს შევაბრუნებთ ჩვენგან, მაშინ არ ვიცი, რა გველოდება”, - მიიჩნევს რესპონდენტი. “მართლა სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, როცა პარტნიორებს გლობალური ომის პარტიას ვეძახით და გადატრიალების მცდელობაში ვადანაშაულებთ. ნონსენსია! წარმოიდგინეთ, გლობალური ომის პარტიას, რომელიც მართავს თურმე აშშ-ს, დაჩოქებული ჰყავს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ნატო, და ვისაც ვერ მოერია, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ძალიან მაგრები ვყოფილვართ. გამოდის, ჩვენ ვმართავთ მთელ პლანეტას... ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც საფრთხე რეალურია. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მეტი რომ არ არის, ეს სწორედ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის დამსახურებაა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მტერს მოყვარეს ვეძახით, მოყვარეს კი - მტერს... თქვენს კითხვაზე პასუხი ერთია - სამწუხაროდ, თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას კარგი არაფერი ელის”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

ევროკომისიის ანგარიში და ახალი სანქციების ალბათობა - ყველაფერი ამ კვირაში გაირკვევა

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესა. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი რამ ევროკავშირისაგან და როდის გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილების შესახებ? ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა, როდესაც ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით თავის რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკვე შედგა დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით. მაშინ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან აუცილებლად იქნება რაიმე სახის საპასუხო ქმედება საქართველოს მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებაზე, რაც შეფასდა, როგორც დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკომისიის ანგარიში და ახალი სანქციების ალბათობა - ყველაფერი ამ კვირაში გაირკვევა.

“საბოლოოდ გადაწყვეტილება კი ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 27-28 ივნისს ბრიუსელში იგეგმება. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან რაიმე რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. პრაქტიკულად ყველა ტიპის სანქციას, იქნება ეს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება თუ აშშ-ის მსგავსად პერსონალური სავიზო სანქციების დაწესება, გაერთიანებში შემავალი 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ კი აჩვენა, რომ ამასთან დაკავშირებით გაერთიანების სხვადასხვა წევრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. მაგალითად, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნების ნაწილი სანქციებს ემხრობოდა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებაზე მოლაპარაკების გახსნა მოითხოვა. “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა შესაძლო გადაწყვეტილება განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე ევროკავშირისგან არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და არც პერსონალურ სანქციებს არ უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთან არ დაიწყოს მოლაპარაკება ებროკავშირში გაწევრიანებაზე და ყველაფერი ამით შემოიფარგლება. ამის პარალელურად, ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგს. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, - რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ევროკავშირი თვის ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტლებებს რომ მიიღებს, ეს უკვე აშკარაა. თუმცა, მისი პროგნოზით, ამ ეტაპზე რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რიგ საკითხებთან დაკავშირებით მართალია, 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაა საჭირო, ხოლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში 15 ქვეყნის თანხმობაც საკამრისი იქნება. ცალკეულ მოქალაქეებზე სანქციების დაწესებას, ანუ სავიზო შეზღუდვებს კი მგონი სრული თანხმობა სჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, ევროკავშირი მაინც ამ ეტაპზე გადაიხრება იქით, რომ „ოცნების“ და მათი ოჯახის წევრებს შეუზღუდოთ და აეკრძალოთ ევროკავშირში შესვლა. თუმცა აქ, როგორც ვიცი, უნგრეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობა არსებობს. ამიტომ რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება. მაინც არ მგონია, რომ ხალხს შეეხონ, რადგან ეს უფრო ქვეყნის დასჯის ტოლფასი იქნება. თუმცა პასუხი აუცილებლად იქნება, რადგან “ოცნება” უკვე ისე გავიდა ყველანაირი ჩარჩოებიდან, რომ თუ ადეკვატური პასუხი არ მიიღო პარტნიორებისგან, ეს თავგასულობა უკვე ქვეყანას და ხალხს აზიანებს. ცინიკურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიუხედავად მათი მხრიდან კრიტიკისა და 12 რეკომენდაციის არშესრულებისა, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცეს, ანუ ჩვენი გავიტანეთო. ამიტომ მათი გონზე მოყვანა საჭიროა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუმცა, თუკი არჩევნებში ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, არაა გამორიცხული, რომ უკვე სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს დაუწესდეს. მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნებს დაელოდებიან და ძალიან ხისტ ნაბიჯებსაც არ გადადგამენ. თუმცა, “ოცნება” პასუხს რომ მიიღებს, ესეც ფაქტია”, - ამბობს ჩიტაძე. დიპლომატ გიგი გიგიაძის თქმით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა და ამ რანგში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი იყო, ასევე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სამიტი საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ჩვენ კონკრეტულად გვქონდა ასევე ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან, რომ თუ მიიღებდნენ ამ კანონს, რომელიც ევროკავშირისთვის და მისი ფასეულობებისთვის სრულიად უცხოა, ამას ევროკავშირიდან მოჰყვებოდა რეაგირება და საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები შეჩერდებოდა, ამბობს გიგიაძე, რომლის განმარტებით, “აქ საუბარი იყო არა მარტო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, არამედ აქამდე უკვე არსებულ ფორმატებზე - კანდიდატის სტატუსზე და ვიზალიბერალიზაციაზეც”, - დასძენს გამოცემა.

“ამიტომ ასევე გერმანიის ელჩის განცხადება რატომ იყო ვინმესთვის გასაკვირი?! ჩვენ ვიცით, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი ქვეყანაა. ყველაზე წონიანი ხმა ევროპაში ახლა ამ ქვეყანას გააჩნია. ამიტომ ელჩის ეს განცხადებები უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ “ოცნება” პასუხს მიიღებს. წლების განმავლობაში ქართველი დიპლომატები ვცდილობდით, რომ გერმანია ყოფილიყო საქართველოსთვის გამწევი ძალა, აეღო ვალდებულება და ინიციატივა საქართველოსთან მიმართებაში, რათა ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო როგორც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ასევე ნატოსთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ელჩი თავისი ქვეყნის პოზიციას აჟღერებს - ეს არ არის პირადი მოსაზრებები. ამიტომ მოლოდინი არის, რომ ასევე “ოცნების” წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვები დაწესდება. ვინ იქნებიან და რამდენ ადამიანზე შესაძლოა საუბარი იყოს, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა რეაგირების გარშე ეს პროცესები რომ არ ჩაივლის, ფაქტია”, - ამტკიცებს გიგი გიგიაძე. დიპლომატი ფიქრობს, რომ ევროკავშირის სამიტამდე მოსალოდნელია, გაერთიანებაში შემავალი სხვა ქვეყნების ელჩებმაც, გერმანიის ელჩის მსგავსად, ღიად დააფიქსირონ პოზიცია. შესაბამისად, ბევრი რამ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი და სამიტის გადაწყვეტილება, შეიძლება ჯერ კიდევ სამიტამდე გაირკვეს”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კობერიძე - “ფინანსური სანქციებისთვის საქართველო მზად არ არის, სანქციებს ერთი წელიც ვერ გაუძლებს”

“ორი თვის განმავლობაში აფრთხილებდნენ ამერიკელები “ქართული ოცნების” ლიდერებს, რომ თუ კურსს არ შეცვლიდნენ, მათ წინააღმდეგ რიგი ღონისძიებები გატარდებოდა. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისკენ გადაუხვია, მაგრამ საქმე კიდევ უფრო რთულად არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ ომის პარტიაზე აპელირებით, ახლა პროჩინური კურსიც აირჩია. ჩინეთი რუსეთთან ერთად ქმნის ავტოკრატიის ღერძს და ორივე დასავლეთის უმთავრესი მეტოქეა. მსოფლიოში სულ ორი ღერძია - ავტოკრატიული ჩინურ-რუსული და დემოკრატიული დასავლური. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიული კურსისკენ გადახრას ცდილობს. კარგია, რომ ქვეყანაში საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა, თუმცა არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეს მოცემულობა შეიცვალოს. არჩევნებში გამარჯვებული “ოცნება” გახდება უფრო ხისტი და მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ქვეყანაში დასავლური განწყობის შეცვლის მიზნით”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ დასავლეთმა საქართველო დაკარგა, ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია სომხეთსა და მოლდოვაში”.

“დასავლეთში ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესი შეაფერხა და დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინება დაიწყო, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმებთან გააქტიურა თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრემიერი კობახიძე ირანში ჩავიდა და მეგობრობა შეჰფიცა ქვეყნის ხელისუფლებას, რაც ასევე საგანგაშო სიგნალი იყო დასავლეთისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ დასავლეთმა შეიძლება დაკარგოს მხარდაჭერა კავკასიის მთავარ სახელმწიფოში - საქართველოში. ამას კი ვაშინგტონსა და ბრიუსელში იოლად არ შეეგუებიან. საქართველო ის ღერძია, რომლის დაკარგვის შედეგადაც დასავლეთს დასაყრდენი აღარ ეყოლება ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის იმ უკიდურეს წერტილებში, რასაც კავკასია ეწოდება და მიიღებს უმძიმეს რეალობას - ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყება დასავლეთისკენ ძლივს შებრუნებული სომხეთის რუსიფიკაცია, მოლდოვაში გააქტიურდებიან პრორუსი პოლიტიკოსები... ქართული დიპლომატია მრავალვექტორული იქნებოდა, ამერიკასთანაც რომ თანამშრომლობდეს, ევროკავშირთანაც და სხვებთანაც, მაგრამ “ქართული ოცნება” არის განცხადებულად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ეკონომიკის დამაზიანებელი და აშკარად პრორუსული და პროჩინური. როდესაც შენ იმეორებ რუსულ ნარატივს, რომ თურმე უკრაინა ურჩობისთვის ისჯება, რომ დასავლეთი ომის პარტიაა და ა.შ., შემდეგ კი შენს განცხადებებს იწონებენ რუსი პროპაგანდისტები, მაგალითად, ისეთი როგორიც დუგინია, ხომ ყველაფერი ცხადია?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, დასავლეთი მტრად წარმოეჩინა, რუსეთმა პოზიტიური სიგნალები გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ლიმიტირებულად, მას შემდეგ, რაც მოსკოვში აღმოაჩინეს, რომ “ქართული ოცნება” თავის პროპაგანდას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე აწყობდა. დუმის დეპუტატებმა ამას ირონიული და ცინიკური განცხადებებით უპასუხეს და მიგვანიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არც უნდა იოცნებოს ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე. მულტივექტორული დიპლომატია ნიშნავს სარგებლის მიღებას ყველასგან, ჩვენ კი ვერავისგან სარგებელს ვერ ვიღებთ, მათ შორის ვერც ჩინეთისგან. ანაკლიის პორტის კონსორციუმში ჩინეთის ჩართვა იმ მიზნით, რომ ჩინეთთან დაახლოვდნენ, სასარგებლო ვერ იქნება, ვინაიდან ამ ჩინური კომპანიების პრაქტიკა ასეთია - არსებული ინფრასტრუქტურის მხოლოდ 49%-ს იღებენ, შემდგომ კი, როდესაც სხვა თანამონაწილე კომპანიები აღარ გამოჩნდებიან, სრულად იღებენ საკონტროლო პაკეტს და აყენებენ პრეტენზიას, რომ ოპერაციული კონტროლიც მათ უნდა განახორციელონ. ასეთი მაგალითები ვიხილეთ შრი-ლანკაში, ნიკარაგუაში, აფრიკულ სახელმწიფოებში...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ მალე გაირკვევა, ანაკლიის კონსორციუმში ჩინურთან ერთად არსებული ამერიკული კომპანიები, მათ შორის “ბლექ როკი”, ნამდვილად ამერიკულია თუ არა. წარმოდგენაც არა მაქვს, სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს თუნდაც “ბლექ როკს”. ამ ეტაპზე რაც ვიცით, ის არის, რომ საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი გადასცა ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “სესხის ხაფანგის” პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ! სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ - “ქართულ ოცნებას” ეშინია რუსეთის და ამიტომაც მიჰყვება რუსულ კურსს. რა შეიძლება იყოს შიშის საფუძველი? - სხვათა შორის, ამ კითხვას საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ და პასუხი ვერასდროს მივიღე. ერთადერთი, რასაც ვვარაუდობ, ის არის, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ დემოკრატიულ მმართველობაში. მათთვის გაცილებით ადვილია ქვეყნის მართვა ავტოკრატიული მეთოდებით. შესაძლოა სხვა მიზეზებიც არის, რომლებიც ჩვენ არ ვიცით... გეთანხმებით, რომ დასავლეთთან ხიდების დაწვა მათ ძალაუფლებას უფრო და უფრო ასუსტებს, თუმცა, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რუსეთი და ჩინეთი დაეხმარებიან ავტორიტარული პოლიტიკის გატარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მსოფლიო პოლიტიკის ისტორია გვეუბნება, რომ ჩინეთი კორუმპირებულ ხელისუფლებებს ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. დემოკრატიები ეხმარებიან დემოკრატიულ ხელისუფლებებს, ავტოკრატიები კი - ავტორიტარებს. დემოკრატია გადამდებია, ამიტომ ავტორიტარული ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ სამეზობლოში ავტორიტარიზმი დემოკრატიამ არ ჩაანაცვლოს. როგორც რუსეთს, ჩინეთსაც აწყობს მაქსიმალურად სუსტი და მასზე ჩამოკიდებული, დავალებების შემსრულებელი საქართველო. საქართველო ხომ არ არის მძიმეწონიანი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი რაიმეს შეუთანხმებენ ან ანგარიშს გაუწვენ?! ძალიან სასაცილოა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული განცხადებები. სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ არჩევანის საშუალებაც კი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ უფრო დაუახლოვდნენ რუსეთსა და ჩინეთს. შესაბამისად, თუ ფიქრობენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ახალი “ცივი ომის” პირობებში დასავლეთი ჩინეთსა და რუსეთს დაუთმობს საქართველოს და თავად ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, ძალიან ცდებიან. “ქართულმა ოცნებამ” წლების განმავლობაში იძახა, აბა, ომი გინდათო?! და შეიძლება სწორედ თავად ეს პოლიტიკური ძალა გახდეს კავკასიაში დაპირისპირების საგანი. “ქართულმა ოცნებამ” თავის ხალხსა და დასავლეთს გამოუცხადა ომი. გლობალური ომის პარტიას თუ მართლა ეძებენ, ურჩევნიათ კრემლსა და პეკინში მოძებნონ. წესით, მშვენივრად უნდა იცოდნენ, რომ დასავლეთთან დაპირისპირება საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს, ჩინეთი და რუსეთი კი ის სახელმწიფოები არ არიან, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარონ, პირიქით”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“რაც არ უნდა თქვან “ქართული ოცნების” ლიდერებმა, ფინანსური სანქციებისთვის საქართველო მზად არ არის. სამოგზაურო სანქციები, რომლებიც ახლა მხოლოდ ამერიკაზე ვრცელდება, მალე ევროპაზეც გავრცელდება და ცოტა ხანში ფინანსური სანქციებიც დაემატება, ქვეყნის გაღატაკებას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს. საქართველო სანქციებს ერთი წელიც ვერ გაუძლებს, 1991 წლიდან დონაციაზე ვართ ჩამოკიდებული, აქ თუ რამეა გაკეთებული, ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული პროექტები, თავდაცვის ძალების გაწვრთნა და ათასი სხვა რამ, ყველაფერი დასავლეთის ფულით გაკეთდა. ეს ფული რომ აღარ იქნება, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებაში ფულს არ ჩადებენ. არ ყოფილა შემთხვევა, ამ ორ სახელმწიფოს რომელიმე ქვეყნის განვითარებაში ფული ჩაედოს, პირიქით. ჩიხშია “ქართული ოცნება” და ხალხს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას “ცივი ომის” ერთ-ერთ მთავარ გამტარად გადააქცევენ. საქართველოს დიდხანს ჰქონდა პროდასავლური კურსი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ნეიტრალიტეტი თუ სტრატეგიული ბუნდოვანება აირჩია და დასავლეთი ამას გაგებით ეკიდებოდა, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, `ოცნება~ უკვე ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთს მოსწყვიტოს და ჩინურ-რუსულ ორბიტაზე გადაიყვანოს. ეს კი არავის არ უნდა, არც დასავლელ პარტნიორებს და არც ქართველი ხალხის დიდ ნაწილს”, - დასძენს კობერიძე.

უკრაინელთა პირველი შეტევა კავკასიაზე - მოზდოკთან საბრძოლო დრონების გამოჩენამ დაღესტანსა და აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია

“რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევაა, როცა უკრაინულმა საბრძოლო დრონმა კავკასიამდე მიაღწია. რუსული მხარის ინფორმაციით, მათი სამიზნე ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ მოზდოკში მდებარე სამხედრო არეოდრომი იყო. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია ჩრდილო კავკასიაშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც. აღსანიშნავია, რომ მოზდოკიდან ფრონტის ხაზამდე დაახლოებით 1000 კილომეტრია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა უკვე მნიშნელოვნად გაზარდეს თავისი დრონების მოქმედების რადიუსი და ეფექტურობა. “უკრაინას უკვე შეუძლია კავკასიამდე კი არა ციმბირამდეც მივიდეს და ეს მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. მათ სოხუმის აეროდრომზე თავდასხაც თავისუფლად შეუძლიათ”, - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, იმ შემთხვევაში თუ რუსები სოხუმის აეროდრომს უკრაინის დასაბომბად გამოიყენებენ, უკრაინა ამ ტერიტორიასაც დაარტყამს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ოჩამჩირის საზღვაო ბაზაზე განახორციელონ თავდასხმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინელთა პირველი შეტევა კავკასიაზე - მოზდოკთან საბრძოლო დრონების გამოჩენამ დაღესტანსა და აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია.

“ოჩამჩირის პორტზე ვერ გეტყვით, ის უკვე მცირე ზომის საზღვაო ბაზაა და უკრაინის ომში დღევანდელ ოჩამჩირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კაპანაძემ. მორიგი მასშტაბური დრონების შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე 8 ივლისს დილით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა სულ 27 დრონი ჩამოაგდეს. მათგან სამი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მოზდოკთან. “წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინამ გამოუშვა, რომლის მიზანი სამხედრო აეროდრომი იყო. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა”, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო “ტელეგრამზე”. რუსული მხარის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულის ოლქების ტერიტორიაზე. ყირიმის თავზე დრონების გარდა, რუსეთის ძალებმა ნახევარკუნძულთან მიახლოებისას ორი უპილოტო ნავიც გაანადგურეს. გარდა ამისა, შაბათსვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა დრონებმა დაღესტნამდეც მიაღწიეს. “ტელეგრამზე” გაჩნდა შესაბამისი ვიდეოკადრები, რომელიც, ავტორთა მტკიცებით, მახაჩყალაშია გადაღებული და სადაც ცაში დრონების ჯგუფი ჩანს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, დაღესტნის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 უკრაინული დრონი შენიშნეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსული მხარე ამას უარყოფს. მეტიც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მიმართვაც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ: “გახსოვდეთ, რომ ყალბი და პროვოკაციული ინფორმაცია მოწინააღმდეგის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ენდეთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოები ავრცელებენ”. ჩრდილო კავკასიაში უკრაინული დრონების პირველ გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. რეგიონის მცხოვრებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში შეშფოთებით წერენ, რომ ამიერიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა შესაძლოა ნებისმიერ წამს საჰაერო თავდასხმის ობიექტი გახეს. განსაკუთრებით კი რუსული სმხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში და სოხუმის აეროპორტი, რომელზეც ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ორმაგი - სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების იქნება. აეროპორტის მწყობრში შესვლა და პირველი ავიარეისების განხორციელება წლის ბოლოსაა დაგეგმილი. გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, უკრაინის ასეთი გააქტიურება დასავლურმა დახმარებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინელები ომის პარალელურად მუდმივად ხვეწენ და აუმჯობესებენ თავის შეიარაღებას და ამის შედეგიც სახეზეა”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინელები ამაზე მუშაობდნენ და თავიანთ შესაძლებლობებს აუმჯობესებდნენ. მოზდოკი მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომია და რუსების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა. აფხაზეთს რაც შეეხება, უკრაინელები სოხუმის აეროპორტს არ დაარტყამენ იმ შემთხვევამდე, სანამ რუსები უკრაინის დასაბომბად მის გამოყენებას არ დაიწყებენ. ეს ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, თუ რუსებმა მოქმედება დაიწყეს, რა თქმა უნდა, მოხდება. ოჩამჩირის პორტზე ვერ გეტყვით. ის უკვე მცირე ზომის საზღვაო ბაზაა და უკრაინის ომში დღევანდელ ოჩამჩირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ახლა უკრაინამ საკმარისი რაოდენობის იარაღი მიიღო. ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინელი სამხედროები იძახიან, რომ ამდენი უცხოური დახმარება ომის დაწყებიდან დღემდე არ უნახავთ. სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ რუსები წინ ვეღარ მიდიან, ვოლჩანსკში არიან გაჩხერილი და უკანაც იხევენ. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რას ნიშნავს დასავლეთის დახმარება. ახლა საუბარია ფრანგული “მირაჟების” გადაცემაზე. ასე რომ, უკრაინა საკმაოდ გაძლიერდება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

ირაკლი მელაშვილი - “ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი”

“ხაბეიშვილს მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი არასდროს ჰქონია. ყველამ იცოდა, რომ ის ნიკა მელიას მოსაშორებლად გამოიყენეს, რომელსაც არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა პარტიის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან. ბოკუჩავას კარგი ურთიერთობა აქვს უცხოელებთან, ამერიკელებს კარგად იცნობს და ამ დასანქცირების შემდეგ, “ნაცმოძრაობისთვის” ამერიკულ მხარესთან ურთიერთობა პრიორიტეტული იქნება. ქვეყანაში კი გინდა ბოკუჩავა იყოს თავმჯდომარე, გინდა ხაბეიშვილი, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ის “ნაცმოძრაობას” ვერც ვერაფერს შესძენს და ვერც ვერაფერს დააკლებს. საგარეო ასპარეზზე ბოკუჩავა გაცილებით პერსპექტიულია და უფრო საჭიროც. ისე, როდესაც ლაპარაკობენ სხვა პარტიების დემოკრატიულობასა და მმართველი პარტიის კულუარებიდან მართვაზე, ეს რაღა არის? _ კაცი, რომელიც ელექტრონული გამოკითხვით აირჩიეს, გვერდით გასწიეს...” - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა მოხდება 26 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ?! / ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი”.

“რა თქმა უნდა, ბოკუჩავა სიას ვერ დაწერს და ყველა ხვდება, რომ ვერც გადაწყვეტილების მიმღები იქნება. გადაწყვეტილების მიმღები იქნებიან ისინი, ვინც ხაბეიშვილი და ახლა ბოკუჩავა მოიყვანა. მათ არ აწყობთ ამ თანამდებობაზე ისეთი პირი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ცხადი შეიქნა მელიას ჩამოშორებისას, რადგან მე მომწონს თუ არა, ის ფიგურა იყო, და პარტიიდან რომ წავიდა, “ნაცმოძრაობას” ხმები ლამის შუაზე გაუყო. დასანქცირებული “ქართული ოცნება” რას იზამს, ჯერ ძნელად წარმოსადგენია, რადგან ბოლო პერიოდში იმდენად არიან აცდენილი რეალობას, მგონი, მართლა სჯეროდათ, რომ დასავლეთი არ დაასანქცირებდა. ახლა მათ სერიოზული დაფიქრება სჭირდებათ. ფაქტია, ეს სანქციების პირველი ტალღაა, დასავლეთი მოზომილად მოქმედებს. ესენი კი ისევ თავისას აგრძელებენ. ორი დღის წინ კობახიძემ რაც უკრაინაზე თქვა, რომ ომი მაიდანმა მოიტანაო, პირდაპირ იმის გამეორება იყო, რაც წინადღით პუტინმა თქვა და აქამდეც უთქვამს. არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოსვლების ეშინიათ და ახლა ცდილობენ ხალხიც შეაშინონ, აქციები თუ იქნება, ომი დაიწყებაო. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი განცხადებებით უფრო ირთულებენ როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“როდესაც ათიათასობით ადამიანს კანონით აგენტს არქმევ და კიდევ უამრავს მომავალს უსპობ, ამ ადამიანებს აღარც მაიდნის ეშინიათ და აღარც არაფრის. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება შენი მოშორება ხელისუფლებიდან. არაერთხელ მითქვამს, “ოცნება” თუ დიდ სისულელეს არ ჩაიდენდა, არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდა, მაგრამ დიდი სისულელე გააკეთეს და ამას ვეღარაფერი შეცვლის - “ოცნება” წააგებს არჩევნებს... ოპოზიციის ერთიანი სიით გამოსვლა, ჩემი აზრით, ხელისუფლების გეგმა იყო, რადგან “ოცნებას” გაუადვილდებოდა პროპაგანდა, “ნაცები” ბრუნდებიანო. როგორც ვხვდები, ეს გეგმა ჩავარდა და 3-4 ბლოკი მაინც იქნება, რომელთაც ბარიერის გადალახვის პრეტენზია ექნებათ. ეს ხელს შეუწყობს ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალურად კონცენტრაციას. მთავარია, უფრო მეტად არ დაიქსაქსონ, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ 5-6-სუბიექტიანი პარლამენტი მივიღოთ. ახლა “ოცნების” მაქსიმუმი არის 20-25% და რას იზამენ, არ ვიცი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე არ მეგულება ოპოზიციაში არც ერთი ძალა ამ 3-4 სუბიექტში შემავალი პარტიებიდან, რომელიც “ოცნებასთან” კოალიციური მთავრობის გაკეთებას მოინდომებს, რადგან `ოცნება~ თავის ანტიდასავლური განცხადებებით პრორუსულ ძალად ჩამოყალიბდა და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ასეთი აღქმაა მოსახლეობის დიდ ნაწილში, ვფიქრობ, 2/3-ში მაინც. “ოცნება” ვერ აიღებს იმდენ ხმას, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა. პირველ ადგილზე რომც გავიდეს, ვერავისთან ვერ მოახერხებს კოალიციის შექმნას, მისი დასაყრდენი ადმინისტრაციული რესურსი და პრორუსული ელექტორატი იქნება, რაც ნამდვილად ცოტა არ არის. მეორე საკითხია, რომ ადმინისტრაციული რესურსიც არ არის ასე მყარი, ბოლოს და ბოლოს, მათი შვილები დგანან აქციაზე და მათ შვილებს სცემენ, აკავებენ და აშინებენ. რეგიონებშია სამუშაოა და ესეც მარტივად მოსაგვარებელია, სამი ათასამდე სოფელია და ქუჩაში ასი ათასამდე კაცი იდგა. მხოლოდ ამის ნახევარი რომ გადანაწილდეს, ჩავიდეს სოფლებში და ელაპარაკონ მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, ის ადმინისტრაციული რესურსიც განეიტრალდება, რადგან საკუთარი შვილების წინააღმდეგ არავინ მისცემს ხმას”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“ეს არის აუცილებელი საქმე, მთელი ზაფხული აქციების ჩატარება არ არის საჭირო. “ოცნებაც” დაიწყებს რეგიონებში პროპაგანდას და ახალგაზრდები რეგიონებში უნდა დახვდნენ. ახლა რეგიონებში წყდება არჩევნების ბედი, იქ უნდა შევიდეს ის მუხტი, რაც თბილისშია ამტკიცებს ირაკლი შელაშვილი და შეკითხვაზე - “ოცნება” მუდმივად სუვერენიტეტზე აპელირებს და ახლა რამდენად არის საფრთხე, თუნდაც არჩევნების პარალელურად ჩაატარონ პლებისციტი, ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო, და მოსახლეობას გააკეთებინონ საბედისწერო არჩევანი - ოღონდ ტერიტორიული მთლიანობა და არ გვინდა დასავლეთიო. ამაში რუსეთიც შეუწყობს ხელს, ხმებიც მოემატებათ ვითომ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივით...” - პასუხობს:

“რუსეთი რისი დამბრუნებელია? ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ - თუ ერი ასეთ იდიოტიზმზე წამოეგო, მაშინ ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება. მე ხალხის იმედი მაქვს, რომ ამას კარგად ხვდება. რუსეთი არაფრის დამბრუნებელი არ არის და როგორც კი ევროპა მიგვატოვებს, ეგრევე ჩავცვივდებით მის კლანჭებში. ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ “ოცნებამ” საზოგადოების ამით მოტყუება შეძლოს. უფრო კულუარულად იმუშავებენ და ხალხს ეტყვიან, ბიძინამ ჩააწყო ეს საქმე და მოგვეცით ხმაო. აი, ესეც უნდა იყოს ახალგაზრდების სასაუბრო თემა რეგიონებში”...

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო