საქპატენტის სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო პროგრამას მიმდინარე წელს 14 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქპატენტი აღნიშნულ პროგრამას, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, წელს უკვე მერვედ ახორციელებს.

„აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ხორციელდება გეოგრაფიული აღნიშვნების ერთობლივი პროგრამა.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, დარგობრივი სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებების მენეჯერული რგოლის მოხელეებისთვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროსთან. წელს პროგრამაში მონაწილეობენ 14 ქვეყნის წარმომადგენელი არგენტინიდან, ფილიპინებიდან, ლატვიიდან, ინდოეთიდან, უგანდიდან, ბუტანიდან, ზამბიიდან, რუანდიდან, რუმინეთიდან, ბურკინა-ფასოდან, ბანგლადეშიდან, სან-ტომე და პრინსიპიდან, უნგრეთიდან და მავრიტანიიდან.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კურსს, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, კონტროლის მექანიზმების, კომერციალიზაციისა და მარკეტინგის, ასევე, სტრატეგიული ბრენდინგისა და უახლესი ტენდენციების შესახებ მოხსენებებს, გაუძღვებიან საერთაშორისო და ქართველი მომხსენებლები პროფესორები ალიკანტეს (ესპანეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ექსპერტები, საქპატენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

2024 წლის სასწავლო კურსის მონაწილეებს საქპატენტის სათავო ოფისში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ქვეყნის სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში გასულ წელს განხორციელდა. მან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და კურსის თითოეულ მონაწილეს წარმატება უსურვა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო WIPO-ს აკადემიის მხრიდან პროგრამის ახალი ხელმძღვანელი, ვიქტორ ოვადე, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ კახეთის რეგიონს, სადაც დაათვალიერებენ ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონებს და გაეცნობიან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების მქონე ქართული ღვინოების დამზადების პროცესს.

პროგრამის დასრულებისთანავე მონაწილეებს გადაეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის დამადასტურებელი WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები.

გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალიზებული პროგრამა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დარგის სპეციალისტებს შორის მთელ მსოფლიოში. 2017 წლიდან დღემდე პროგრამა გაიარა სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე წარმომადგენელმა და კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. საგულისხმოა, რომ 2024 წელს შეიცვალა პროგრამის დასახელება და ფორმატი, მეტი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ ასპექტებს, რისთვისაც მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები როგორც აკადემიური, ისე პროფესიული წრეებიდან.

საქპატენტისთვის აღნიშნული პროგრამის საქართველოში განხორციელება წარმოადგენს კიდევ ერთ ეფექტიან ინსტრუმენტს, რომელიც მოემსახურება ბუნებრივი პირობებისა და წარმოების ტრადიციების შერწყმით შექმნილი უნიკალური ქართული პროდუქციის რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო პროფესიულ წრეებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში