ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე, ასევე იმაზე, რა კორექტივებს შეიტანს არჩევნების შედეგები ევროკავშირის პოლიტიკაში, უკრაინა - რუსეთის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკაში, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამერიკა-ევროპის ურთიერთობები, „ინტერპრესნიუსი“ იენას უნივერსიტეტის მკვლევარს, ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს ანალიტიკოსს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. შედეგებიც ცნობილია. დამკვირვებელთა უმეტესობა პროგნოზირებდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე პრაქტიკულად ცხადი იყო ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში.

თუმცა, იყო მოლოდინი, რომ ამ არჩევნებზე სიურპრიზებიც იქნებოდა. სიურპრიზების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ჩვენთან ხელისუფლების ოპონენტებიც ხარობენ და ხელისუფლების მხარდამჭერებიც ხარობენ.

თქვენ როგორ შეაჯამებდით ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს?

- ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე განსაკუთრებულად დრამატული არაფერი მომხდარა. კი, ულტრამემარჯვენეებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და ზოგიერთმა ცენტრისტულმა პარტიამ, მათ შორის „მწვანეებმა“ და მაკრონის „ევროპულმა განახლებამ“ ბევრი ხმა დაკარგა, მაგრამ ამით ახალ პარლამენტში ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე განსაკუთრებულად დრამატული არაფერი მომხდარა, ახალ პარლამენტში ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება

ულტრამემარჯვენე სპექტრი სრულიად დაქსაქასულია და ისინი ერთიან ძლიერ ფრაქციას ჯერჯერობით ვერ შექმნიან. სავარაუდოდ, დარჩება იგივე ან მსგავსი ცენტრისტული კოალიცია, და EPP კვლავ ყველაზე გავლენიანი ძალა იქნება. ასევე მოქმედი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინს არჩევნების შედეგად კარგი შანსი აქვს ხელახლა აირჩიონ კომისიის პრეზიდენტად.

ასე, რომ სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების შედეგად არ მომხდარა. და რომც მომხდარიყო, ევროპარლამენტს არანაირი მნიშვნელოვანი გავლენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე რეალურად არ აქვს.

თუ მაინცდამაინც უარყოფით შედეგებზე გვინდა ვისაუბროთ, ალბათ ყველაზე ნეგატიური იყო მაკრონის „ევროპული განახლების“ მარცხი, რომლის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა და მის ამ სარისკო ნაბიჯს ბევრი შიშით უყურებს.

ულტრამემარჯვენე სპექტრი სრულიად დაქსაქასულია და ისინი ერთიან ძლიერ ფრაქციას ჯერჯერობით ვერ შექმნიან. სავარაუდოდ, დარჩება იგივე ან მსგავსი ცენტრისტული კოალიცია, და EPP კვლავ ყველაზე გავლენიანი ძალა იქნება. ასევე მოქმედი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ურსულა ფონ დერ ლაიენი არჩევნების შედეგად კარგი შანსი აქვს ხელახლა აირჩიონ კომისიის პრეზიდენტად

თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ულტრამემარჯვენეებმა საფრანგეთის შიდა არჩევნებშიც, სადაც ალბათ ამომრჩევლის მონაწილეობის პროცენტი უფრო მაღალი იქნება, იგივე წარმატება გაიმეორონ.

თუმცა, თუ მაინც გაიმარჯვებენ, ეს, რა თქმა უნდა, მაკრონს მმართველობაში პრობლემებს შეუქმნის, თუმცა საგარეო პოლიტიკის მართვის კომპეტენცია ძირითადად მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება.

- გასაგებია, რომ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმები ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა, ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმატორებმა აიღეს. ევროპული სტრუქტურების დაკომპლექტებას გარკვეული დრო დასჭირდება.

ომამდე უკვე ცხადი იყო, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთმა სტრატეგია შეცვალა. უარი თქვა ძალებს შორის ძალათა ბალანსის შენარჩუნებაზე და უკრაინა-რუსეთის ომში თავის თავზე აიღო ინიციატივა.

არჩევნების შედეგებით სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროპის სტრუქტურების საგარეო პოლიტიკა?

მათ შორის უკრაინა - რუსეთის ომთან დაკავშირებით? ანუ, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით დასავლეთის სტრატეგიაში ცვლილებები არ მოხდება?

- ზოგადად, ევროკავშირის პარლამენტი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში, და არც საკანონმდებლო ინიციატივის უშუალო კომპეტენცია აქვს. ამიტომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

მართალია, რომ ულტრა-მემარჯვენე ძალებმა ჯამურად მეტი მანდატი მიიღეს მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი ყველა მემარჯვენე პარტია არ არის რუსეთის მიმართ კარგად განწყობილი, პირიქით, მაგალითად ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, რომლებსაც მემარჯვენე ჯგუფებს შორის წინასწარი მონაცემებით ყველაზე მეტი -73 ხმა აქვთ, საერთოდ არ არიან პრორუსული.

ულტრა-მემარჯვენე ძალებმა ჯამურად მეტი მანდატი მიიღეს მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი ყველა მემარჯვენე პარტია არ არის რუსეთის მიმართ კარგად განწყობილი, პირიქით, მაგალითად ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, რომლებსაც მემარჯვენე ჯგუფებს შორის წინასწარი მონაცემებით ყველაზე მეტი -73 ხმა აქვთ, საერთოდ არ არიან პრორუსული

აქ შედის მაგალითად პოლონეთის PIS პარტია და ასევე ჯორჯია მელონის პარტია, რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო რუსეთის საწინააღმდეგოდ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.

მეორე, ულტრამემარჯვენეების ძალების მობილიზება და მათგან დიდი კოალიციის შექმნა ძალიან რთული იქნება, რადგანაც ამ ჯგუფებს ერთმანეთში ბევრი კონფლიქტი აქვთ და ფაქტობრივად ვერაფერზე თანხმდებიან, გარდა იმისა რომ ყველას ევროკავშირის ძალაუფლების შეკვეცა უნდა.

ამიტომაა დღეს რეალურად სამი დაჯგუფება: ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, მარი ლე პენის იდენტობა და დემოკრატია და უპარტიოების ნაწილი, სადაც გერმანული აფდ- შედის. ამ სამ დაჯგუფებას ძალიან გაუჭირდება საერთო დღის წესრიგზე შეჯერება, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. თუ მაინცდამაინც ცვლილებებს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ, გარემოს დაცვის პოლიტიკაში და მიგრაციის პოლიტიკაში, მაგრამ არა საგარეო პოლიტიკაში.

თუ მაინცდამაინც ცვლილებებს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ, გარემოს დაცვის პოლიტიკაში და მიგრაციის პოლიტიკაში, მაგრამ არა საგარეო პოლიტიკაში

- არჩევნების შედეგებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობები?

- ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება. ევროპარლამენტი ნაკლებად განსაზღვრავს აშშ-თან ურთიერთობებს. კოალიციაც, სავარაუდოდ, იგივე დარჩება და კომისიის პრეზიდენტის არჩევის ყველაზე დიდი შანსი ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენს ექნება, თუმცა გარანტირებულად რა თქმა უნდა არა, რადგანაც კენჭისყრა ფარულია და საკუთარი კოალიციის პარტიების ზოგიერთმა დეპუტატმა შეიძლება მხარი არც დაუჭიროს.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-თან ევროკავშირის ურთიერთობა არ განისაზღვრება იმით ვინ ზის პარლამენტში, არამედ პირველ რიგში ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის დონეზე.

ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-თან ევროკავშირის ურთიერთობა არ განისაზღვრება იმით ვინ ზის პარლამენტში, არამედ პირველ რიგში ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის დონეზე

რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობების ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ევროპაში ბევრი შეშფოთებით უყურებს დონალდ ტრამპის მეორედ არჩევის პერსპექტივას, რამაც შეიძლება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს.

თუმცა, ევროპელები ასევე ფიქრობენ რომ აშშ-ს ევროპიდან გასვლა შეუქცევადი ტრენდია და ორივე ადმინისტრაციის პირობებში გაგრძელდება. ამიტომ, საჭიროა რომ ევროპელებმა ნელ-ნელა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ნატოშიც აშშ-ს და ევროპელების მიერ გაწეული ხარჯები უფრო დაბალანსებული იყოს, და რომ აშშ არ იყოს ევროპის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორი.

ევროპელები ასევე ფიქრობენ რომ აშშ-ს ევროპიდან გასვლა შეუქცევადი ტრენდია და ორივე ადმინისტრაციის პირობებში გაგრძელდება. ამიტომ, საჭიროა რომ ევროპელებმა ნელ-ნელა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ნატოშიც აშშ-ს და ევროპელების მიერ გაწეული ხარჯები უფრო დაბალანსებული იყოს, და რომ აშშ არ იყოს ევროპის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორი

- არჩევნებამდე ბევრი საუბრობდა, რომ არ იყო გამორიცხული ევროპარლამენტის არჩევნები სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლიდა.

ასეთი მოლოდინები ჰქონდათ რუსულ პოლიტიკურ წრეებში. რუსები კარგა ხანია აღარ მალავენ, რომ ევროპის ქვეყნებში გარკვეულ მემარჯვენე ჯგუფებს აფინანსებენ.

ევროპარლამენტის არჩევნებამდე თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ულტრა მემარჯვენეებიც და ულტრამემარცხენეებიც უკრაინისთვის ევროპისა და ამერიკის სამხედრო დახმარებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მოქმედებას.

არჩევნების შედეგებით ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში რამდენი ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე მოხვდა, ვინც უკრაინისთვის დახმარებას ეწინააღმდეგება?

ამ არჩევნების შედეგის თვალსაზრისით სიურპრიზად რა შეიძლება ჩაითვალოს?

- ევროპარლამენტში იქნება სამი ულტრამემარჯვენე და ერთი ულტრამემარცხენე დაჯგუფება. თუმცა ამ სამი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებიდან, ყველაზე დიდი რომელიცაა, „ევროპელი კონსერვატორები“ და „რეფორმისტები,“ მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით პოლონური PIS-ის წევრები, ანტი-რუსულად განწყობილნი უფრო არიან, და საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის ოფიციალურ კურსს მიემხრობიან.

ანუ ულტრა მემარჯვენეობა არ ნიშნავს ავტომატურად პრო-რუსულობას. იგივე ითქმის ჯორჯია მელონის პარტიაზეც იტალიაში. შესაბამისად ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვა არც რუსეთის მიმართ და არც უკრაინის მიმართ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამო, რა თქმა უნდა არ მოხდება.

ევროპარლამენტში იქნება სამი ულტრამემარჯვენე და ერთი ულტრამემარცხენე დაჯგუფება. თუმცა ამ სამი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებიდან, ყველაზე დიდი რომელიცაა, „ევროპელი კონსერვატორები“ და „რეფორმისტები,“ მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით პოლონური PIS-ის წევრები, ანტი-რუსულად განწყობილნი უფრო არიან, და საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის ოფიციალურ კურსს მიემხრობიან

რაც შეეხება მთავარ სიურპრიზს, ბოლომდე სიურპრიზს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ალბათ ემანუელ მაკრონის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში გამანადგურებელი შედეგების გამო, შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მოულოდნელობად, რასაც ბევრი არ ელოდა.

იგივე ითქმის გერმანელ სოციალ-დემოკრატებზეც, რომლებმაც ისტორიულად დაბალი შედეგი აჩვენეს. მართალია ოლაფ შოლცს მაკრონისგან განსხვავებით, ვადამდელი არჩევნები არ დაუნიშნავს.

ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვა არც რუსეთის მიმართ და არც უკრაინის მიმართ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამო, რა თქმა უნდა არ მოხდება

თუმცა თუ დანიშნავს, და ამისკენ მოუწოდებს ზოგი მიმომხილველი, გერმანიის შემთხვევაში ეს ნაკლებად სარისკო ნაბიჯი იქნება, იმიტომ რომ აქ ულტრამემარჯვენეებს (აფდ) ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ნაკლები აქვთ და სავარაუდოდ ქრისტიან დემოკრატები გაიმარჯვებენ რაც უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონისთვის არ იქნება ცუდი განვითარება.

- მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკიდურესად გართულებულია. ი

მის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს სენატსა და კონგრესში საქართველოს საკითხზე დაგეგმილია მსჯელობები, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში კარგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სტრუქტურები საბოლოოდ აირჩევა, სავარაუდოდ, როგორი ურთიერთობები ექნება აშშ-სა და ევროსტრუქტურებს საქართველოს მიმართ?

- ევროპარლამენტის არჩევნებს ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოსთან ურთიერთობებს პირველ რიგში არეგულირებს ევროკავშირის საბჭო და ნაწილობრივ ევროკომისია.

თან იმის ფონზე, რომ ევროპარლამენტში არჩევნების შედეგად, მმართველი კოალიცია იგივე იქნება და ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, არც ევროპალარლამენტის მიდგომა შეიცვლება დიდად საქართველოს მიმართ.

ანუ იქნება, ისეთივე ურთიერთობა, როგორიც იყო აქამდე, და ამ ურთიერთობების გაუარესება თუ გაუმჯობესება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

- უკვე ვიცით, რომ 24 ივნისს ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა ევროსტრუქტურების აღმასრულებელი ორგანოების ახალ შემადგენლობაზე იმსჯელებს.

თქვენი პროგნოზი ამ საკითხებზე სავარაუდო, როგორი იქნება?

- დღეის მდგომარეობით, ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაინს ხელახლად არჩევის ყველაზე კარგი შანსი აქვს, თუმცა გარანტირებული არაფერია, მას მოუწევს ზონდირების პროცესის გამართვა რომ საკმარისი ხმების უზრუნველყოფა შეძლოს მათ შორის საკუთარ პარტიაშიც.

საქართველოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ევროკომისიის პრეზიდენტი, მთავარია რომ ის არ იქნება არც ულტრამემარცხენე და არც ულტრამემარჯვენე სპექტრიდან

მაკრონს სურდა ფონ დერ ლაიენის ნაცვლად, მარიო დრაგის კანდიდატურას გაყვანა, მაგრამ მას შემდეგ მისმა პარტიამ კატასტროფული მარცხი განიცადა, სავარაუდოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ამისთვის ვერ მოიცლის.

საქართველოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ევროკომისიის პრეზიდენტი, მთავარია რომ ის არ იქნება არც ულტრამემარცხენე და არც ულტრამემარჯვენე სპექტრიდან.

- არჩევნებამდე საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ახალი შემადგენლობა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებს.

საქართველოს საკითხზე მსჯელობის შედეგი სავარაუდოდ, როგორი იქნება?

- ჩემი აზრით, და რაც მესმის ბერლინიდან და ბრიუსელიდან, ევროკავშირი ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. ისინი დაელოდებიან არჩევნების შედეგებს, და ასევე მისი ჩატარების ხარისხს და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს წყვეტს ძირითადად ევროკავშირის საბჭო, ხშირად ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე

ევროპარლამენტის არჩევნებს ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს წყვეტს ძირითადად ევროკავშირის საბჭო, ხშირად ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო