ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი, - ამის შესახებ „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც იან ბონდმა განმარტა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომელსაც კონკრეტულად ევროკავშირი მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.
„მე ვფიქრობ, ბევრია დამოკიდებული, რა მოხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ არსებული ხელისუფლება თითქმის ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს ზოგიერთი კანონით, რომელიც მან მიიღო და ზოგიერთი განხორციელებული ქმედებით. ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია ხელისუფლებასა და პოლიტიკური სტაბილურობის არსებობაზე და იმაზე, რომ ამ მიზანს მუდმივად მიჰყვებოდე. თუ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ჩავიდეს ბრიუსელში და უთხრას ნატოსა და ევროკავშირს: „ეს არის ჩვენი მტკიცე არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“, მაშინ ვფიქრობ, პროცესები კვლავ წინსვლას დაიწყებს, თუმცა, მაინც შიდა პოლიტიკის დონეზე უნდა გადაწყდეს საქართველოს შანსი მაღალია თუ დაბალი.
რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომელსაც კონკრეტულად ევროკავშირი მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ჩვენ ვუყურებთ ქმედებებსა და უმოქმედობას არსებული ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მსჯელობა ამაზე უნდა ავაგოთ. სწორედ ამიტომ გაიხსნა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, რაც ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ყველაზე მოწინავე იყო იმ სამ ქვეყანას შორის, რომელიც წევრობას ცდილობდა. ნება მომეცით ვთქვა, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი ომის პარტიის შესახებ, ვხედავთ მათი მხრიდან თავდასხმებს პარტნიორებზე ევროკავშირსა და ნატო-ში, ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებს ქმნის. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი”, - განაცხადა იან ბონდმა.
მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონიც კრიტიკულად შეაფასა. ასევე, კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა იმის გამოც, რომ საქართველო-რუსეთს შორის არაერთი ავიარეისი ხორციელდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირს მოსკოვთან ფრენები შეჩერებული აქვს.
„ვფიქრობ, „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კანონის ანალოგია. ის, თუ როგორი მიდგომა გაქვს კანონს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ვფიქრობ, ძალიან პრობლემურია ევროპული ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატებისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ის შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების გასართულებლად საქართველოში. ჩვენ ვართ ქვეყნები, სადაც გვყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ეს ჩვენთვის ძალიან არასაჭირო კანონია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს არის ის, რომ ვხედავთ, საქართველო არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან. კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აქ დგას სანქციების საკითხი, ასევე შევნიშნე, რომ თბილისის აეროპორტში უფრო მეტი რეისი მოდიოდა მოსკოვიდან, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა გაწყვიტა ავიამიმოსვლა რუსეთთან. ამ კონტექსტში ველით ვიხილოთ ქვეყანა, რომელიც ცდილობს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა იან ბონდმა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას არ მოიპოვებს.
„სულ მცირე, ვიმედოვნებ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ეს იქნება უკიდურესად ნეგატიური განვითარება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იქნება ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან, რომლებიც არის იმ შეთანხმებების ნაწილი, რომელთან მიერთებაც საქართველოს მოუწევს თუ ევროკავშირის წევრობა სურს”, - აცხადებს იან ბონდი, რომელმაც ასევე აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ ბატონი ივანიშვილი არ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელოს მუქარა ოპოზიციური პარტიების მიმართ არჩევნების შემდეგ, მაგრამ თუ ის მაინც იქნება, ვფიქრობ, რეალური კრიზისი გვექნება დასავლეთთან“.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.