აშშ-ს მიერ დასანქცირებული 4 ადამიანი გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდა - ისინი ცხოვრების ბოლომდე იქნებიან დამღა დასმულები და ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას", მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირების დასანქცირების ფაქტი უპრეცედენტოა იმის გამოც, რომ ხელისუფლებისთვის ეს დიდი თავსატეხია.
როგორც გოცირიძე აცხადებს, საინტერესოა, როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი, მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ გამოსცემს ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას, როგორც ეს ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა.
„სანქციები, რომელიც აშშ-მ დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, ძალოვანი სტრუქტურის ორ მაღალჩინოსანს და რუსეთის აგენტურის ორ წარმომადგენელს, ე.წ. "ალტ-ინფოს" დამფუძნებლებს, არის თავისი შინაარსით უპრეცედენტო. ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. გარდა ამისა, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ვინაიდან ეს ადამიანები მოხვდნენ გლობალური „მაგნიტსკის სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე, სამუდამოდ, ეს ხალხი იქნებიან დამღა დასმულები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად.
უპრეცედენტო არის იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი და გამოწვევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ 2 მაღალჩინოსანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფული მათ ერიცხებათ „თიბისი ბანკში“. „თიბისი ბანკი“ იძულებული გახდება, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ამ პოლიციელებთან. სად ჩარიცხავს ხელფას შინაგან საქმეთა სამინისტრო? „ქართუ ბანკში“? ნურას უკაცრავად, ივანიშვილი ძალიან ეშმაკია. საკუთარ ბანკს არ გაწირავს სანქციებისათვის. გადაურიცხავენ რუხაძის „ლიბერთი ბანკში“? არა მგონია, რომ რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" მარიონეტია, დათანხმდეს საკუთარი ბანკის რისკის ქვეშ დაყენებას.
როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი? მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ დაავალებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს თავისი განკარგულება? უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღეს ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მარჯვნივ წახვალ მგელი შეგჭამს, მარცხნივ წახვალ და მგლისფერი ძაღლი,“ - განაცხადა გოცირიძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.