გია ხუხაშვილი - თუ მულტიპარტიული ხელისუფლება შედგება, გამიკვირდება, სალომე ზურაბიშვილს რომელიმე პარტიამ არ დაუჭიროს მხარი - ვინ უნდა მოძებნონ მასზე უკეთესი?

თუ ეს ბრძოლა ქართული საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდა, ანუ ქვეყანა დაბრუნდა ევროპული განვითარების კალაპოტში, სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს, რომ უკვე ახალმა ხელისუფლებამ მას შესთავაზოს საქართველოს პრეზიდენტობა, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე არსებობდეს ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც გარანტად გამოვა არჩევნების მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ხელისუფლების რბილი გადაბარების პროცესისა.

„საპრეზიდენტო კანდიდატობა არ ნიშნავს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, იმიტომ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციითაც არის ერთგვარი ზეპოლიტიკური ფიგურა. დღესაც ის ფაქტობრივად, ამ პოზიციაშია. მას, როგორც ჩანს, ეს პოზიცია მოსწონს და პრინციპში, მზადაა, რომ გააგრძელოს ამ პოზიციაზე მუშაობა. რეალურად მისი კანდიდატურის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოცემულობაში, როცა ხელისუფლება შეიცვლება და კოალიციურ მმართველობაზე გადავდივართ. პარტიულობა აქ უფრო ხელისშემშლელია მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ვიდრე ხელშემწყობი. ასე რომ, მე მის ამ გზავნილს არ განვიხილავდი საარჩევნო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. პირიქით, ის ბოლომდე შეინარჩუნებს ზეპოლიტიკურ პოზიციას და თუ არჩევნებზე ყველაფერი სწორად განვითარდა და ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმალურ ევროპულ გზას, თუ ხელისუფლებაში მოსული კოალიციური ხელისუფლება და პლუს მხოსნები და ა.შ გადაწყვეტენ და მის კანდიდატურაზე შეაჩერებენ საკუთარ არჩევანს, ის ამით ბედნიერი იქნებოდა. მან მხოლოდ ეს თქვა. უფრო მეტად მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეინარჩუნებს ამ ზეპოლიტიკურ პოზიციას არჩევნებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე გვყავდეს ლეგიტიმური ფიგურა, რომელიც გარანტად გამოვა არჩევნების მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და ხელისუფლების რბილი გადაბარების პროცესისა. არ მგონია, რომ სწორი იყოს, გადადგეს და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. ხომ ვიცით, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ვერ შევა თუ არ გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან.

ამ არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. არა კონკრეტული ძალაუფლების განაწილების თვალსაზრისით, არამედ ეგზისტენციალურ არჩევანს ვაკეთებთ, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს უკავშირდება. მისი როლი ძალიან მაღალია. ის ერთგვარი ორთქლმავალია მთელი ამ რეფერენდუმის პროცესის. ან დასავლეთში მივდივართ, ან რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით. ის ცენტრალურ როლს თამაშობს მთელს ამ პროცესში. მე მივიჩნევდი, რომ თუ ეს ბრძოლა დამთავრდა ქართული საზოგადოების გამარჯვებით, ანუ ქვეყანა დაბრუნდა ევროპული განვითარების კალაპოტში, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ უკვე ახალმა ხელისუფლებამ მას შესთავაზოს საქართველოს პრეზიდენტობა. ხელისუფლება თუ შეიცვლება და მულტიპარტიული ხელისუფლება თუ შედგება, ვფიქრობ, მას არათუ შანსი ექნება, გამიკვირდება, რომ ხელისუფლებაში მოსულმა რომელიმე პარტიამ არ დაუჭიროს მხარი. ვინ უნდა მოძებნონ მასზე უკეთესი? მას აქვს ეს ამბიცია და კარგია, რომ ამას ხმამაღლა ამბობს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა