სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.

„საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ყალბ "ექაუნთებს" ამოფარებული დამნაშავე პირები, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე გამომძალველები, მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, შედიან მათთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან შესაძლოა ახლდეს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.

ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან-გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, საგამოძიებო დეპარტამენტის დანაყოფის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის შემთხვევებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეესტრის და მონიტორინგის მექანიზმის პროექტი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამსახური საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

საკანონმდებლო ცვლილებების, რეესტრის ამოქმედების და მონიტორინგის შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, რომლის პარალელურად სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში