თბილისი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს

დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც უკვე მეოთხედ უერთდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი კვირეულის თემაა - „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

ინფორმაციის თანახმად, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

„21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ, რომელთაც სხვადასხვა აქტივობაში შეუძლიათ ჩართვა. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება ავტობუსების გამოფენაც.

ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 და 21 სექტემბერს, 01:00 საათზე ესტუმრონ თბილისის მეტროს, ხოლო 21 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში ვიზიტი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

21 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება.

ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