საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ენების ევროპულ დღესთან“ (European Day of Languages) დაკავშირებით, მოწოდებით - „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ“ - საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კვირეულების გახსნა დააანონსა და აღნიშნული ციკლური ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სტუ-თან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, ცენტრის მკვლევრები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განცხადებით, 26 სექტემბერს, „ენების ევროპულ დღეს“, ევროპის საბჭო ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი სლოგანით - „ენები მშვიდობისთვის“ (Languages for Peace) აღნიშნავს. თამარ ლომინაძის თქმით, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები დგანან ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, ხოლო მკვლევრები აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ერთიანდებიან.
„21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები და ერები კიდევ ერთხელ დადგნენ თავიანთი ენებისთვის ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობის წინაშე. გამოწვევა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვისაც, სადაც ორი სახელმწიფო ენაა - ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს. პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭო, სლოგანით - „ენები მშვიდობისათვის“, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს და ყურადღებას ამახვილებს ენების სამშვიდობო მისიაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“, რომლის ეგიდით, 2020 წლიდან, ჩვენს უნივერსიტეტში ქართული და აფხაზური ენების დღეებს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მიეძღვნა, მოწოდებით - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში“. კვირეულები მნიშვნელოვანი ციკლური ღონისძიებაა და ის გაიხსნება მოხსენებით, რომელსაც საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე წარმოადგენს. ვფიქრობთ, მოხსენებაც და კვირეულებიც განსაკუთრებით საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის აღმოჩნდება“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ღონისძიების მონაწილეთა დიდი დაინტერესება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორის, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის, პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის მოხსენებამ გამოიწვია.
თავის მოხსენებაში - „ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობები და საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები“ - მან ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან. როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება არსებითად ეხმიანება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.
კონსტანტინე ფხაკაძის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საქართველოს მთავარი სახელმწიფო ენა - ქართული და, ასევე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ციფრული კვდომის საფრთხის ქვეშ მყოფ ენათა შორისაა მთელ რიგ სხვა ევროპულ ენებთან ერთად.
„ჩვენი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვა, რაც ითხოვს სწავლის უნარებით აღჭურვილი ქართული და აფხაზური ენების თითქმის სრულყოფილად მცოდნე ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების - ტექნოლოგიური ანბანების შემუშავებას, რის გარეშეც ვერ მოხერხდება მომავლის ციფრულ სამყაროში თვითმყოფადი ქართული და აფხაზური ენებისა და კულტურების ვერც დაცვა-შენარჩუნება და ვერც განვითარება. უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა გამოწვევის დაძლევის პროცესში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით გამართულ „მომავლის სამიტზე“ თავის გამოსვლაში აღნიშნა, „ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, გლობალურმა ციფრულმა შეთანხმებამ უნდა ითამაშოს საგზაო რუკის როლი ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის ფორმირებაში“. ასევე, პრემიერის ადრინდელი განცხადებით, „დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია“. გარდა ამისა, პრემიერმა სამიტზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „გლობალურ ციფრულ შეთანხმებას ენიჭება საკვანძო როლი უახლესი ტექნოლოგიების უპირატესობების ფართო გამოყენებასა და საინტერნეტო და არასაინტერნეტო სივრცეებში ადამიანის უფლებების დაცვაში“. ამგვარად, ბატონი ირაკლი კობახიძის ამ მეტად მნიშვნელოვან სიტყვაში ხაზგასმულია „ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის“ ფორმირების საკითხი, რაც არსებითად ეხმიანება ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე გამოწვევებს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფხაკაძემ.
საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებით, კონსტანტინე ფხაკაძემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი „სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ ბაზაზე დაფუძნდება და ცენტრში მოქმედი ორი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში - „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ - იმუშავებს. ინსტიტუტში იფუნქციონირებს ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილება და ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია.
მისივე თქმით, სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით, ასევე, სახელმწიფო ენის ერთიანი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დაგეგმილია ფაკულტეტთაშორისი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამების - „ციფრული ჰუმანიტარია და გამოთვლითი ლინგვისტიკა“ დაფუძნება-ამოქმედება.
მოხსენების დასრულების შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა კონსტანტინე ფხაკაძემ სტუდენტებისა და კოლეგების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
სტუ-ის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების“ ფარგლებში, სტუ-თან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“ გეგმავს ერთი თვის განმავლობაში, სადისკუსიო რეჟიმში გამართოს ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მოწინავე უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ციკლური ღონისძიება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი კვირეულით დასრულდება.