ეს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის რაღაც ახალი სტანდარტია, როგორც ჩანს - ეს ფაქტი მეტყველებს თავად მიმწვევი პირის [აშშ-ის] დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი სალაპარაკო თემა "წყალწაღებული ოპოზიციისთვის".
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამერიკულ მხარეს ასეთი ნაბიჯის გადადგმაც კი მოუწია და „ამ ისტორიულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას სალაპარაკო თემა მისცეს“.
„ეს ფაქტი მეტყველებს თავად მიმწვევი პირის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ მიგიწვიოთ თავისთან სახლში და შემდგომ უარი გითხრათ. ეს ქართველისთვის ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ეს მეტყველებს პირველ რიგში, მიმწვევის დამოკიდებულებაზე არა კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, არამედ, ჩვენი საზოგადოების მიმართ. ეს მე ვფიქრობ, რომ არის შეურაცხყოფა ასევე ქართველი ხალხის. იმ ხალხის, ვინც აირჩია ეს ხელისუფლება. ეს არის ასევე იმ ღირებულების შეურაცხყოფა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს. ეს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის რაღაც ახალი სტანდარტია, როგორც ჩანს. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვუყურებთ და ჩვენ ხელის გულზე გვიდევს დამოკიდებულება, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებენ თავს და ოკუპირებულ ქვეყანასთან მიმართებაში, ჯერ გიწვევენ, თუმცა, არ გეპატიჟებიან შემდგომ. ეს არის რაღაცა კიდევ ერთი სალაპარაკო თემა წყალწაღებული ოპოზიციისთვის. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმაც კი მოუწიათ, რომ ამ ისტორიულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას სალაპარაკო თემა მისცეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.