ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით გვაქვს მზაობა იმისა, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ როგორც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოძმე აფხაზი და ოსი ადამიანები, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველაფერ ამას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.
როგორც გორდულაძემ განმარტა, აქვთ მოლოდინი, რომ “ნაცმოძრაობა” ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენ კარგად ვიცით, პირდაპირ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ სახელმწიფო მოწყობის საკითხები გადაიხედება კონსტიტუციური კანონით. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით გვაქვს მზაობა იმისა, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ როგორც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოძმე აფხაზი და ოსი ადამიანები. ყველაფერ ამას დასჭირდება მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ პირდაპირ გვაქვს მოლოდინი, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პირდაპირ უღალატოს. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს, ვინც პასუხისმგებლიანია, მოვუწოდებთ, რომ ქუდზე კაცი გამოვიდნენ და მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”. მოგვცენ შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შედეგად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური მომავალი დავუსრულოთ”, - აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.
გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.