აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით დღეს პირველი სხდომა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
"დღეს პირველი მთავრობის სხდომა არის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჩემდამი გამოცხადებული ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივია დავიკავო ის პოზიცია, რომელი პოზიციაც ერთ დროს ეკავა ბატონ ჟიული შარტავას, ბატონ თამაზ ნადარეიშვილს. მათი აუხდენელი ოცნება, რომ ენახათ გაერთიანებული საქართველო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ახდება და ჩვენ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გაერთიანებას და ერთად შევაღებთ ევროკავშირის კარებს, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდებით. ვეცდები, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანო ამ პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. თავმჯდომარემ ბრძანება გასცა - მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.