„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა

მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა - კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა.

პარლამენტმა “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით - 80 ხმით დაამტკიცა.

კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა, ძალაში მომავალი წლის იანვრიდან უნდა შესულიყო. კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, 2027 წლიდან, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას მთავრობა დაამტკიცებს. 2027 წლიდან შესყიდვების ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი განსაზღვროს. ამავე თარიღიდან სააგენტო საჯარო შესყიდვების სპეციალისტთა სერტიფიცირებას განახორციელებს, ხოლო სავალდებულო სერტიფიცირების წესი 2029 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც საპარლამენტო განხილვისას, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ევროკავშირთან დაახლოების ასპექტში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომლითაც კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა, მათ შორის ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები.

“ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიღებით, პროგრესი განიცადა, თუმცა საჭიროა, რომ სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირის კანონმდებლობასთან იყოს შესაბამისობაში. ამდენად, საჯარო შესყიდვების რეფორმის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისათვის, საჭიროა გადაიდგას სათანადო ნაბიჯები. შესაბამისად, განსახორციელებელი და მოსალოდნელი ცვლილებების მასშტაბურობის გათვალისწინებით, აგრეთვე საკანონმდებლო სივრცის ერთიანობისა და უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვარი“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის