ილია დარჩიაშვილი ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე - ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული - საქართველოს ხელისუფლება  ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის

საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, სტრატეგიულ ­პარტნიორთან ჰქონდეს ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა.

მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე და გადაწყვეტილებაზე წუხილი გამოთქვა, ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას".

მინისტრ დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის.

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგის და დღესაც იგივე პოზიციას ვინარჩუნებთ მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, რომ გვქონდეს ღია დისკუსია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა. არსებობს საკითხები, როდესაც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები ზოგადად და დიალოგი, პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით, როდესაც არის ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ ამისთვის კვლავ გამოვხატავთ მზაობას რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე. თუმცა, საქართველოში, ვწუხვარ, რომ ზოგიერთი მედია საშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებით, რომელიც არის ჟურნალისტიკაში. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ამას ეფექტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ზიანდება ქვეყნის ინტერესები.

ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებმა, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგი არის ერთადერთი გზა, განსაკუთრებით დიპლომატიაში საუბარი, ურთიერთობებში არსებული საკითხების განხილვას არ აქვს არანაირი ალტერნატივა”, -განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება