21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძე მოსამართლე გიორგი გელაშვილს მოუწოდა, განაჩენის გამოტანისას ცინდელიანის პიროვნულ მახასიათებლებზე იმსჯელოს.
პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომელსაც სასამართლოში მკვლელობის ამსახველი ფოტოსურათების ფონზე წარმოთქვამდა, არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდებულმა მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩაიდინა და რომ ცინდელიანს, არც ერთი შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
"უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი, ადამიანი, რომელსაც ახლა უნდა ეცხოვრა, სიცოცხლე მოუსპო, სიკვდილიც არის და სიკვდილიც, ადამიანი ტანჯვით მოკლა, ხომ არ ვიცით, 59 ჭრილობა რომ მიაყენა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯავახიშვილი, ამდენი ჭრილობით მიატოვა და წავიდა.
ჯერი თქვენზეა ბატონო მოსამართლევ, მაგრამ თქვენი სასჯელი უნდა იყოს მკაფიო, ამ პროცესზე კი არა, საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი უმკაცრესი იქნება.
თქვენი გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს ოჯახისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, წარმოუდგენელია დედას, მამას და დედმამიშვილებს რამით ვუთანაგრძნოთ, მაგრამ, მაშინ, როცა მას ეცოდინება, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე თქვენ სათანადოდ გაეცით პასუხი, ეს არის ის მნიშვნელოვანი გარანტი, რასაც როგორც სახელმწიფო დროშა, ისე გერბი განიჭებთ.
იმედი მაქვს, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს, უვადო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯით", - მიმართა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს.
მან დეტალურად განმარტა, თუ როგორი სისასტიკით ჩაიდინა ცინდელიანმა მკვლელობა. პროკურორის თქმით, მიყენებული 59 ჭრილობიდან 10 ჭრილობა სიკვდილთან უშუალო კავშირშია.
ვეფხვაძის თქმით, ბრალდებულმა ჯავახიშვილი "დაჩეხილ მდგომარეობაში" დატოვა, რადგან ვერც მიიმალა, პოლიციაში კი 20 საათის შემდეგ მივიდა, ხოლო გზაში "სელფებს" იღებდა. იქამდე ცინდელიანმა დანა დამალა, სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარა და დაიბანა.
ვეფხვაძის თქმით, ქეთევან ჯავახიშვილისთვის მიყენებული 59-ვე ჭრილობა სისხლმდინარე იყო. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ჯავახიშვილის სისხლით იყო გაჟღენთილი და ცინდელიანის სახლში სხვადასხვა ნივთებზე დაზარალებულის სისხლის კვალი ამოვიდა.
პროკურორი გარდა იმისა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ასაბუთებდა მკვლელობის სისასტიკეს, ის განმარტავდა, თუ რატომ არის გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა. სახელმწოფო ბრალმდებლის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულის ქცევას აკონტროლებდა, ამასთან მასზე სისტემატიურად ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.
ლევან ვეფხვაძემ ასევე მოწმეთა ჩვენებები შეაჯამა და სასამართლოში კიდევ ერთხელ წაიკითხა, თუ როგორ წერდა ბრალდებული ქეთევან ჯავახიშვილს "5 ლარი გაეჩითა", ასევე როგორ დააწვა ცინდელიანმა დაზარალებულს ხელზე ანთებული სიგარეტი.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ოთარ ცინდელიანს არც ერთ ეტაპზე დანაშაული არ მოუნანიებია და ოჯახისთვის სამძიმარიც არ უთქვამს.
პროკურორმა დღეს სასამართლოს ცინდელიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოსთხოვა.
"ბრალდების მხარე აფასებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხასიათს, მიყენებული ჭრილობების რაოდენობას, თუ რა მდგომარეობაში განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრალდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ არამხოლოდ გამოძიების ეტაპზე, არამედ თავად სასამართლოში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ჭრილობების რაოდენობიდან, შემთხვევის ადგილიდან და ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, მას უნდა მიესაჯოს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი, ბრალდების მხარეს ასეთად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიაჩნია",- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.