ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი

7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტების მიერ ღაზის სექტორიდან ისრაელზე მხეცური თავდასხმის შედეგად გატაცებული მძევლების, 26 წლის ნოა არგამანის, 22 წლის ალმოგ მეიერ ჯენის, 27 წლის ანდრეი კოზლოვის და 41 წლის შლომი ზივის ტყვეობიდან დახსნის ოპერაცია იმედის ნაპერწკალია ღაზის სექტორში უკვე 8 თვის მანძილზე მყოფი 120 მძევალის ნათესავებისთვის. ამასთანავე, ოპერაციამ ნათელი მოჰფინა ჰამასსა და ღაზის სექტორის მოსახლეობას შორის აუხსნელ და რთულ კავშირებს.

მძევლები ტყვეობაში იმყოფებოდნენ ღაზის სექტორის ცენტრში, ორ სხვადასხვა საცხოვრებელ სახლში, რომლებიც ეკუთვნის სამოქალაქო პირებს. მათი გათავისუფლება განხორციელდა ასობით ტერორისტისა და შეიარაღებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლების შედეგად და ასახავს ურბანულ ტერიტორიაზე ომის წარმოების ასიმეტრიულ ბუნებას. მაშინ როცა ისრაელი ყველა ძალ-ღონეს ხმარობს, რომ თავიდან აიცილოს თანმდევი, გაუთვალისწინებელი მსხვერპლი და გადაარჩინოს ადამიანები, რომლებიც ამ პროცესებში არ არიან ჩართულები, ჰამასი თავის მებრძოლებს და მძევლებს განათავსებს მოსახლეობას შორის და ფარად იყენებს მშვიდობიან ადამიანებს. მიზანმიმართული ხელშეშლა, რომ განასხვავონ უდანაშაულო სამოქალაქო პირები ტერორისტებისგან, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ომის კანონის ძირითადი წესების უხეშ დარღვევას. არანაკლებ თავზარდამცემია თავად ის ფაქტი, რომ სამი მძევალი დატყვევებული იყო ალ ჯაზირას ჟურნალისტის, 36 წლის აბდალა ალჯამალის სახლში, რაც ნათლად მეტყველებს გარკვეულ საიდუმლო შეთანხმებაზე და კავშირზე ყატარის სახელმწიფო საინფორმაციო კომპანიასა და ისლამურ ფუნდამენტალისტურ ორგანიზაციას შორის.

ბრძოლა მძევლების გასათავისუფლებად წარმოადგენს ისრაელის პატარა გამარჯვებას და დიდ დარტყმას ჰამასისთვის. მსხვერპლთა რაოდენობასთან დაკავშირებით ჰამასის მხარდამჭერთა ნიანგის ცრემლები ვერ გადაფარავს აშკარა სიმართლეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელი იქნებოდა ყველა ამ დანაკარგის თავიდან აცილება, ჰამასსა და ღაზაში მყოფ მის თანამოაზრეებს რომ არ გაეტაცებინათ ისრაელის მოქალაქეები ან გაეთავისუფლებინათ ამ ბრძოლამდე. ის, ვინ იწყებს ომს და აგებს მას, ვერ იტყვის, რომ მსხვერპლს წარმოადგენს.

ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა ისევე, როგორც ყველა სხვა კონფლიქტურ ზონაში მყოფი ადამიანები, რთულ და მრავალწახნაგოვან ჯგუფს წარმოადგენს. თუმცა, ამ მოსახლეობის სამწუხარო მახასიათებელია ჰამასის აქტური მხარდაჭერა და ჩართულობა ისეთ საძრახის და უზნეო ქმედებებში, როგორიცაა ისრაელის მოქალაქეების მძევლებად აყვანა, სექსუალური ძალადობა და მკვლელობა. შვიდი ოქტომბრისა და შემდგომი პერიოდის მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ღაზის სექტორის ბევრი მაცხოვრებელი მხარს უჭერს ჰამასს. უფრო მეტიც, ათასობით მისი მაცხოვრებელი მონაწილეობას იღებდა ისრაელის სოფლების სისხლისმღვრელ განადგურებაში, მოროდიორობაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში. ბევრმა ნება დართო ჰამასს მათ სახლებში დაემალათ მძევლები და ტერორისტები, გამოეყენებინათ ეს სახლები იარაღის შესანახად და გვირაბებთან დასაკვშირებლად. ასეთი ქმედებების აშკარა მაგალითია ღაზის სექტორის მაცხოვრებელი ახალგაზრდა მკვლელის ჩანაწერები, როცა იგი 7 ოქტომბერს მშობლებს ურეკავდა ერთ-ერთი მსხვერპლის ტელეფონით და ტრაბახობდა, რომ საკუთარი ხელებით მოკლა 10 ებრაელი. კიდევ ერთი და ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი მაგალითია ღაზის სექტორის წარმომადგენელი ტერორისტის ჩვენება, სადაც იგი ამბობს, რომ მან, მამამისმა და ბიძამ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს ისრაელელი ქალი. ორივე მაგალითი ებრაელების გამანადგურებელი დეჰუმანიზაციის აშკარა მტკიცებულებაა, რაც ღაზის სექტორის მაცხოვრებლების დიდი უმარვლესობისათვის მახასიათებელი სიკვდილის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ღაზის სექტორის 71% დარწმუნებულია, რომ ჰამასის გადაწყვეტილება, განეხორციელებინა შეტევა ისრაელზე 7 ოქტომბერს, იყო სწორი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ღაზას ყველა მცხოვრებელი ასეთი ქმედების თანამზრხველია, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია დავინახოთ ის სეგმენტები, რომლებიც შორს არიან სრული უდანაშაულობისგან.

