„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბადრი ჯაფარიძემ და ანა დოლიძემ რუსთავის 21-ე სკოლის მიმდებარედ გამართულ ბრიფინგზე კოალიციის გეგმებსა და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„სასწავლო წელი დაიწყო და მოსწავლეებს სათანადო პირობები არ აქვთ, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთონ. დაუსრულებელი სკოლების გამო, ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა უწევთ. ვხედავთ “ოცნების” მიერ განხორციელებულ მორიგ ფასადურ პროექტს. სკოლა ფასადურად გადაღებილია, მაგრამ შიგნიდან ნახავთ, რომ კიდევ უამრავი სამუშაო არის განსახორციელებელი. ქალაქ რუსთავის ეს სკოლა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძირეული ცვლილებები გვჭირდება, რეფორმები განათლების სისტემაში და ყველა დაუმთავრებელი სკოლის მოკლე ვადაში დასრულება, რომ მოსწავლეებმა სწავლის პროცესში მონაწილეობა შეძლონ.
რუსთავის მოსახლეობა განწყობილია ცვლილებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს 1000-ლარიან პენსიას, 200 000 სამუშაო ადგილს, მეგაპროექტების დასრულებას და რაც მთავარია, ფასადური ცვლილებების ნაცვლად, რეალურ ცვლილებებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ანა დოლიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა სკოლების რემონტს მოსახლეობას და ახლა 2024 წელია.
„დღეს რუსთავში მორიგ სკოლასთან ვართ, სადაც „კუს ნაბიჯებით“ უკვე მერამდენე წელია რემონტი მიმდინარეობს. რუსთავში ე.წ „მომთაბარე ბავშვების“ დიდი რაოდენობაა, ბავშვების, რომლებიც ერთი სკოლიდან მეორეში დადიან. ამ სკოლაში ყოველ წელს ელოდებიან, რომ 1 სექტემბერს, ახალი წლის დასაწყისში თავის სკოლაში მივლენ. კორუფციის, უნიათობის და იმის გამო, რომ მართვა არ იცის განათლების სამინისტრომ, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იწელება. ამის ფასს იხდიან ჩვენი ბავშვები თავისი სიმშვიდით, თავისი სწავლის დონით, იმით, რომ განათლებაში საქართველო ბოლო ადგილზეა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც კი და ჩამორჩება რუსეთსაც ყაზახეთსაც, აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც. საკუთარი ჯიბიდან ამის ფასს ჩვენი მშობლები იხდიან. მშობლები ყოველთვე 50 ლარს იხდიან იმისთვის, რომ ბავშვები სულ სხვა სკოლაში ატარონ“,-განაცხადა დოლიძემ.