ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც ამ გარე ძალებზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ არცერთ ქვეყანას, ეს არის სხვა ტიპის ძალებს. ჩვენ არც აშშ-ს ვგულისხმობთ და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ვარაუდით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის პირობებში, გარე ძალების მხრიდან უფრო შენელდება წნეხი, რომელიც „ბოლო წლების განმავლობაში მოდიოდა“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს გარე მფარველები, გარე ძალები. ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც ჩვენ ამ გარე ძალებზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ არცერთ ქვეყანას, ეს არის სხვა ტიპის ძალები. ჩვენ არც აშშ-ს ვგულისხმობთ და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნება, ამ გარე ძალების მხრიდან უფრო შენელდება ის წნეხი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოდიოდა ჩვენთან. როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვიქნებით გამყარებული, ვერავინ ვეღარ ჩაერევა და გამოესარჩლება “ნაციონალურ მოძრაობას”. ზუსტად ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, ეს არის”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.
გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.