ჰამასი არ არის გარედან ჩანერგილი უცხო იმპლანტი. უპირველეს ყოვლისა, ის მუსლიმური საძმოს ადგილობრივი განშტოებაა ღაზაში. ჰამასის ლიდერები და სამხედროები ღაზაში დაბადებულები და გაზრდილებია არიან და, შესაბამისად, ღრმად აქვთ ფესვები გამჯდარი ღაზის სექტორის სოციალურ სისტემაში. ტერორისტული ორგანიზაცია აკონტროლებს არა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებს, არამედ ბიზნესსა და ვაჭრობას (ფიზიკური პირებისა და კომპანიების მუდმივი გამოძალვისა და რეკეტის თუ შანტაჟის გზით, რასაც თან ერთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშატბიანი არამიზნობრივი გამოყენება), სოციალურ სამსახურებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.

გარდა ამისა, ჰამასის მხარდაჭერა და ძალადობრივ აქტებში მონაწილეობა ცდება უბრალო დამოკიდებულ ყოფნასა და იძულებას. აქ იდეოლოგიური თანხვედრის მნიშვნელოვანი ელემენტიც შეინიშნება. ღაზის სექტორის საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული სისტემა ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდებზე ისრაელის საწინააღმდეგოდ მიმართული სიძულვილისა და ძალადობის ნარატივის გამოყენებით. ასეთი ინდოქტრინაცია არა მხოლოდ პასიურ მხარდაჭერას უწყობს ხელს, არამედ ხშირად მივყავართ ტერორისტულ ქმედებებში აქტიურ ჩართულობამდე. შემაშფოთებელი ფაქტია, რომ UNRWA საშუალებას იძლევა, რომ ასეთმა წაქეზებამ შეაღწიოს მის ინსტიტუციებში და, განსაკუთრებით სკოლების ქსელში, სადაც მასწავლებლები და დირექტორები ხშირად ჰამასის სამხედრო პირები და მხარდამჭერები არიან და ღაზის სექტორის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასწავლიან, რომ ჰამასის ამაზრზენი აქტები ლეგიტიმურია.

ეს საშუალებას აძლევს ჰამასს მოახდინოს მხარდაჭერის კულტივირება, რაც ცდება პოლიტიკურ ერთგულებას და გადადის ძალადობრივ დღის წესრიგში მონაწილეობაში. ამ ჯგუფის სრულ კონტროლს ეკონომიკაზე, ჰუმანიტარულ დახმარებასა და სოციალურ და საგანმანათლებლო ქსელზე შედეგად მოაქვს მოსახლეობის მხარდაჭერა და, ამავდროულად, წარმოებული პოლიტიკა ხელს უწყობს და აძლიერებს ისრაელის წინააღმდეგ ტანჯვისა და წამების და ძალადობრივი დანაშაულების კულტურის პროპაგანდას მძევლების აყვანის, გაუპატიურებისა და მკვლელობების ჩათვლით.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია ამ პრობლემებთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია ჰამასის ქსელის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაწყებული ლიდერებით, დამთავრებული მათი მიმდევრებით, მკვლელებით, სკოლაში გამაგრებული სამხედრო პირებითა და სახელმწიფო მართვის ორგანოებით, რომლებიც წარმოადგენენ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ნაწილს ან მხარს უჭერენ ღაზის სექტორში მაცხოვრებელი ბავშვებში სიძულვილისა და ძალადობის გაღვივებას.

ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო