კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად, დაიჭირონ ან მთელი საარჩევნო კამპანია ატარონ სასამართლოებზე. მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარების შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველგან დაგხვდებათ წინააღმდეგობა, - განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.
მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ სასამართლო პროცესები, რადგან მიეცეთ მათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში იმუშაონ მოქალაქეებთან.
„გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ - არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს? მათი სურვილით არც გლდანში უნდა ვილაპარაკოთ, არც სამგორში, სამეგრელოში ალბათ ანა წითლიძეს დაიჭერენ, იმერეთში კიდევ ვიღაცას, ვინმე არ მოეწონებათ და დაიჭერენ, ეს როგორი საარჩევნო კამპანიაა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მშვიდად ვიმუშაოთ და ავუხსნათ ამ არჩევნების მნიშვნელობა.
ივანიშვილი გვთავაზობს იზოლაციას და სიღატაკეს, ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს და ქვეყნის განვითარებას. ძალიან მარტივი არჩევანია და უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზებითაც კი აღარ შეგვიშვებენ ევროპაში, არათუ უვიზოდ. ქვეყანა დაიხურება მართლა ჩალით და დავემსგავსებით ჩეჩნეთს და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაცია აქვს გადაწყვეტილი ზუსტად ივანიშვილს. მთავარი მოთხოვნაა სასწრაფოდ შეწყდეს ეს ე.წ. სასამართლო პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა ვემუშაოთ ადამიანებს. დავდივართ ყველგან საქართველოს მასშტაბით და ვესაუბრებით ხალხს და გვაცადონ ადამიანებთან კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე მიიღებენ წინააღმდეგობას. არავინ არ აპირებს დანებებას და ხელების ჩამოშვებას, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია, გადაიდო და ახლა მთელი საარჩევნო კამპანია უნდა ვიაროთ დაკითხვებზე, სასამართლო პროცესებზე. სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობაიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი „ზონდერი“ ხარებას მეშვეობით. თურმე ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი. ასე არ გამოვა მეგობრებო, აუცილებლად ყველგან შეგხვდებათ წინააღმდეგობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსებს და ლიდერებს მშვიდ გარემოში ჩავატაროთ კამპანია და ავუხსნათ ხალხს თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს არჩევნები”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.
როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.
ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. ირაკლი ეძგვერაძე კი სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.