ადვოკატი - კალანდარიშვილი ბაშარულის და არჩვაძისგან თავს იცავდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა - კონფლიქტი ორი წლის წინ, „112“-ში განხორციელებულ ზარს მოჰყვა

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავდამსხმელებისგან თავს იცავდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ადვოკატის განმარტებით, მათ შორის კონფლიქტი ორი წლის წინ, „112“-ში განხორციელებულ ზარს მოჰყვა.

„იური კალანდარიშვილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ მის საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტი ხელით შეხებაში გადაიზარდა, კალანდარიშვილი საკუთარ სახლში შევიდა, მას სახლში შეჰყვნენ, დაკავებულს ერთადერთი გზა ჰქონდა, რომ თავი დაეცვა თავდამსხმელებისგან, ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე, დასტურდება ისიც, რომ მანამდე, 2022 წლის 27 თებერვალს, იური კალანდარიშვილის მეუღლემ, ნინო გიორგაძემ „112“-ში დარეკა, რადგან მისი მეზობლის - ბაშარულის სახლიდან ისმოდა არაადამიანური ხმები. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, აღმოჩნდა, რომ ორი პირი ნარკოტიკული ნივთიერების მძიმე ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ერთს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და ნარკოტიკული თრობისგან გადარჩა, ხოლო მეორეს, ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ამის მერე დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, ბაჩანა ბაშარული და მისი სამეგობრო ფიქრობდა, რომ ეს ზნეობრივი საქციელი არ იყო, რომ მეზობლის სახლიდან რა ხმებიც არ უნდა გაეგოთ, მეზობელს უფლება არ ჰქონდა, სადმე დაერეკა. ეს კონფლიქტი გამწვავდა, რის შემდეგაც კალანდარიშვილი იძულებული გახდა მისი სახლის კარზე სათვალთვალო კამერა დაეყენებინა, ამ კამერამაც აგრესია გამოიწვია და საბოლოო ჯამში, იმ ღამესაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბაშარული და მისი მეგობრები მივიდნენ კალანდარიშვილის სახლთან, კარზე დაიწყეს ბრახუნი, ყვირილი, მძინარე ოჯახი გააღვიძეს, მათ ბრალდებულმა კითხა თუ რა ხდებოდა, რის შემდეგაც კამერაზე მიუთითეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, იური კალანდარიშვილი როცა საკუთარ სახლში შებრუნდა, მას შეჰყვნენ აღნიშნული პირები, სწორედ მაშინ მოხდა გასროლები და სამწუხაროდ, ეს ტრაგედია დატრიალდა, იური კალანდარიშვილი თავს იცავდა“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა