„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის, ამომრჩეველზე ზემოქმედების, ძალადობის, მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გაააქტიურა უცხოური ძალების მიერ წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა, პარტიების დიალოგში ჩაბმა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
„გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ. დავიწყოთ არჩევნებში უცხოური ჩარევის საკითხით.
ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები და ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.
16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.
ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობისა და მუქარის შემდეგი ფაქტი.
16 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედია სივრცეში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ნაცვლად ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირებისა, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.
იმის აღსაქმელად, თუ რამდენად ნეიტრალური და მიუკერძოებელია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, გვსურს საზოგადოებას გაგაცნოთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ შემოწირულებებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კერძოდ: ივანე ჭყონია - 2021 წელს 1000 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი რუხაძე - 2015 წელს 4920 ლარი შესწირა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიას; სოფიკო ჭყონია - 2022 წელს 500 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი პაპელიშვილი - 2016 წელს 501 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას; გიორგი თაქთაქიშვილი - 2017 წელს 3115 ლარი შესწირა „ეროვნულ ფორუმს“; ნიკოლოზ შურღაია - 2020-2021 წლებში 35000 ლარი შესწირა პარტია „ლელოს“.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, 16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ისინი ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
ნეგატიური კამპანიის ჭრილი - მიზანმიმართულად ხდება მედიასაშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება. ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო.
სარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა: 14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.
14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა.
ტელევიზიებმა „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეორგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არცერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას.
საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაც გამოვლინდა ამ პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს როგორიცაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“, არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არცერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ და ელემენტარული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას.
აქვე გაცნობებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ „ფეისბუქ“ გვერდზე აიტვირთა დაპირებული ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს 1-ელი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.