„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა

წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის განმარტებით, მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნულ მაუწყებლებში განათავსა წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით, ტელეკომპანია „მთავარმა“ უარი თქვა რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე, ხოლო „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ მალევე ამოიღეს ის ეთერიდან. ამის გამო კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5000 ათასი ლარით დააჯარიმა.

„გარდა ამისა, ტელეკომპანიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიებმა სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ განმეორებით იმსჯელა ამ საკითხზე და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სავარაუდოდ, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე ჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი. ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ რეკლამა სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით, რაც გულისხმობს მისი ეთერში გადაცემის მაღალ ინტენსივობას, რაც სრულიად არარეალურს ხდის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პროპორციული პასუხის გაცემის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და „საქართველოს ევროპული ორბიტა”, ასევე ჩართული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგშიც.

მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოორდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას.“-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” საჩივრებით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით. „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” ასევე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

„მოვუწოდებთ პარტია ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე მოვუწოდებთ სამთავრობო მედიებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში მონაწილეობა და მოხსნან ეთერიდან აღნიშნული ვიდეორგოლები”, - ნათქვამია განცხადებაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა