ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ  „შრომის ბიულეტენს“ აქვეყნებს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სთავაზობს პასუხს შეკითხვაზე: „ხელფასი უნდა იყოს გარანტირებული ოდენობის თუ მხოლოდ გამომუშავებაზე დამოკიდებული?“

შრომა, ფართო გაგებით, არის სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობის საგანი, კერძოდ: ნარდობის ხელშეკრულების, მომსახურების ხელშეკრულების, დავალების ხელშეკრულების, შრომითი ხელშეკრულების. შრომა, ვიწრო გაგებით, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საგანია. შრომით ხელშეკრულებას (შრომით ურთიერთობებს) აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი. გამომდინარე აქედან, როცა ადგილი აქვს შრომით ურთიერთობებს (შრომით ხელშეკრულებას), ანაზღაურების საკითხი განსხვავებულად და იმპერატიულად წესრიგდება (ვიდრე ეს არის ნარდობაში, მომსახურებაში, დავალებაში).

შრომითი ურთიერთობები ნარდობის, მომსახურების, დავალების ხელშეკრულებებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ არის მნიშვნელოვანი დაქვემდებარება დასაქმებულისა დამსაქმებლის ქვეშ (ორგანიზაციული დაქვემდებარება, ნორმატიული დაქვემდებარება და ეკონომიკური დაქვემდებარება). ასეთ პირობებში, დასაქმებულის (მხარის) თავისუფლების ხარისხი შემცირებულია/შეკვეცილია და დასაქმებული აღიარებულია სუსტ მხარედ, რომელსაც სჭირდება სპეციალური დაცვა. სხვა ხელშეკრულებებში ასე არ ხდება. ანაზღაურება კი ერთ-ერთი ფუნდამენტური და ძირეული ასპექტია შრომით ურთიერთობებში. დამსაქმებელი იყენებს დასაქმებულის შრომას საკუთარი ბიზნესის ფუნქციონირებისათვის და მან ამისთვის უნდა გადაიხადოს ანაზღაურება.

საქართველოს შრომის კოდექსის 2(1) მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის აუცილებელი ელემენტია ანაზღაურება. საქართველოს შრომის კოდექსის 41(3) მუხლის თანახმად „შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ“. ეს ორი იმპერატიული ნორმა ცალსახად ადგენს დასაქმებულის დაცვის სტანდარტს - დამსაქმებელს შრომის მენეჯმენტსა და ბიზნესის/საქმიანობის ბიუჯეტში უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული მინიმუმ ყოველთვიური ანაზღაურება დასაქმებულებისთვის (დასაშვებია თვეში რამდენჯერმე, მაგრამ არ არის დაშვებული გადაცდეს თვეს).

ამის ფონზე, საქართველოში არის შემთხვევები, როცა შრომითი ხელშეკრულება იდება (შრომითი ურთიერთობები წარმოიშობა) ისე, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს უთანხმდება გამომუშავებით ანაზღაურებაზე გარანტირებული ოდენობის (ან მინიმუმის) გარეშე. მაგალითად, სადაზღვევო აგენტს, რომელიც მთელი დღე მუშაობს, უკავშირდება პოტენციურ მომხმარებლებს, ურეკავს მათ ან გადაადგილდება მისამართებზე, არ გადაეხდება ანაზღაურება, თუ მომხმარებელი არ დათანხმდა სადაზღვევო ხელშეკრულების დადებას. ასეთი ფაქტი, ცალსახად შრომის კანონმდელობის დარღვევაა, ამავდროულად იძულებითი შრომის ბუნებისაა და თანამედროვე მონობის პრაქტიკას ამკვიდრებს. ასეთი შემთხვევები, შრომის ინსპექციის მხრიდან უნდა დაექვემდებაროს გამოვლენას (თუნდაც მისდამი მიმართვიანობის გარეშე) და დამსაქმებლმა უნდა აგოს პასუხი.

შრომითი ხელშეკრულებით (შრომით ურთიერთობაში) აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული თვის ბაზისური ხელფასი, რასაც რა თქმა უნდა, შესაძლებელია ზედ დაემატოს გამომუშავებით ანაზღაურება.

მოგვწერეთ, გვკითხეთ

eka_kardava@yahoo.com

ekakardava2014@gmail.com

european.time.geo@gmail.com

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო