სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების იმიტაცია, რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ,- ამის შესახებ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევრო სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში კი შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა. ადვოკატი ამასთან, განმარტავს, რომ გამოძიების მნიშვნელოვან პირობებში იყო უმოქმედობა, მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების არასათანადო გამოკვლევა.
„მართლაც დადასტურდა, რომ საქართველომ ამ ადამიანის მიმართ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, ეფექტურად არ გამოიძია მისი გატაცების და აზერბაიჯანში გადაყვანის საქმე, რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვა და კონვენციის მე-5 მუხლი თავისუფლების უფლება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო საქმის გამოძიების იმიტაცია, რეალურად არ ყოფილიყო გამოძიებული. ეს დაადასტურა გადაწყვეტილებამ.
აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი და ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, 7 წელზე მეტია გასული, ევროსასამართლოც ამას იმეორებს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაადგინა მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, ან ფიზიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გამოძიების მნიშვნელოვან პირობებში იყო უმოქმედობა, მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების არასათანადო გამოკვლევა, ეჭვები რომ განადგურდა გარკვეული ვიდეო ჩანაწერები, გვიან ხდებოდა რეაგირება. დღესაც გაურკვეველია, ბარათაშვილის ქუჩიდან როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში, მაშინ, როდესაც ვიდეო კამერების საშუალებით მყისიერი რეაგირება ხდება.
სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინა ეფექტური, საფუძვლიანი გამოძიება, რაც პროცედურულ ნაწილში მე-3 და მე-5 მუხლის დარღვევად დაადგინა. საფუძვლიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია განმცხადებლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში აღმოჩენის ზუსტი გარემოებების დადგენა. ეს არის ზუსტად ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროსასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში შეუძლებელი ყოფილიყო რაიმე გადაწყვეტილების გამოტანა“, - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.