ქარელის მუნიციპალიტეტში, 28 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს, 56 და 65 წლის ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.

სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ კი, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ადვოკატი ძმების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით, წარსულში, ბრალდებული ძმებიდან ერთ-ერთს დაზარალებულთან კონფლიქტი ჰქონდა და მომხდარიც შურისძიებას უკავშირდება.

„მოკლულს და ერთ-ერთ ბრალდებულს წარსულში ჰქონდათ კონფლიქტი და სწორედ აღნიშნული კონფლიქტის გაგრძელება იყო აღნიშნული შემთხვევა, სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა ერთმანეთის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და შემდეგ, უკვე ეს დანაშაული ჩაიდინა ორივე ბრალდებულმა. საქმეში არაერთი მოწმეა, რომლებიც ან უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, ან მომხდარიდან ძალიან მალე მივიდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიცაა“, - განაცხადა ბერიაშვილმა.

ბრალდებულების განმარტებით, ისინი დაზარალებულისგან, რომელიც ერთ-ერთი სუფრის შემდეგ მათ დაედევნა, თავს იცავდნენ.

„ნამდვილად განზრახვა მკვლელობა არ მქონია, სუფრიდან ადგა და გამომყვა ან საცემად, ან მოსაკლავად, გასანადგურებლად. ალბათ, სტრესმა განაპირობა“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მედოშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ძმები ელგუჯა და ემზარ მედოშვილები თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი კისერზე ხელის მოჭერით გაგუდეს.

მედოშვილები სამართალდამცველებმა 2 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს ჯგუფურად. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში