სამი მძლავრი ბლოკით გასვლა - ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკებისგან თავის დაზღვევა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობას მიაღწია, როცა მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდა, მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად კიდევ ერთი გაერთიანება იყო საჭირო.
როგორც გოცირიძემ განმარტა, თუ ეს გაერთიანება შედგა, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” დამარცხების ტოლფასი იქნება.
„ოპოზიციამ მიაღწია უპრეცედენტო ერთობას, მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ ის, რომ მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდებოდა. მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად საჭირო იყო კიდევ ერთი გაერთიანება. რა თქმა უნდა, სამი დიდი ოპოზიციური ბლოკი ჯობია ოთხს. თუ ეს გაერთიანება შედგა და მე იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ დამარცხების ტოლფასი იქნება. მსგავსი გაერთიანებების პროცესში ყოველთვის, რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები, ინტერესები, უამრავი საკითხი, რომელიც შესათანხმებელია, მაგრამ სიბრძნე, პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მომწიფებულობა, თუნდაც მთელი პოლიტიკური კლასისა, იმაში მდგომარეობს რომ კომპრომისების გამონახვა შეძლონ. კომპრომისი ყოველთვის მხარეებს შორის რაღაცის დათმობას ნიშნავს. მინდა დავიჯერო, რომ ძალიან სწრაფად, ალბათ დღეს საღამომდე ეს ახალი, მძლავრი ბლოკი შედგება, რომელიც ასევე როგორც ჩანს, ზურგმომაგრებული იქნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შემქმნელი იქნება ამ არჩევნებში”, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, იქ წარსული წყენები, შეცდომები თუ ბევრი რამ უკვე მეასე ხარისხოვანია.
“მიუხედავად განსხვავებულობებისა, პირადი დაძაბული ურთიერთობებისა, როდესაც მსგავსი გაერთიანება იქმნება, ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებული პრობლემის გაცნობიერებაზე და პოლიტიკური კლასის სიჯანსაღეზე, ვინაიდან ეს არის მთავარი პრობლემა - ქვეყანა არის გადასარჩენი, რომ ქვეყანა კვლავ რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში.
სამი მძლავრი ბლოკით გასვლა - ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკების თავიდან დაზღვევა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი პროცესია და ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.
თავის მხრივ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე უკვე არსებობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ, ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.