“არასწორი ხუმრობა” თუ დისკრიმინაცია? - სარკასტულ ვიდეოს პროტესტი და ბოდიში მოჰყვა
დავით ზარდიაშვილი - “მათ არც არჩევნებით აქვთ წარმატების შანსი და არც რევოლუციის რესურსი გააჩნიათ”
“დიღმის მასივში შემომავალმა ტრამვაიმ ავტობუსის ზოლში უნდა იმოძრაოს, თორემ თბილისის შემოსასვლელი გაიჭედება...”
* * *
“არასწორი ხუმრობა” თუ დისკრიმინაცია? - სარკასტულ ვიდეოს პროტესტი და ბოდიში მოჰყვა
“იუმორისტულ გადაცემაში “ისაუბრე” პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გაკეთებულმა სარკასტულმა კომენტარმა სკანდალი გამოიწვია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, ეტლით მოსარგებლე დეპუტატის რატი იონათამიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა. უფლებადამცველები მომხდარს შშმ პირთა დისკრიმინაციად და სტიგმის გაძლიერებად აფასებენ, თავად ცხადაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ “არასწორი ხუმრობა” და არა ბულინგი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “არასწორი ხუმრობა” თუ დისკრიმინაცია? - სანდრო ცხადაძის სარკასტულ ვიდეოს შშმ პირთა უფლებადამცველების პროტესტი და ბოდიში მოჰყვა.
“სანდრო ცხადაძე იუმორისტულ გადაცემაში “ისაუბრე” საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მომხდარი ჩხუბი “თანაბარ ბრძოლად” შეაფასა. “იყო ჩხუბი... აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში, ამათი მხრიდან - არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში”, - თქვა ცხადაძემ ჩანაწერში. სანდრო ცხადაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს იყო არასწორი ხუმრობა: “არასწორი ხუმრობა” იყო ამ სოციუმისა და ჩემი მდგომარეობისთვის. შშმ პირების ბულინგი ნამდვილად არ იყო, თავისიანებმა ხელი ჰკრეს რატი იონათამიშვილს, ვიდეოშიც ჩანს, საშინელება მოაწყვეს და ახლა ამ არაფრისმომცემ ხუმრობაზე საუბრობენ”. სანდრო ცხადაძე ბოდიშს უხდის იმ შშმ პირებს, რომლებსაც ეს ეწყინათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყველა შშმ პირთან ვიხდი ბოდიშს, თუ ვინმეს ეწყინა, მამაჩემიც კოჭლობდა, შშმ პირის პენსია ჰქონდა და კი გადაჰყვა ამდენ ნერვიულობას. ათობით შშმ პირს დავხმარებივარ ჩემი სამედიცინო კარიერის დროს, ჭკუას ვისწავლი აუცილებლად და ბოლოს და ბოლოს, დავიჯერებ, სად ვცხოვრობთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ცხადაძე. კოალიციის “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” შშმ პირთა უფლებადამცველი თინათინ რევაზაშვილი რატი იონათამიშვილის მისამართით სოციალური ქსელში გავრცელებულ ცინიკურ ვიდეომიმართვას ეხმაურება, გმობს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეურაცხყოფისა და დაცინვის შესანიღბად”, - განაგრძობს გამოცემა.
“არა მარტო ის, რომ ფაქტობრივი უზუსტობაა ამ პატარა ვიდეოში, რადგან რატი საერთოდ არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში, თვითონ რესპონდენტი მოიხსენიებს ეტლით მოსარგებლე პარლამენტარს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტონით. ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, რომ შშმ პირთა დაცინვითა და დისკრიმინაციული ტონით მოხსენიებით რაღაც ინიღბება აზრის გამოხატვის თავისუფლების სახელით... ეს ცდება ყველა საზღვარს და ქმნის განწყობას, რომ მსგავსი რამ მისაღებია შშმ პირის მიმართ”, - ამბობს თინათინ რევაზაშვილი. “დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება” - ასე აფასებენ “ქართულ ოცნებაში” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოს”, - დასძენს გამოცემა.
დავით ზარდიაშვილი - “მათ არც არჩევნებით აქვთ წარმატების შანსი და არც რევოლუციის რესურსი გააჩნიათ”
“ახალი არაფერი ხდება, ეგ დაპირისპირება იმთავითვე იყო ნათელი, როცა “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა. რასაკვირველია, არჩევნების წინ არის შიდა კონკურენცია და ცდილობენ მეტი გავლენა მოიპოვონ ამ ოპოზიციურ ამომრჩეველში. აქედან გამომდინარე, უპირისპირდებიან ერთმანეთს. მათ საკუთარი რესურსი არაფერი აქვთ, არც პოლიტიკური კაპიტალი, არც მატერიალური შესაძლებლობები იმდენად და რასაკვირველია, ერთმანეთის კონკურენტები არიან. პრინციპში ეგ არის მთელი ფილოსოფია. მათი გაერთიანებისაც, დაშლისაც და ასე ვთქვათ, საქმიანობისაც ბრჭყალებში, რადგან ეგ კლიენტელური გაერთიანებაა, სოციოლოგიურად მას კლიენტელა ჰქვია, ანუ პატრონის გარშემომ სარგებლის მოლოდინში შემოკრებილი პუბლიკა”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “მათ არც არჩევნებით აქვთ წარმატების შანსი და არც რევოლუციის რესურსი გააჩნიათ” - დავით ზარდიაშვილი.
“არც ერთი არ არის ლიდერი. აბა, ნახეთ ერთი თითოეულ მათგანს რა რეიტინგი აქვს, გაზომეთ ეს თუ გინდათ მიღებული ხმების რაოდენობით და თუ გინდათ სხვა სოციალური კვლევებით. რასაკვირველია, ჰყავთ შიდა მოხმარების აუდიტორია, რაღაც გარკვეული პუბლიკა, სადაც მათი ნარატივები ჭრის. მათი მხარდამჭერების რაოდენობა სადღაც 15-20%-მდე იქნება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ლიდერი ძალიან ხმამაღალი სიტყვაა ან ვის მიერ არის აღიარებული ლიდერად სალომე ზურაბიშვილი? რასაკვირველია დანიშნული ლიდერია, დასავლეთიდან იმასაც კი ამბობენ, რომ არის პრეზიდენტი, რაც, რა თქმა უნდა აბსურდია... მათი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე არის ნულის ტოლი. ესენი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ, მაგრამ საქართველოში გარკვეულ დაძაბულობას ინარჩუნებენ”, -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
“ოპოზიციაში დაპირისპირება არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გარშემო, ეს არის ხმაურისთვის ატეხილი ვითომ დისკუსია. სინამდვილეში მათ არც არჩევნებით აქვთ რამე წარმატების შანსი და მით უმეტეს, არც არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, რომ რევოლუცია მოაწყონ. ეს გამოჩნდა, ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო, რომ არ აქვთ მხარდაჭერა მოსახლეობაში. მათი სოციალური წონაც არის ძალიან უმნიშვნელო. არავითარი რეალური სარგებლის მოტანა არავისთვის არ შეუძლიათ, გარდა საკუთარი თავისა”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ახალ პარტიებს როგორც უყურებთ? რა პერსპექტივა აქვთ ვიქტორ ყიფიანს ან სხვების პარტიებს?” - პასუხობს:
“არავითარი განსხვავება აქ არ არის. ისიც ცდილობს, რომ ამ პუბლიკაში თავისი ადგილი, ნიშა მონახოს, ვინმე პატრონი იშოვოს და მიებას მას ჯაჭვით. დიდ განსხვავებას ყიფიანის პარტიასა “ნაცებს” შორის ვერ ვხედავ. თან მისი განვლილი გზაც არ იძლევა ამის იმედს. ეს პარტია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა”.
“დიღმის მასივში შემომავალმა ტრამვაიმ ავტობუსის ზოლში უნდა იმოძრაოს, თორემ თბილისის შემოსასვლელი გაიჭედება...”
“უკვე გადაწყვეტილია, რომ დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტროსადგურ “დიდუბესთან” ტრამვაი დააკავშირებს. ტენდერში, რომელიც თბილისის მერიამ გამოაცხადა ტრამვაის დაპროექტება-მშენებლობაზე, თურქულმა კომპანია “ემრე რეიმ” გაიმარჯვა. ახლა საინტერესოა, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი რეალურად განტვირთავს მოძრაობას, თუ პირიქით, საცობს შექმნის? სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ ტრამვაი ავტობუსთან ერთად იმოძრავებს ერთ ზოლში (ბასლაინში), არავითარი საცობი არ შეიქმნება. გარდა ამისა, ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, რომ ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. პროექტს, რომლის სავარაუდო ღირებულება 516,6 მილიონი ლარია კომპანია “ემრე რეი” განახორციელებს და ის 287,6 მლნ ლარის სამუშაოებს შეასრულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დიღმის მასივში შემომავალმა ტრამვაიმ ავტობუსის ზოლში უნდა იმოძრაოს, თორემ თბილისის შემოსასვლელი გაიჭედება / “თუ რობაქიძის გამზირზე ცალკე გზა უნდა გაკეთდეს ტრამვაისთვის და ამისთვის საავტომობილო გზა შევიწროვდეს, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს”.
“ცნობილია ტრამვაის ხაზის მარშრუტი - დიდი დიღმიდან (მირიან მეფის ქუჩა, აღმაშენებლის ხეივანი) მეტროსადგურ “დიდუბემდე”. ტრამვაის 7,5-კილომეტრიან ხაზზე მოეწყობა 11 სამგზავრო გაჩერება და სადეპო მეურნეობა. ხაზზე იმოძრავებს 10 ტრამვაი, თითოეული 300 მგზავრის ტევადობით. კახა კალაძის განცხადებით, პროექტი შედგება 3 ეტაპისგან ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ვადაა 36 თვე, ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი 4 წლის განმავლობაში. “რეზონანსი” დაინტერესდა, განტვირთავს თუ არა ახალი ხაზი გადატვირთულ მოძრაობას დედაქალაქის ამ ნაწილში, რაც მთავარია, არის თუ არა ტრამვაი საცობის რეალური ალტერნატივა? საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე თვლის, რელსიანი ტრანსპორტი ძალიან კარგ საშულებად ითვლება, რადგან დამოუკიდებელი გზა აქვს. იგივე მოსაზრება აქვს ასოციაციის “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელ გიორგი ჯაფარიძეს, რომლის თქმით რელსიანი ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რელსიანი ტრანსპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა აქ არის ერთი მაგრამ... პირველ რიგში ის, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მეორეც - ვიდრე ტრამვაის ხაზის პროექტი დასულდება, ის მშენებლობებიც დამთავრდება, რომლებიც ახლა მიმდინარეობს დიდი დიღმის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ ხაზს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ექნება... მერია უნდა ჩამოყალიბდეს რა მიმართულებით მიდის - ერთი მხრივ ამბობენ, რომ სურთ ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვან და ამიტომ ხელოვნურად ქმნიან საცობებს და მეორე მხრივ ამბობენ, რომ ტრამვაის აკეთებენ, რომელიც საცობებს განმუხტავს. მაინტერესებს პასუხი - საცობების განმუხტვისთვის ვაკეთებთ ტრამვაის, თუ ვაკეთებთ ტრამვაის და ვაუარესებთ მოძრაობას? ეს კითხვა აწუხებს საზოგადოებას, თორემ მე მიმაჩნია, რომ რელსიანი ტრანსპორტი კარგია იმისთვის, რომ სატრანსპორტო ქსელი ნაკლებად გადატვირთული იყოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლურ მელაძე.
“თუ ტრამვაის ხაზი გაკეთდება ავტობუსის ზოლზე და რევერსული მოძრაობა იქნება, ანუ ავტობუსსაც შეეძლება სიარული და ტრამვაის ზოლს გამოიყენებს, რა თქმა უნდა, საცობების პრობლემა არ შეიქმნება. თუ ცალკე გზა უნდა გაკეთდეს და ამისთვის საავტომობილო გზა შევიწროვდეს, ცხადია, საცობების გამომწვევი მიზეზი გახდება. ლოგიკურად ტრამვაის ხაზი ავტობუსის ზოლზე უნდა გაკეთდეს. ზოგადად, მივესალმები ტრამვაის, რომელიც ეკოლოგიური ტრანსპორტია და კარგი იქნება მთელ ქალაქში იყოს... ტრამვაი ძალიან კარგია, თუმცა ყველაზე ოპტიმალურია მიწიქვეშა და მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ჯაფარიძე.