ვიმედოვნებ, რომ ბატონი ივანიშვილი არ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელოს მუქარა ოპოზიციური პარტიების მიმართ არჩევნების შემდეგ, მაგრამ თუ ის მაინც იქნება, ვფიქრობ, რეალური კრიზისი გვექნება დასავლეთთან, - ამის შესახებ ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბონდი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომელსაც კონკრეტულად ევროკავშირი მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად და არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან.
რას ფიქრობს ბონდი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაზე და რა მიზეზებს ხედავს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული განცხადებების უკან, რამდენად ეფექტურად აღიქვამს სანქციების მექანიზმს და რა გზავნილების გავრცელების აუცილებლობას განიხილავს ევროკავშირის მხრიდან, ვრცლად ინტერვიუში.
- პანელი, რომელსაც ესწრებოდით, ნატოს მომავალს ეხებოდა. ნება მომეცით ასე გკითხოთ, რა შანსს ხედავთ საქართველოსთვის ნატოსკენ სავალ გზაზე. ფიქრობთ, რომ საქართველო ინარჩუნებს შანსს გახდეს ევროატლანტიკური ალიანსის წევრი?
- მე ვფიქრობ, ბევრია დამოკიდებული, რა მოხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ არსებული ხელისუფლება თითქმის ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს ზოგიერთი კანონით, რომელიც მან მიიღო და ზოგიერთი განხორციელებული ქმედებით. ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია ხელისუფლებასა და პოლიტიკური სტაბილურობის არსებობაზე და იმაზე, რომ ამ მიზანს მუდმივად მიჰყვებოდე. თუ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ჩავიდეს ბრიუსელში და უთხრას ნატოსა და ევროკავშირს: „ეს არის ჩვენი მტკიცე არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი“, მაშინ ვფიქრობ, პროცესები კვლავ წინსვლას დაიწყებს, თუმცა მაინც შიდა პოლიტიკის დონეზე უნდა გადაწყდეს საქართველოს შანსი მაღალია თუ დაბალი.
- თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია მოხდება მაშინ, „თუ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს მუშაობა ევროპისა და ნატოსკენ სავალ გზაზე“. არ გჯერათ, რომ არსებული ხელისუფლება არის ის, რომელსაც ამის გაკეთება და ამ გზაზე სიარული შეუძლია ?
- შესაძლებლობა სურვილია და რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომელსაც კონკრეტულად ევროკავშირი მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ჩვენ ვუყურებთ ქმედებებსა და უმოქმედობას არსებული ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მსჯელობა ამაზე უნდა ავაგოთ. სწორედ ამიტომ გაიხსნა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, რაც ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ყველაზე მოწინავე იყო იმ სამ ქვეყანას შორის, რომელიც წევრობას ცდილობდა. ნება მომეცით ვთქვა, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი ომის პარტიის შესახებ, ვხედავთ მათი მხრიდან თავდასხმებს პარტნიორებზე ევროკავშირსა და ნატოში, ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებს ქმნის. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი.
- რა მიზეზებს ხედავთ ამ შეცვლილი რიტორიკის უკან, თუ რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ რიტორიკა შეცვალა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყეს მათ პარტნიორებზე გამძაფრებული თავდასხმა?
- ეს უკიდურესად საინტერესო კითხვაა, რაზეც მე ვფიქრობ, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ პასუხის გაცემა. გარედან ეს ძალიან რთული კითხვაა საპასუხოდ. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი განმარტება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.
- რიტორიკის გარდა, რა ძირითადად გამოწვევებს ხედავთ ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ახსენეთ საკანონმდებლო ცვლილებები. თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა სახის კანონმდებლობა გეჩვენებათ პრობლემურად?
- ვფიქრობ, „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კანონის ანალოგია. ის, თუ როგორი მიდგომა გაქვს კანონს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ვფიქრობ, ძალიან პრობლემურია ევროპული ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატებისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ის შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების გასართულებლად საქართველოში. ჩვენ ვართ ქვეყნები, სადაც გვყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ეს ჩვენთვის ძალიან არასაჭირო კანონია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს არის ის, რომ ვხედავთ, საქართველო არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან. კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აქ დგას სანქციების საკითხი, ასევე შევნიშნე, რომ თბილისის აეროპორტში უფრო მეტი რეისი მოდიოდა მოსკოვიდან, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა გაწყვიტა ავიამიმოსვლა რუსეთთან. ამ კონტექსტში ველით ვიხილოთ ქვეყანა, რომელიც ცდილობს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
- მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“... ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გეგმებს როგორ უყურებთ?
- ეს ცალსახად სრულად არადემოკრატიული სვლაა და ვიმედოვნებ, რომ ბატონი ივანიშვილი არ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელოს ეს მუქარა არჩევნების შემდეგ. მაგრამ თუ ის მაინც იქნება, ვფიქრობ, რეალური კრიზისი გვექნება დასავლეთთან.
- როდესაც იმედს გამოთქვამთ, რომ ივანიშვილი „შესაბამის პოზიციაში“ არ იქნება, გულისხმობთ, რომ ის აღარ იქნება ხელისუფლებაში?
- სულ მცირე ვიმედოვნებ, რომ მას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ეს იქნება უკიდურესად ნეგატიური განვითარება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იქნება ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან, რომლებიც არის იმ შეთანხმებების ნაწილი, რომელთან მიერთებაც საქართველოს მოუწევს თუ ევროკავშირის წევრობა სურს.
- ბოლო კითხვას დაგისვამთ - რას იტყვით ბერკეტებზე, რომელიც ევროკავშირს, ევროპას, წევრ ქვეყნებსა და აშშ-ს აქვს ამ ვითარებაში - ვგულისხმობ პერსონალურ ფინანსურ სანქციებს...
- ვიმედოვნებ, რომ საქმე ამ საკითხამდე არ მივა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მსგავს ნეგატიურ განვითარებას დავინახავთ, რომ სანქციების განხილვა დაიწყება, ის მიმართული იყოს ინდივიდებზე, ვინც პასუხისმგებლები არიან პრობლემებზე და არა ქართველ ხალხზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბრები ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შესაძლებლობაზე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი სვლა იქნება, რადგან ეს დასჯის რიგით ქართველებს, ვისაც ევროპაში მოგზაურობა სურთ. ეს კონკრეტულად იმ ადამიანებს არ სჯის, რომლებსაც, ოპოზიციის აკრძალვა სურთ. ვფიქრობ, ევროკავშირის პასუხი ძალიან მიზანმიმართული უნდა იყოს. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ახლა, არჩევნებამდე ხალხმა გაიგოს ევროკავშირი რას აკეთებს დახმარებისა და ინვესტიციების სახით. ზოგჯერ გვაქვს განცდა, რომ საქართველოს არსებულ ხელისუფლებას იმის თქმა სურს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ინტერესები არსებობს, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს ეკონომიკური ინტერესი ევროპაშია, სადაც უფრო დიდი და უფრო მდიდარი ბაზარია და რომელიც არის ადგილი, საიდანაც უფრო მეტად პროდუქტიულ ინვესტიციებს მიიღებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან არ იყოს მხოლოდ ის გზავნილი, როგორ დავსჯით საქართველოს თუ საქმე ცუდად წავა, არამედ რისი შეთავაზება შეგვიძლია მისთვის. ეს უნდა იყოს პოზიტიური გზავნილი.
სალომე აბულაშვილი
„ინტერპრესნიუსი“