ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ აღმოჩნდა, რომ 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სიაში უნდა იყოს - „ქართული ოცნება“ არის სასოწარკვეთილი, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვს, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სახით „მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს თამაშში“.
„მათ დაინახეს, წაიკითხეს კვლევებში, გაიგეს ქუჩიდან, განსაკუთრებით ამ გაზაფხულზე, რომ არათუ იმ მასშტაბის მხარდაჭერა არ აქვთ, რასაც ამბობენ, 60 პროცენტი რომ უნდა აიღონ, არამედ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვთ, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას. მათ იციან, რომ ყველა კარტი გაჭრილია, აბსოლუტურად ყველა, ვისაც დღეს „ქართული ოცნება“ ჰქვია. არავის არ აქვს საკმარისი ნდობა, საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ სათავეში ჩაუდგეს საარჩევნოდ გუნდს, როგორც თავის დროზე კვირიკაშვილი და ბატონი გახარია იყო. მათი აზრით და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გადასახედიდან, მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს თამაშში იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეამცირონ ის სკეპტიციზმი, რაც „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერადაც პოლიტიკაში დროებით დაბრუნდა.
„მამუკა მდინარაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანამდებობაზე ყოფნას არ აპირებს ანუ მორიგ ჯერზე ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომლის ნამატიც უნდა მიიღონ ბიძინა ივანიშვილის სიაში ყოფნით და რომელსაც სრულიად ლეგიტიმურად აქვს კითხვა - „ის არის სიაში, მაგრამ დარჩება თუ არა?“ - სრულიად ცალსახაა, რომ არ დარჩება. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნდა. საპატიო თავმჯდომარეობა არ არის ოფიციალურად პოლიტიკაში ყოფნა, არანაირ ოფიციალურ, ფორმალურ პასუხისმგებლობას არ ატარებს. ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია და ამას ადასტურებს ის გზა, რომელიც მან გაიარა პოლიტიკის შორიახლო ყოფნის. მას არ უნდა რომ მას ჰბრალდებოდეს მარცხები, მოსახლეობის სიბრაზე, მასზე ტყდებოდეს ჯოხი, ის გაურბის ამ ვითარებას, ამიტომ წავიდა ის და ამიტომ არ დარჩა ახლა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.