გიორგი კალანდარიშვილი - კენჭისყრის დღეს, თეორიულად, ვინმეს მანიპულაცია რომ სურდეს, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ეს მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებებში შეიძლება იყოს - ახალი ტექნოლოგიის გამოყენებისას გაყალბების რისკები ორმაგად და სამმაგად გადაზღვეულია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა და შესაბამისად, ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული ფორმატით იმართება და 3030 საარჩევნო უბანში, ამომრჩევლებმა პარლამენტის 150-ვე დეპუტატი პარტიული სიიდან უნდა აირჩიონ. მიმდინარე წლის არჩევნები გამორჩეული იმითაცაა, რომ ის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება, ამასთან, კანონმდებლობით, პარტიებს აღარ აქვთ ბლოკების ჩამოყალიბების უფლება.

როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის? რას ცვლის საარჩევნო პროცესში, მის სანდოობასა და ხარვეზების გარეშე ჩატარებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა? ამ და სხვა თემებზე, არჩევნებამდე არასრული 2 თვით ადრე „ინტერპრესნიუსი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები ოფიციალურად დანიშნა და დაწყებულია საარჩევნო კამპანიაც. როგორ მიმდინარეობს სამზადისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ არჩევნები უხარვეზოდ და კითხვების გარეშე ჩატარდეს?

- მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, 27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა აქტი, რომლის მიხედვითაც მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი რამდენიმე გარემოების გამოა: 1. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდგომ, ეს არის პირველი არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა უნდა იყოს გათვალისწინებული. 2. შეიცვალა საარჩევნო სისტემა - შერეული საარჩევნო სისტემიდან გადავედით მხოლოდ პროპორციულზე, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მხოლოდ მისთვის სასურველი პოლიტიკური გაერთიანების არჩევის შესაძლებლობა ექნება და 3. ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომელიც ასეთი დიდი მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. ეს დაფარავს ამომრჩეველთა თითქმის 90%-ს. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიაროს რეგისტრაცია, რაც იგივეა გაიაროს ვერიფიკაცია თუ იდენტიფიკაცია, შემდგომ კი, მოათავსოს ბიულეტენი ხმის მთვლელ ოპტიკურ სკანერებში, რომელიც, პირველ რიგში, სწრაფად და ზუსტად თვლის შედეგებს და თავის მხრივ შემდგომ მნიშვნელოვნად აჩქარებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას.

მესამე კომპონენტი ტექნოლოგიური ინტერვენციის ეს არის პლანშეტების გამოყენება, რომელთა მეშვეობით პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელდება შედეგების გადმოგზავნა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს. ამ პროცესში ჩვენი მიზანია ყველა ამომრჩევლის თანაბარი ინფორმირება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. სწორად ამ მიზნით, წელიწად ნახევარზეა მეტია რაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რეალურად არჩევნების დანიშვნით ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გადავედით საარჩევნო რეჟიმზე, თორემ ამ რეჟიმში ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი მიზანია ამომრჩევლისთვის ყველა სერვისისა თუ სიახლის შესახებ ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და თანაბარი პირობების შექმნა. შემდგომ ისინი თავად წყვეტენ არჩევნებში მიიღონ თუ არა მონაწილეობა. რა თქმა უნდა, რაც მაღალი იქნება ამომრჩევლების უბნებზე გამოცხადება, მით მაღალი იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი და ჩვენც ცხადია, ყოველთვის მეტი აქტიურობისკენ და მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ მათ.

- ვიდრე იმ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხს გავშლით, რომლის გამოყენებითაც საქართველოში პირველად ტარდება არჩევნები, საარჩევნო სუბიექტებზე მინდა გკითხოთ. მოგეხსენებათ, „საარჩევნო კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ შეუძლიათ, რის გამოც პოლიტიკოსების ნაწილი ერთი კონკრეტული პარტიის სახელის ქვეშ ერთიანდება. მათმა ნაწილმა ინოვაციურ მეთოდებსაც კი მიმართა და ცვლილებები პარტიის სახელწოდებებში შეიტანა. გარკვეული პარტიის ლიდერებს უწევთ პარტიის დატოვება, რომ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის სიაში ჩაეწერონ და ერთგვარი ერთობა ამ გზით შედგეს. საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა ფორმულირებით იქნება ახლად შექმნილი გაერთიანებების სახელები ბიულეტენზე დატანილი და ხომ არ შეექმნებათ ოპოზიციურ პარტიებს სახელწოდების კუთხით რაიმე პრობლემა?

- დიახ, დღეს კანონმდებლობა ბლოკების არსებობას აღარ ითვალისწინებს. შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს კოალიციური შეთანხმებები ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იურიდიულად ეს ქაღალდზეც ასე გადადის. თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სახელით მონაწილეობა სურთ, ასეთ შემთხვევაში, მათ აქვთ ვალდებულება, დატოვონ საკუთარი პარტია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეწერონ სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში. ეს არის საკანონმდებლო მოცემულობა, რომელიც პირველად ამ არჩევნებზე ამ სახით იქნება გამოყენებული. რაც შეეხება პარტიების მიერ სახელის გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში კანონი გვეუბნება ერთ რამეს - პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომელიც არჩევნებში იქნება გამოყენებული, უნდა ემთხვეოდეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად არსებულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას.. მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიამ, რეგისტრაციის მომენტისთვის, რეესტრში რეგისტრირებული სახელწოდება წარმოადგინოს. სახელის შეცვლის გონივრულ ვადად შეგვიძლია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა ვივარაუდოთ, ეს არის 26 სექტემბერი, თუმცა მთლიანობაში სახელის ცვლილება ბიულეტენის ტექსტის დამტკიცებამდე იქნება შესაძლებელი.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არ აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება), შესაბამისად, ცესკო აღნიშნული საკანონმდებლო საფუძვლებით იხელმძღვანელებს.

სახელის ცვლილების მიზნით პოლიტიკურმა გაერთიანებებმა რეკომენდებულია 26 სექტემბრამდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ბიულეტენის ტექსტის დამტკიცებამდე განცხადებით მომართონ ცესკოს და ზუსტად მიუთითონ, რა სახელწოდებით სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამის შემდგომ განხორციელდება იმის შეფასება, თუ რამდენად არის სახეზე სახელის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი და შემდგომ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მარეგისტრირებელ დოკუმენტში (ესაა ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება), განხორციელდება ასეთი ტიპის ცვლილებები. ასევე, სათანადო ცვლილებები აისახება რიგითი ნომრების შესაბამის სამართლებრივ აქტშიც და ეს იქნება ზუსტად ის სახელწოდება, რომელიც შემდგომ, კომისიის მხრიდან, ბიულეტენების ტექსტის დადგენისას იქნება გათვალისწინებული.

- დავუბრუნდეთ კვლავ არჩევნების სამზადისს - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველი არჩევნებია, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. მოდით, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას, რა უპირატესობა აქვს ელექტრონულ არჩევნებს და რას ცვლის საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა?

- თუ გასული წლების განმავლობაში, ქვეყნის შიგნით, ამომრჩეველს დაახლოებით 3700-მდე უბანი ემსახურებოდა, ამ შემთხვევაში, კანონმა ახალი წესი დაადგინა, უბნების ნაწილი გამსხვილდა და შედეგად, დღეის მდგომარეობით, ამომრჩეველს სულ 3030 საარჩევნო უბანი მოემსახურება. მათგან 2262 საარჩევნო უბანი იქნება ტექნოლოგიური, სხვა დანარჩენ უბნებზე კი ამომრჩეველი ხმას ტრადიციული წესით მისცემს. რაც შეეხება სამხედრო დაწესებულებებს, იცით, რომ იქ უბნები აღარ იხსნება, ისინი მიემაგრებიან ან უახლოეს საარჩევნო უბანს, ან გადასატანი ყუთით ისარგებლებენ, თუ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ტოვებენ სამუშაო ადგილს. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს და სტაციონარს, ამ ტიპის დაწესებულებებში უბნების გახსნა დამოკიდებულია ამომრჩეველთა რაოდენობაზე. კერძოდ კი, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 50-ს, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მომართვის საფუძველზე შეიქმნება საარჩევნო უბანში, სხვა შემთხვევაში განხორციელდება გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. შშმ პირებს აქვთ ადგილზე ადაპტირებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამას გარდა, თუ საარჩევნო უბანი, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანია რეგისტრირებული და ეს უბანი არაა ადაპტირებული, მას შეუძლია მიმართოს იმავე ოლქის ნებისმიერ საარჩევნო უბანს, რომელიც ადაპტირებულია. ის გადასატანი ყუთები, რომლებიც გავა ტექნოლოგიური საარჩევნო უბნებიდან, იქნება იგივე ბიულეტენი, რაც იმ საარჩევნო უბანზეა. ხოლო, როცა 8 საათზე დაიხურება უბანი, შესაბამისი ჩარჩო ფორმის გამოყენებით, მსგავსი ტიპის ბიულეტენები ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსდება. შესაბამისად, თუ ტრადიციული საარჩევნო უბნიდან გავა გადასატანი საარჩევნო ყუთი, ბიულეტენებიც იქნება ტრადიციული ფორმის.

სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა წუხილი კენჭისყრის დღის კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ყოფილიყო დათვლის ნაწილი, შემაჯამებელი ოქმის ნაწილი, თუნდაც კენჭისყრის დღის მიმდინარეობა. ცხადია, როცა ათი ათასობით ადამიანი უწევს ამ პროცესს ადმინისტრირებას, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა არსებობს. აპარატების გამოყენებით კი, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა. არის შედეგების კიდევ უფრო მეტად სიზუსტის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. დაჩქარებულია წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რომელიც ჩვენი დაკვირვებით და განვლილი პილოტების შედეგად, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე მონაკვეთი იქნება, საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ 21:30. ამასთან, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ აპარატი სწორად ითვლის, ზუსტი და სანდოა შედეგების შედგენის პროცესი, უკლებლივ ყველა საარჩევნო უბნის შედეგი უპირობოდ გადაითვლება. 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში ვნახეთ, რომ აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილ შედეგებს შორის, ფაქტობრივად, სხვაობა არ ყოფილა, გარდა მცირედი პროცენტისა, რომელიც ჯდება იმ ზღვარში, რასაც საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკა ითვალისწინებს და არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია შედეგებზე. ხელით გადათვლა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა ამ პროცესთან მიმართებით იყოს მაღალი გამჭვირვალობა, ღიაობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ სანდოობასაც.

- საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მუდმივად თან ახლავს ინფორმაციები გაყალბებისა და ამ მიზნით არაერთი ხერხის გამოყენების შესახებ, მათ შორის მუდმივად საუბარია ე.წ საარჩევნო კარუსელებზე. რას ცვლის და ცვლის თუ არა რამეს ახალი ტექნოლოგიები, როცა საქმე გაყალბების მექანიზმებს ეხება?

- გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. მე ამას უფრო მანიპულაციებს, სპეკულაციებს დავარქმევდი. ჩვენ ბევრი რამ გვესმოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ გვინახავს არცერთი დადასტურებული, დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც კენჭისყრის დღის სხვა პროცედურებთან მიმართებით რაიმე დანაშაულს გამოკვეთდა.

ამომრჩეველთა სიები, მარკირება, 17-წევრიანი კომისიის შემადგენლობა... მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაა და ინკლუზიურია პროცესი. თავი რომ დავანებოთ დამკვირვებლების, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ყოფნას, საარჩევნო უბანზე, როგორც მინიმუმ, კომისიის 17 წევრი იმყოფება. თეორიულად ვინმეს მანიპულაცია რომ სურდეს, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. იმიტომ, რომ ამდენი ზედამხედველი, მონიტორი, ამდენი დამკვირვებელი ჰყავს ამ პროცესს. საერთო შეთანხმების არსებობა, ვინმემ რაიმე მანიპულაცია მოახდინოს, ეს მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებებში შეიძლება იყოს. ეს ტრადიციული არჩევნების პირობებში დაზღვეული იყო, დღეს კი ტექნოლოგიის გამოყენებისას ორმაგად და სამმაგადაა გადაზღვეული. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით არიან წარმოდგენილები, წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა კომისიებიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები გამოითხოვონ. შემდგომ კი უკვე კენჭისყრის დღეს როგორც კედლის სიებს, ასევე აპარატიდან ამობეჭდილ სიებს შეადარონ. ის რაც გვესმის ხოლმე ამ საკითხის ირგვლივ გარკვეული მითები, ეს, ყველაფერი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. ჩართულ მხარეებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში სიღრმისეულად გადაამოწმონ და დარწმუნდნენ ამ პროცესის უტყუარობაში. ელექტრონული ვერიფიკაცია კი ნიშნავს იმას, რომ სიებში სხვა გრაფაში შეცდომით ხელმოწერის დაშვება, ან სხვა ისეთი საკითხები, რომელიც პრაქტიკაში არაერთხელ გვინახავს, ფაქტობრივად სრულად დაზღვეულია. ასეთ შემთხვევაში, შეცდომის დაშვების არათუ ალბათობა არაა, არამედ, ის საერთოდ არ არსებობს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია ამერიკული კომპანიის მიერ, რომელმაც გასულ წელს ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

- კვლავ არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უნდა გკითხოთ - სოციალურ ქსელში არაერთი პირი წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლას აქვს ადგილი. კერძოდ, მოქალაქეებმა მიიღეს დავალება, რომ საარჩევნო კაბინაში, ხმის მიცემის შემდეგ ფოტო გადაიღონ და წარმოადგინონ. რამდენად რეალური შეიძლება იყოს მსგავსი საფრთხე?

- ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ რას ავალებს, რომელი პოლიტიკური პარტია, რა მიზნით და ა.შ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის კანონმდებლობით ვმოქმედებთ! კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია, ისევე როგორც აკრძალულია საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს იქნება მხოლოდ ერთი ბიულეტენი, რომელიც იქნება დიდი ზომის და ის კომისიისთვის, სხვა იქ მყოფნი უფლებამოსილი პირებისთვის ხილვადია. ეს ამომრჩეველსიმის შესაძლებლობას არ მისცემს ბიულეტენი უბნიდან გაიტანოს.

გარდა კანონმდებლობისა, წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსხვავებული დიზაინის საარჩევნო კაბინები იქნება, რომელსაც წინა მხარე ამოღებული ექნება. წინა მხარეს მხოლოდ ისეთი სიმაღლე იქნება დატოვებული, რომელიც ამომრჩეველს ფარულობისთვის სჭირდება. ეს არის იმისთვის, რომ იქ მყოფმა უფლებამოსილმა პირებმა თვალყური მიადევნონ ამომრჩეველს, ხომ არ იღებს ფოტო-ვიდეოს და ასეთი შემთხვევების პრევენცია განხორციელდეს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ასეთი ტიპის რისკები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.

- საინტერესოა, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისა და არჩევნების დღეს მის გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენად არის ინფორმირებული თავად ამომრჩეველი. ვიცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალურ კამპანიას ახორციელებდა, თუმცა ალბათ, მაინც იქნებიან მოქალაქეები, რომლებსაც არ ეცოდინებათ, შეცვლილი წესებისა და პროცედურების პირობებში, საარჩევნო უბანზე როგორ უნდა მოიქცნენ. რა ხდება ამ შემთხვევაში?

- როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენი ინსტიტუციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ამომრჩეველთა მაქსიმალური ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა. ნებისმიერ სიახლეს სჭირდება საზოგადოებამდე მიტანა, ახსნა. ჩვენ ეს საინფორმაციო კამპანიები ჯერ კიდევ 1.5 წლით ადრე დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ სრულად ყველა ამომრჩეველი ვერ დაიფაროს. თუმცა, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე რიგში დგომისასაც ექნება შესაძლებლობა, რომ იქ გამოკრულ პოსტერზე მიიღოს ინფორმაცია. იქაც თუ არ წაიკითხა, ესეც ერთ-ერთ ჩვენს ნოვაციას წარმოადგენს, საარჩევნო ბიულეტენის დასაწყისში იქნება მოცემული ინსტრუქცია და საცდელი წრე იმისთვის, რომ ამომრჩეველმა კომისიის წევრ რეგისტრატორთან ერთად, თავად ნახოს და გააფერადოს წრე. კომისიის წევრი რეგისტრატორი არ გადასცემს ამომრჩეველს ბიულეტენს მანამ, სანამ ის არ გააფერადებს ამ საცდელ წრეს და ამით ფაქტობრივად მაქსიმალურად არის გადაზღვეული ისეთი შემთხვევები თუ ამომრჩევლამდე ვერ იქნა მიტანილი ინფორმაცია ასეთი ტიპის ცვლილების შესახებ.

- ტექნიკურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ და სხვა კომპონენტებზეც ვისაუბროთ - საქართველოში გასულ წლებში ჩატარებულ, ფაქტობრივად, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები არამხოლოდ საარჩევნო სუბიექტების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდანაც ანუ არჩევნებთან მიმართებაში ნდობის ხარისხი არც ისე მაღალი იყო. როგორ გეგმავთ დაკარგული სანდოობის დაბრუნებას და რამდენად უზრუნველყოფს ნდობის აღდგენას მხოლოდ არჩევნების ელექტრონულად ჩატარება?

- რა თქმა უნდა ჩვენ ორიენტირებული ვართ ნდობის ზრდაზე და ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ნდობა დაკარგული გვაქვს. ესეც გარკვეულწილად მიზანმიმართულად შექმნილი აღქმების გამოძახილია. კითხვებისგან, სპეკულაციისგან, მანიპულაციისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ. ჩვენ პულსზე მაქსიმალურად გვიდევს ხელი, იმისთვის, რომ დეზინფორმაციით, არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. ვცდილობთ ასეთი საკითხების ოპერატიულად იდენტიფიცირებას, რათა საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ჰქონდეს. ნდობის მთავარი განმსაზღვრელი არის გამჭვირვალე საქმიანობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. რაც შეეხება საკითხს - ამას ტექნოლოგიების გამოყენება რამდენად უზრუნველყოფს, ტექნოლოგია არ შეიძლება განვიხილოთ ზოგადად არჩევნების გარდამტეხ გარემოებად, პანაცეად. ის არის უდავოდ მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა წუხილები, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით არსებობდა, აღმოიფხვრას და მოგვარდეს, ხოლო საარჩევნო პროცესი მთელი ციკლისგან შედგება, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მთლიანობას და რომელიც მოიცავს როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე წინა და პოსტ საარჩევნო პერიოდებსაც, რომელშიც არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ ბევრი ჩართული მხარეა, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა გააჩნიათ პროცესთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს უწყებას, რაც რიგ შემთხვევებში არჩევნების შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები მეტ გამჭვირვალობას, მეტ სიზუსტეს, მეტ სიმარტივეს უზრუნველყოფს, ეს თავის მხრივ, იმ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც პროცესისადმი და უწყებისადმი ნდობის გაზრდა ჰქვია.

- უშუალოდ თქვენს ფაქტორზე გკითხავთ. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ის ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, რასთან მიმართებაშიც როგორც ოპოზიციურ ძალებს, ისე არასამთავრობო სექტორს კითხვები აქვს - ისმის შეფასებები, რომ თქვენ „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი თავმჯდომარე ხართ და ამიტომაც მიიღეთ ამ პოსტზე მმართველი პარტიის მხარდაჭერა. რით დაარწმუნებთ საზოგადოებას, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნები იქნება სამართლიანი და სანდო? როგორ გაანეიტრალებთ ამდენ უარყოფით განწყობას, რომელიც თქვენს პერსონასთან და ჯამში, ცესკოსთან მიმართებაში ისმის?

- ეს არის ტარგეტირებული მცდელობები იმისა, რომ მმართველ პარტიასთან ჩემი ასოცირება და აფილიაცია მოხდეს. საუბარს, თითქოს, ეს ასეა, არანაირი საფუძველი არ აქვს. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, რომ ინსტიტუციაში 2008 წლიდან ვსაქმიანობ, სხვადასხვა ხელისუფლების, ხელმძღვანელების დროს, სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე და ბოლო სამი წელია, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციას ვიკავებ. დღევანდელ დღემდე არ ყოფილა არცერთი არგუმენტი, მტკიცებულება, რომელიც ჩემს მიკერძოებაზე, დამოუკიდებელი საქმიანობის არ განხორციელებაზე, ვინმეს გავლენების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებდა. 16-წლიან სამუშაო პერიოდში ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო საქმიანობის პროფესიულად, ეთიკურად და მაღალი კომპეტენციით წარმართვა. ეს საკითხი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ღერძად რჩება. ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ისევე როგორც ქვემდგომი კომისიები, კოლეგიურ ორგანოს წარმოვადგენთ. იქ გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება არ ხდება. ეს ხდება კომისიურად, სადაც არის 17 წევრი (8 პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო 9 პარტიების მიერ დანიშნული), ცესკო-ს თავმჯდომარეს კი იქ 1 ხმა აქვს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებები, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთ მიზანს ემსახურება - გარკვეულწილად, ჩემი დისკრედიტაცია განხორციელდეს და მმართველ პარტიასთან აფილიაცია.

შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ მე მხარი დამიჭირა რამდენიმე პარტიამ. ვიღაცას თუ არ მოსწონს ეს პარტიები, ეს რა თქმა უნდა, მათი შეფასების ნაწილია, თუმცა ფაქტი ამ გადაწყვეტილების - შედეგები, როგორც ბოლო არჩევისას, ასევე, წინა არჩევისას - სახეზეა.

- აძლევს გიორგი კალანდარიშვილი ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას გარანტიას, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საარჩევნო ადმინისტრაციასა და კონკრეტულად, თქვენზე გავლენა არ ექნება?

- [გავლენა] გიორგი კალანდარიშვილზე არც ჰქონიათ და არც ექნებათ. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი გახლავთ ის, რომ თავისუფალი ვარ ყველანაირი პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან და თავისუფალი ვარ ჩემს მოქმედებებში, არა იმიტომ, რომ მე გიორგი კალანდარიშვილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ინსტიტუციაა ამ სტატუსის მატარებელი, დამოუკიდებელი ადმინისტრაციული კოლეგიური ორგანო და იქ გადაწყვეტილებები არა გიორგი კალანდარიშვილის ახირებით, ან მხოლოდ მისი ინიციატივით მიიღება, არამედ ეს ხდება კოლეგიურად, როგორც მინიმუმ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელშიც მე, როგორც ერთ წევრს, მსგავსად ჩემი 16 კოლეგისა, 1 ხმის უფლება მაქვს. ჩვენი მიზანია, რომ ინსტიტუცია დავცალოთ პოლიტიკისგან და მაქსიმალურად გავიტანოთ პოლიტიკა აქედან. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობები მეტი პოლიტიკა იყოს შემოტანილი, ჩვენი მოქმედებების მთავარი მიზანია ინსტიტუცია რაც შეიძლება თავისუფალი და დაცლილი იყოს პოლიტიკური კომპონენტებისგან.

- რადგან ცესკო-ს მიმართ არსებულ კითხვებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე დღის წინ მიღებულ დადგენილებაზეც გკითხავთ, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კომისიის წევრები ფუნქციებს არჩევნების დღის ნაცვლად, ერთი კვირით ადრე გადაინაწილებენ. ამ დადგენილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ თქვენს ოპონენტებს, მათ შორის თქვენს ყოფილ ოპოზიციონერ მოადგილესაც. რატომ გახდა ამ დადგენილების მიღება საჭირო და რატომ მიიჩნევთ, რომ საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთი კვირით ადრე უნდა მოხდეს?

- ეს, გარკვეულწილად, ალბათ, უფრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული. 2262 საარჩევნო უბანზე, სადაც პროცედურები ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოსავლენად, ასეთი წესი, ჩვენ, ჯერ კიდევ გასულ წელს დავადგინეთ, იქ კითხვის ნიშნები არავის ჰქონია. ამ დადგენილების მიღებით, ჩვენი მიზანი იყო ის რომ, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი გამხდარიყო და ხოლო მეორეს მხრივ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად, რადგან კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს. აქ დასახელდა წუხილი იმის თაობაზე, რომ, თითქოს, 7 დღით ადრე ასეთი პროცედურის განხორციელება სხვადასხვა უწყებას იდენტიფიცირების მოხდენაში დაეხმარებოდა. რეალურად კომისიის წევრების შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება, ერთი თვით ადრეა ცნობილი. კანონი იმთავითვე განსაზღვრავს გარკვეულ ფუნქციებს, პროფესიული წევრების მიერ რა უნდა შესრულდეს და რა პარტიული წევრების მიერ. თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის ფუნქციები იმთავითვე განსაზღვრულია და მათი ვინაობა ცნობილი ხდება კენჭისყრის დღემდე საკმაოდ ადრე. შესაბამისად, დარჩენილები არიან კომისიის რეგისტრატორები. კანონში პირდაპირ წერია, რომ რეგისტრატორის ფუნქციებს პროფესიული წევრები ასრულებენ. აქედან გამომდინარე, ფუნქციების ძირითადი ნაწილი ისედაც ცნობილია საზოგადოებისთვის. ეს წესი დავადგინეთ იმისთვის, რომ კენჭისყრის დღეს დრო არ დაკარგულიყო და პროცესი წარმართულიყო ერთგვაროვნად, რის გამოც ფუნქციათა წილისყრის პროცედურამ გადმოიწია ერთი კვირით ადრე. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უწყინრად ჩაივლიდა, რომ არა გარკვეული პოლიტიკური მოტივები.

- კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო - რამდენიმე თვეა ოპოზიციური პარტიები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვენ. უცხოეთში მცხოვრები არაერთი მოქალაქეც ჩივის, რომ ხმის მისაცემად სხვა, ხშირ შემთხვევაში შორ მანძილზე მდებარე ქალაქებში უწევთ გამგზავრება და 6-7 საათიანი მგზავრობა. ხომ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ გაიხსნა საზღვარგარეთ დამატებითი უბნები და რატომ გახდა პრობლემა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა გამარტივებულიყო?

- თუ უცხო ქვეყანაში იხსნება საარჩევნო უბანი, ის იხსნება საელჩოში ან საკონსულოში. იმისთვის, რომ საკონსულოსა ან საელჩოში შეიქმნას საარჩევნო უბანი, აუცილებელი პირობაა საკონსულო აღრიცხვაზე არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი იყოს. ეს ხდება საფუძველი კონკრეტულ ლოკაციაზე საარჩევნო უბნის შექმნის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ აწვდის ინფორმაციას, ჩვენ ამ ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტულ ლოკაციაზე ვქმნით საარჩევნო უბანს. მეორე მოცემულობაკი არის შემდეგი: როცა კონკრეტულ ლოკაციაზე საარჩევნო უბანი შეიქმნება, (ამ საარჩევნო უბნის შექმნიდან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბერი)) არასაკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა პირებმა შესაბამის წარმომადგენლობებში შექმნილ საარჩევნო უბნებს სურვილის შემთხვევაში მიმართონ, დაწერონ განცხადება და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია, რაც მათ მისცემს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს ორი შესაძლებლობაა უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს არის ჩვენი ქართული კანონმდებლობით, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპისა, თუ გლობალურად სხვა ქვეყნების შემთხვევაში, უბნების უცხო ქვეყანაში გახსნის შემთხვევაში, ის ძირითადად ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც უცხოეთში საერთოდ უბანს არ ხსნის. გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, 38 ქვეყანაში 58 საარჩევნო უბანი იქმნებოდა.

- რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს გაუწევენ მონიტორინგს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, ზოგიერთი ორგანიზაციის, მათ შორის NDI- (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს) ფინანსური საქმიანობა არაა გამჭვირვალე, რის გამოც, მისივე შეფასებით, არსებობს რისკები, რომ ამ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ღონისძიებები ამოყენებული იყოს პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. საინტერესოა, რას ფიქრობს ცესკოს თავმჯდომარე, ანტიკორუფციული ბიუროს ეს განცხადება თქვენთვისაც საკმარისი საფუძველია ასეთი გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ კითხვების გასაჩენად? რა არის საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არბიტრის ფუნქცია მიუკერძოებლად შეასრულონ?

- ჩვენ ანტიკორუფციული ბიუროს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით, ეს მათი შეფასებებია, მათი საქმიანობის ნაწილია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გარკვეულ მოთხოვნებს ადგენს, იმისთვის, რომ მათ გაიარონ შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები და მერწმუნეთ, რომ დაცული იქნება საარჩევნო კანონმდებლობა სრულად. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს, მათი არსებობა არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. თუმცა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოეთხოვება ყველას. მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, გადამოწმებული და ვერიფიცირებული ინფორმაცია ასახონ თავიანთ სადამკვირვებლო დასკვნებში და ამის საფუძველზე მოახდინონ თავიანთი დასკვნებისა თუ რეკომენდაციების ფორმირება. ჩვენი მხრივ, ვადასტურებ ღიაობას და თანამშრომლობას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია.

- და ბოლოს, არჩევნებამდე 2.5 თვით ადრე, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ირგვლივ 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს. ასევე, ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური გაჩნდა. რატომ გახდა ეს საჭირო მაინცდამაინც ახლა, მაინცდამაინც ამ არჩევნებზე, რომელიც თავად საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ერთგვარ რეფერენდუმად ფასდება? რისთვის ემზადებით? ხომ არ ელოდებით პროტესტს? არის ეს ერთგვარი თადარიგის დაჭერა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მოსალოდნელი მოვლენებისთვის?

- სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან ეს საკითხი ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინდა, თან იმ ფონზე, როცა ამ ყველაფერს სხვა კონტექსტი ერთვის და კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. პრაქტიკაში ჩვენ გვინახავს ცესკო-ს წინა თავმჯდომარის ბრიფინგის ჩაშლის მცდელობა, შენობაში შეჭრის მცდელობები და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწოდება-განცხადებები. გვახსოვს, ცესკო-ს ღობის მნიშვნელოვნად დაზიანების ფაქტები. ეს საზოგადოებამ კარგად ნახა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და დაგეგმილი იყო რა შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მათ შორის გზის საფარის აღდგენა და ა.შ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და უსაფრთხოების კომპონენტიც გავითვალისწინეთ. თუმცა ეს ისე წარმოჩინდა, თითქოს, უსაშველო რამ მოხდა. ღობეს რომ რეაბილიტაცია გაუკეთდა, აქ მგონი დასაძრახი არაფერია, მითუმეტეს, იმ ფონზე როცა გარკვეული მინიმალური უსაფრთხოების კომპონენტები იქნა გათვალისწინებული.

რაც შეეხება მანდატურის სამსახურს, ეს ინსტიტუციაში ადამიანური რესურსების მატებამ და შენობა-ნაგებობებში სამუშაო სივრცის მატებამ განაპირობა, აქაც უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის გამო. ცხადია, რომ როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ამას შესაძლოა, პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს და ზუსტადაც, რომ ჩვენი ვალდებულება არის, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოების ანალიზის შედეგად, ყველა ასპექტი იქნეს გათვალისწინებული, სათანადო სამუშაოების განხორციელებისას. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში