სასამართლომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება გუგუჩიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობდა. მისივე განმარტებით, ვიტალი გუგუჩიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები არსებობდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, დაზარალებული ჟურნალისტისა და ოპერატორის ინფორმაციით, მათ ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გუგუჩია ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მათ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლეს.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, გუგუჩიას არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია და თავად ოპერატორმა იძალადა. ადვოკატის თქმითვე, ჟურნალისტური საქმიანობა დასრულებული იყო, რა დროსაც ოპერატორის მხრიდან მოხდა ძალადობა.

ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ გამოეყენებინა და თუკი, სასამართლო გირაოს გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ის მინიმალური ოდენობით განესაზღვრა.

პოზიცია თავად ბრალდებულმაც დააფიქსირა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა.

„4 შვილის მამა ვარ და არ ვაპირებ ჩემი შვილების არსად დატოვებას, არსად წაყვანას, ამ ქვეყანაში დავრჩები და სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს თავისუფალი და ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ. ამ ორი თვის განმავლობაში არსად წავსულვარ, არც საქმის მეორე მხარეს არ დავკავშირებივარ, არც მუქარა არ განმიხორციელებია. მტკიცებულებების განადგურების სურვილი არ მქონია, რანაირად უნდა მქონდეს სურვილი მტკიცებულებების განადგურების, როცა მტკიცებულებები ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს. შესაბამისად, არ მესმის, არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შემეფარდოს. ამ ინციდენტამდე მე და ჩემს მეუღლეს დაგეგმილი გვქონდა სტამბოლში წასვლა, ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი გავაუქმე. არავის მივცემ საფუძველს, რომ ვინმემ იფიქროს, ამ ქვეყანას დავტოვებ და ვიღაცას დავემალები. ვითხოვ, არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიების სახე არ იყოს გამოყენებული, ვინაიდან მე უდანაშაულო ვარ. საფუძველი არ არსებობს, რომ განმეორებით რამე დანაშაულს ჩავიდენ, არც არასდროს ჩამიდენია და არც ჩავიდენ“, - განაცხადა გუგუჩიამ.

ცნობისთვის, ვიტალი გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს