საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და USAID-ის წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად კახეთის რეგიონს ეწვივნენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად კახეთის რეგიონს ეწვივნენ.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. „ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის პროექტები, რომლებიც განათლებას, სოციალურ და სამოქალაქო საკითხებს, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან. რეგიონში ვიზიტით ხაზი გაესვა ადგილზე მოქმედი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ სამუშაო გარემოში სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიან. აღნიშნულმა შეხვედრებმა გამოკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის ინიციატივების წარმატებული შედეგები, ასევე შექმნა პროგრამის მონაწილეებთან გაცნობისა და პროგრამების გრძელვადიანი შედეგების შესახებ მათი აზრის მოსმენის შესაძლებლობა. საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონების ხელშეწყობის მნიშვნელობას. სოციალური ჩართულობის გაძლიერებაზე, განათლებაზე, ინოვაციებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტები ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოს პარტნიორები რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერების კუთხით ძალისხმევას არ იშურებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა გრძელდება. „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალურ შედეგებს იძლევა. კახეთში ჩვენი ერთობლივი ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თვალით დავინახოთ ჩვენი ხელშეწყობის შედეგები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მდგრადია და დადებითად აისახება რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენთვის დიდი პატივია USAID-თან თანამშრომლობა, რადგან ერთად შეგვაქვს წვლილი საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში”, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა კი აღნიშნა, რომ USAID-ის მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა

„სიამოვნებით შევუერთდი ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და მათთან ერთად მოვინახულე კახეთის რეგიონში ადგილობრივი პარტნიორები - მეწარმეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ლიდერები და მოქალაქეები. პირადად ვიხილე თუ როგორ უწყობს ხელს USAID-ისა და ევროკავშირის პროგრამები ამ ადამიანებს დადებითი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში”, - განაცხადა ჯონ პენელმა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

მისივე განცხადებით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოსთან და მის მოსახლეობასთან 1992 წლიდან თანამშრომლობს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას ხელს უწყობს, გახდეს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და წარმატებული.

„USAID-ის მიზანია, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან ისეთი სტაბილური დემოკრატიის შექმნა, სადაც ყველა მოქალაქის აზრი გათვალისწინებული იქნება, ხოლო ქვეყანას ექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა, რომელიც შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას შეუქმნის თითოეულ ადამიანს, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას”, - განაცხადა ჯონ პენელმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კახეთში ვიზიტი შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ივლისში განხორციელებული შეხვედრების გაგრძელებას წარმოადგენს.

„ერთობლივი ვიზიტებისას მკაფიოდ გამოიკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობას. განხორციელებული ინიციატივები მკაფიო მაგალითია, იმისა თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ და გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დადებითად შეცვლა, ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი