ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მას “საქმის დალაგებაში” ადვოკატი ფულს სძალავდა, განცხადებას ავრცელებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის დეტალებს გამოძიებას გააცნობს და ასევე მოითხოვს მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენის გამო, ამასთან, ის გეგმავს მიმართოს სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით.
“მეგობრებო, ნამდვილად არ ჩავთვლიდი საჭიროდ ვიღაც ვაი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს რომ გამოვხმაურებოდი, თუმცა თავს ვალებულად ვთვლი საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რას ემსახურება სიბინძურის ეს კამპანია, რასაც აღნიშნული პიროვნება მიზანმიმართულად ავრცელებს ბოლო დღეებია.
გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, თავად დამიკავშირდა, მისი ინიციატივით და მთხოვა პროფესიული, საადვოკატო მომსახურების გაწევა იმ პრობლებასთან დაკავშირებით, რომელიც მას გააჩნდა ბიზნესნესმენ ელგუჯა თურმანიძის საჩივრის გამო. საკითხი ეხებოდა მის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას, იახტის ჩამოყვანის შესახებ.
მასთან და მის პარტნიორთან ჩემს მიერ გაფორმდა სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულება, სადაც აისახა მომსახურების სახე, ფორმა და საათობრივი ანაზღაურების წესი.
არავითარი უკანონო მოქმედების შესახებ ცხადია ჩვენს შორის საუბარი და შეთანხმება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. მას უბრალოდ არ მოეწონა ჩვენი სამართლებივი ანალიზი, რომ იახტის შესაძენად გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და მისი პარტნიორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარად იკვეთებოდა და ჩვენგან ისე გაიპარა, რომ მოსახურების საფასურიც არ გადაიხადა სრულად.
ეს არის რეალური ისტორია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის მისი პოლიტიკური სპეკულაცია და ტალახი, რომელსაც ისვრის ყველას მიმართ და რომელიც საბოლოოდ ისევ მას დაუბრუნდება.
დანარჩენს რა თქმა უნდა გამოძიებას მოვახსენებ და ასევე მოვითხოვ მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ დასმენის გამო, ისევე როგორც მივმართავ სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით.
ვიღაც ტყუილების ოსტატ, ვაი ბიზნესმენს, ჩემს საადვოკატი რეპუტაციას ნამდვილად ვერ შევალახინებ.
მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის!”, - ნათქვამია ამირან გიგუაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე განცხადებებს აკეთებს და ბრალს დებს პროკურატურას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო დევნაში. საქმე ეხება გიორგი ჩიკვაიძის კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას იახტის ჩამოყვანსთან დაკავშირებით, რისთვისაც ბინზესმენმა ელგუჯა თურმანიძემ გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. ბიზნესმენის განცხადებით, მას პროკურატურასთან ურთიერთობის მოგვარებაში ადვოკატი ფულს სძალავდა, რასაც ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აპირებს შემხვედრი საჩივარი შეიტანოს გიორგი ჩიკვაიძის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით.