ბოლო მომენტი იყო ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, სადაც სასამართლომ ვერ მოისმინა ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა, - ამის შესახებ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ოთარ ცინდელიანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ განაცხადა.
მოსამართლე გელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა, თუ რატომ ცნო ცინდელიანი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ და რატომ მიუსაჯა მას უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების საფუძველზე, დადგინდა უტყუარად, რომ ოთარ ცინდელიანმა ჩაიდინა ის ქმედება, რაც ბრალად ერიცხებოდა. დაცვის მხარის მხრიდან აქცენტი მხოლოდ „მარტივ" მკვლელობაზე კეთდებოდა, თუ მკვლელობას მარტივი შეიძლება ეწოდოს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ორი საკითხი იყო დამამძიმებელი გარემოება, ეს არის როგორც გენდერის ნიშანი, ასევე სისასტიკე.
დაზიანებების რაოდენობა ვერ შეფასდება იმად, რომ მკვლელობა სისასტიკით ჩადენილად ჩაითვალოს, თუმცა, ექსპერტი დავკითხეთ, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ყველა დაზიანება რაც ქეთევან ჯავახიშვილს მიყენებული ჰქონდა, ყველა სიცოცხლისდროინდელი იყო. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაადასტურა.
რაც შეეხება გენდერის ნიშანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთარ ცინდელიანს ქეთევან ჯავახიშვილის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გააჩნდა, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით იყო ჩადენილი, ის ოჯახის წევრებთანაც უკრძალავდა კომუნიკაციას.
სასჯელის სახეს რაც შეეხება, ბოლო მომენტი იყო ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, სადაც სასამართლომ ვერ მოისმინა ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა. ჩვენ დავკითხეთ ფსიქიატრიული ექსპერტი, ფსიქოლოგი, მათ ექსპერტმა ცალსახად მიუთითეს ბრალდებულის მხრიდან მის ქმედებაზე ზერელე დამოკიდებულებაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ სასჯელის უმკაცრესი ზომა ერთადერთი სასჯელის ზომაა, რაც სასჯელის მიზანს შეესაბამება, რაც სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან არიდება და დამნაშავის რესოციალიზაცია",- განაცხადა გელაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.